გუგლი მხოლოდ Pixel 10-ზე კი არ გვესაუბრება, არამედ ეფლსაც აკრიტიკებს. მომავალი მოწყობილობის შესახებ ახლად გამოშვებული 30-წამიანი რეკლამა უბრალოდ დახვეწილ ვიზუალსა და სხვა მახასიათებლებზე გვესაუბრება, თუმცა ამასთან, საკმაოდ დახვეწილი გზით აკრიტიკებს ეფლს. თუნდაც იმის გამო, რომ განახლებული Siri-ის ფუნქციები დაუგვიანდა — ერთ წელზე მეტი ხნის წინ WWDC 2024-ზე გამოაცხადა, თუმცა ჯერაც არაფერი ისმის…
ამგვარად, რეკლამა შემდეგი ხმით იწყება:
„თუ ახალ ტელეფონს იყიდი ფუნქციის გამო, რომელიც მალე გამოვა, მაგრამ ეს მალე გამოსვლა ერთი წელი გასტანს, „მალეს“ თქვენეული განმარტება უნდა შეცვალოთ ან უბრალოდ თქვენი ტელეფონი“.
დიახ, რეკლამა საკმაოდ ირონიულია, რასაც ფონად Dr. Dre-ს The Next Episode გასდევს — შემთხვევითი არჩევანი არც ეს გეგონოთ, ეფლმა რომ Beats შეიძინა, ამაზე მიგვანიშნებს და ირიბად გვეუბნება, რომ გუგლი მზადაა შეავსოს ის საკითხები, რომლებშიც Siri მოიკოჭლებს.
Apple-ის AI-ით გაუმჯობესებული Siri-ის განახლებები პერსონალურ კონტექსტს, გაუმჯობესებულ ცნობადობასა და აპლიკაციებს შორის გადართვას iOS 18.4-ში გვპირდებოდა, თუმცა ეს ახლა 2026 წლამდე გადაიდო. პარალელურად კი, Google-ის Gemini AI უკვე მუშაობს Pixel მოწყობილობებზე და ისეთ ხელსაწყოებს გთავაზობთ, როგორებიცაა Circle to Search, Pixel Screenshots და სხვები. სწორედ ეს აძლევთ ირონიულობის საფუძველს.
დროც შესანიშნავად შეარჩიეს — Pixel 10-ის ახალი მოწყობილობა 20 აგვისტოს გამოდის, მანამ, სანამ, სავარაუდოდ, ეფლი iPhone 17-ს წარადგენს, გუგლი კი ცდილობს, ყურადღება მანამ მიიპყროს, სანამ სცენაზე თავისი კონკურენტი დააპირებს ასვლას.













