მიუხედავად იმისა, რომ Google Pixel 10-ის სერიის ოფიციალურ პრეზენტაციამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, კომპანიამ უკვე გაგვიზიარა Pixel 10 Pro-ს პირველი ოფიციალური კადრები მოკლე თიზერში.
Google Store-ზე განთავსებულ ვიდეოში ვხედავთ მინიშნებას რიცხვ „10″-ზე, რის შემდეგაც ჩნდება მოწყობილობის უკანა მხარე და მარჯვენა პროფილი. საინტერესოა, რომ კომპანიამ გადაწყვიტა ოფიციალურად ეჩვენებინა ის, რაც ინფორმაციაც ინტერნეტში უკვე გამოჩნდა – შესაძლოა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა Google-მა თავად აეღო ინიციატივა ხელში.
დიზაინის მხრივ, ახალი ფლაგმანი ინარჩუნებს Pixel 9 Pro-ს ძირითად შტრიხებს, თუმცა ვხედავთ სამი ობიექტივისგან შემდგარ კამერას ამაღლებულ პლატფორმაზე, რომელსაც მარჯვნივ ფლეში და, სავარაუდოდ, ტემპერატურის სენსორი ამშვენებს. მოწყობილობის შუა ნაწილში ტრადიციულად განთავსებულია Google-ის ლოგო, ხოლო მეტალის მარჯვენა კიდეზე ჩართვისა და ხმის ღილაკებია.
![]()
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ახალი ფერი, რომელიც თიზერ ვიდეოში გამოჩნდა – ეს არის ვერცხლისფერი ცისფერი ელფერით, რომელსაც სავარაუდოდ “Moonstone” დაერქმევა. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ ფერთა პალიტრიდან, რომელიც Google-ს ახალი სერიისთვის აქვს მომზადებული.
Android Headlines-მა ასევე გამოაქვეყნა სტანდარტული Pixel 10-ის ოფიციალური რენდერები ოთხ ფერში, რომლებშიც ტელეფონი გაიყიდება: Obsidian (შავი), Indigo (ლურჯი), Frost (თეთრი) და Limoncello (ყვითელი). ფერთა ამ გამაში Indigo და Limoncello განსაკუთრებით ხასხასა და მკვეთრია, მაშინ როცა Obsidian და Frost უფრო კლასიკური და დახვეწილი ტონებია.
კამერების მხრივ, წლევანდელი სტანდარტული Pixel 10 მნიშვნელოვან განახლებას მიიღებს – წინა მოდელისგან განსხვავებით, მას უკვე სამი კამერა ექნება. Android Headlines-ისა და სხვა წყაროების ინფორმაციით, მთავარი სენსორი 48MP-იანი იქნება, ულტრა-ფართოკუთხიანი – 12MP, ხოლო ახლად დამატებული ტელეფოტო ობიექტივი – 10.8MP. როგორც ჩანს, Google-მა მთავარ და ულტრა-ფართოკუთხიან სენსორებში მეგაპიქსელების რაოდენობა შეამცირა, რათა მესამე ობიექტივის დამატების მიუხედავად, ტელეფონის ფასი კონკურენტუნარიანი დარჩეს.
Google-ის მიერ 20 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებაზე სრულად გავიცნობთ არა მხოლოდ Pixel 10-სა და Pixel 10 Pro-ს, არამედ Pixel 10 Pro XL-სა და Pixel 10 Pro Fold-საც. მაშასადამე, მოგვიწევს კიდევ რამდენიმე კვირა ლოდინი, სანამ ამ საინტერესო მოწყობილობების შესახებ ყველა დეტალს შევიტყობთ.
წყარო: techradar











