in

Google-ის პირველი საცალო მაღაზია დღეს გაიხსნა!

რას უნდა ელოდნენ მომხმარებლები მაღაზიაში შესვლისას?

veon
veon

მაშ ასე, Google-მა დღეს, 17 ივნისს, ნიუ იორკში თავისი პირველი პერმანენტული საცალო მაღაზია გახსნა, რომელიც ძალიან ბევრ სიურპრიზს გვპირდება. აქ მომხმარებლები არა მხოლოდ კომპანიის მოწყობილობების შეძენას, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის მიღებას და ახალი ტექნოლოგიების შემოწმებასაც შეძლებენ.

ნივთების შეძენა

ალბათ, გაინტერესებთ, მაღაზიაში რისი შეძენა იქნება შესაძლებელი, გარდა Pixel ტელეფონების, Nest დინამიკების, ეკრანების, კამერებისა და Fitbit საათებისა… როგორც ცნობილია, მომხმარებლები აქ იხილავენ მესამე მხარის აქსესუარებს, როგორიცაა ტელეფონის კორპუსები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები. ამასთანავე, მაღაზიაში იქნება ბრენდირებული საქონელი, როგორიცაა მაისურები, ქუდები, ძაღლების სათამაშოები და კალათბურთის ბურთები.

ასევე, მაღაზიაში სალარო აპარატები არ იქნება – მომხმარებელი მაღაზიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუკავშირდება, რომელსაც ოპერაციის დასამუშავებლად სრულად ფუნქციონალური მოწყობილობა ექნება. თუ უკვე Google-ის მომხმარებელი ხართ, ალბათ, უფრო ადვილი იქნება გადახდა, რადგან როგორც კომპანია აცხადებს, მას ონლაინ მაღაზიის გამოცდილება ფიზიკურთან მჭიდროდ ინტეგრირებული აქვს.

მოწყობილობების შეკეთება

თუ მომხმარებელს გატეხილი მობილურის ეკრანის შეკეთება სურს, დახმარებას მაღაზიაში გაუწევენ. Apple Genius Bar-ის მსგავსად, მოწყობილობების შეკეთება ადგილზევე ხდება, პროცესის ხანგრძლივობა კი არსებულ პრობლემაზეა დამოკიდებული.

“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, სწრაფად მოვაგვაროთ პრობლემა. და თუ უფრო დიდი დრო იქნა საჭირო, მომხმარებელი ნივთს დატოვებს და შეკეთებისთანავე შეტყობინებას მიიღებს” – აცხადებს ტექნიკური გიგანტი.

ახალი ტექნიკის შემოწმება

მთავარ შესასვლელთან “17 მეტრის სიმაღლის მრგვალი მინის კონსტრუქციაა”, რომელსაც კომპანია Imagination Space-ს უწოდებს. მასში მბრუნავი ექსპონატის სახით საუკეთესო პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. თანაც, Google Translate-ისა და მანქანური სწავლების სინთეზით შემუშავებული ტექნოლოგიის დახმარებით, ამ სივრცეში ნათქვამი ყოველი სიტყვა ავტომატურად ითარგმნება 24 ენაზე.

გარდა ამისა, მაღაზიაში არის რამდენიმე ე. წ. Sandbox და Discovery Box. ეს უკანასკნელი მოჩარჩოებული ყუთებია, გამჭვირვალე LED ეკრანებით.

რაც შეეხება Sandbox-ს, მაღაზიაში სულ სამი მათგანია განტავსებული – პირველი იმიტირებული მისაღები ოთახია; მეორე – ინსტაგრამზე მორგებული მსუბუქი ინსტალაციების და Pixel-ის მობილურის მქონე ოთახი, სადაც ფოტოების გადაღება და საკუთარი თავისთვის გაგზავნაა შესაძლებელი; ხოლო მესამე გასართობი ოთახია, სადაც კედლებზე რამდენიმე დიდი მონიტორია დამონტაჟებული და მომხმარებლებს თამაშის საშუალება ეძლევათ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ცალკეული სივრცე გამოყო სემინარებისთვის, სადაც რეგულარული ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. და, რა თქმა უნდა, აქ სრულად გათვალისწინებული იქნება კოვიდ-რეგულაციები.

ფეხბურთის ლეგენდის საჩუქარი ჭადრაკის ლეგენდას!

Body Shop-ის 5 საზაფხულო პროდუქტი, კანის მეტი ბზინვარებისთვის