Google-მა Google Photos-ში ახალი ფუნქცია Video Remix, წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს ვიდეოების რამდენიმე წამში რედაქტირებისა და ვიზუალურად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. ახალი ინსტრუმენტი Gemini Omni-ზეა დაფუძნებული – Google-ის უახლეს AI-მოდელზე, რომელსაც სხვადასხვა ტიპის კონტენტის შექმნა შეუძლია.
ეს სიახლე Google-ის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების საკუთარ სერვისებში ინტეგრირებაა. კომპანია ამ მიმართულებით Apple-ს, OpenAI-სა და Adobe-ს უწევს კონკურენციას და ცდილობს, მომხმარებლებს ვიდეოების დამუშავებისთვის დამატებითი პროგრამების გამოყენება აღარ დასჭირდეთ.
რა შეუძლია Video Remix-ს
Video Remix ხელმისაწვდომი იქნება Google Photos-ის “Create” ჩანართში. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეეძლებათ:
- გაანათონ ბნელი ვიდეოები კინემატოგრაფიული განათების ეფექტით;
- შეცვალონ ვიდეოს ფონი;
- დაამატონ სხვადასხვა მხატვრული ეფექტი, მათ შორის აკვარელის, ფანქრის ჩანახატისა და ზეთის საღებავის სტილები.
მაგალითად, შესაძლებელია ვიდეო ისე დამუშავდეს, თითქოს სათბურშია გადაღებული, დილის რბილი განათება დაემატოს ან მთლიანად აკვარელის ნამუშევარს დაემსგავსოს.
Google-ის განცხადებით, „ლამაზი ვიდეოების შექმნა პროფესიულ უნარებსა და საათობით მონტაჟს აღარ საჭიროებს – Video Remix ჩვეულებრივ ვიდეოებს რამდენიმე შეხებით სოციალურ ქსელში გასაზიარებელ კონტენტად აქცევს”.
სად იქნება ხელმისაწვდომი ფუნქცია
Video Remix-ის ეტაპობრივი გავრცელება უკვე დაიწყო. თავდაპირველად ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება Google AI Plus, Pro და Ultra პაკეტების გამომწერებისთვის.
Google Photos AI-შესაძლებლობებს აფართოებს
Video Remix Google Photos-ში დამატებული AI-ფუნქციების სერიის ნაწილია. ცოტა ხნის წინ აპლიკაციას დაემატა ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას იძლევა მცირე ვიზუალური კორექტირებები შესრულდეს, მაგალითად, კანის მცირე ნაკლოვანებების მოცილება, ტექსტურის გაუმჯობესება, თვალების გამოკვეთა და კბილების გათეთრება.
Google-მა ასევე წარადგინა AI-ფუნქცია, რომელიც ტანსაცმლის ფოტოებს „ციფრულ გარდერობად” აქცევს. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ახალი სამოსის კომბინაციები შექმნან და ვირტუალურად მოირგონ სხვადასხვა ჩაცმულობა.














