Google Performance Max სარეკლამო პროდუქტში გენერაციული AI-ის ფუნქციებს ამატებს. ახლა კი ტექნოლოგიური გიგანტის ხელმძღვანელები დეტალურად გვიყვებიან, როგორ ჩაიარა ადრეულმა ექსპერიმენტებმა და რა მოლოდინები ჰქონდათ…
„ჩვენი მომხმარებლებისგან გავიგეთ, რომ ჯვარედინი კამპანიების შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის საკმაოდ რთული იყო აქტივების შექმნა, გატესტვა და მასშტაბირება. ამიტომ, ახლა პროცესის გამარტივება დავისახეთ მიზნად, იმის გამოსწორება, რაც წარსულში ასეთი დიდი ტკივილი იყო მათთვის“, — აცხადებს ამანდა სილვერნეილი, Google-ის პროდუქტების გლობალური ხელმძღვანელი.
Performance Max პირველად 2021 წელს ჩაუშვეს და ასე პირველი AI ხელსაწყო წარმოგვიდგინეს, რომელიც Google Ads-ის ყველა ნაწილში შეგვეძლო, გამოგვეყენებინა. ამის შემდეგ კი კომპანია გამუდმებით მის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
„მარკეტერები Performance Max-ს მიმართავენ, რათა გაეცნონ მომხმარებელთა ტრენდებს და მისწვდნენ მათ საჭირო დროს. ასე რეკლამის განმთავსებლები სარეკლამო ბაზრის დინამიკას ეცნობიან. ისინი დიდ სარგებელს იღებენ Performance Max-ის მსგავსი სივრცეებიდან და მას რთულ დროს ROI-ის მაქსიმალიზაციისთვის იყენებენ“, — განმარტავს ბრენდონ კრაგამი, Google Ads-ის ძიებისა და კომერციის ვიცე-პრეზიდენტი.
2022 წელს სადღესასწაულო სეზონზე მყიდველთა 54%-მა 2 დღეში 5 ან მეტი არხი გამოიყენა საყიდლებისთვის… Google-ისთვის კი ეს იმის მინიშნება იყო, რომ რეკლამის განმთავსებლებს სჭირდებოდათ მრავალი არხისთვის აქტივების სწრაფად და მარტივად გენერირება. ახლა კი უახლესი ფუნქციებით ეს მარტივად შესაძლებელი ხდება — Google შექმნის ნებისმიერ აქტივს, რომელიც დაგჭირდებათ, იქნება ეს სასურველი გვერდის URL, ცალკეული სურათებისა თუ ტექსტების აქტივები. თანაც რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ, მარტივად ნახონ და დაარედაქტირონ AI-ის მიერ დასახელებული აქტივები, რაც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სურათებსაც, თუმცა იმის გარანტიით, რომ Google არასდროს შემოგთავაზებთ ორ იდენტურ სურათს.
როგორც გავიგეთ, ზემოთ განხილული AI ფუნქციები ამერიკაში ბეტა რეჟიმში უკვე ხელმისაწვდომი იქნება და, თუ მის ადრეულ მომხმარებლებს დავუჯერებთ, ეს ხელსაწყოები მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში ეხმარება. ამასთან, საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად გამოცადონ შემოქმედებითი იდეები და კონცეფციები მანამ, სანამ მათ თავიანთ კამპანიებში გააცოცხლებენ.
რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, AI-ის მიერ გენერირებულ ყველა სურათზე შესაბამისი ნიშანი იქნება დატანილი. ამასთან, გუგლში აცხადებენ, რომ „ჩვენი მოდელები ყოველთვის უმჯობესდება ხარისხისა და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ მიერ გენერირებული ყველა აქტივი გადის სტანდარტული რეკლამის განხილვის პროცესებს და ჩვენს პოლიტიკასაც ექვემდებარება“.