Pixel-ის ტელეფონისა თუ Pixel Watch-ის მოყვარულებისთვის Google-ს საოცარი სიახლეები აქვს — დაწყებული ფოტოების გადაღების მარტივი პროცესით, დამთავრებული მეტად „დაჭკვიანებული მეგობრით“ თქვენს მაჯაზე…
ახლა კი პირდაპირ ფუნქციებზე გადავინაცვლოთ — სურათის გადაღების ახალი რეჟიმი, შეხების გარეშე, უბრალოდ ხელის დაქნევით მოგცემთ კადრის დაფიქსირების საშუალებას. გამოდის, ასე მომხმარებლებს შეუძლიათ, ტაიმერებსა და ფოტოს გადაღების უცნაურ მანევრებსაც დაემშვიდობონ. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ Pixel 6-ს ან უფრო ახალ მოდელებს ფლობენ.
კიდევ ერთი სიახლე Macro Focus-ის ლინზაა, მის არსს კი სახელიდანაც მარტივად მიხვდებით — Google-ის ტელეფონებით უკვე მეტად ახლო კადრების აღბეჭდვაც შესაძლებელი იქნება. ჩვეულებრივ, 2D სურათების 3D-ში გარდაქმნა შეიძლება, რაც მთავარ ეკრანს მეტად დინამიკურ ფენას მატებს. მომხმარებლებს ემოჯების დაყენებაც კი შეეძლებათ.
განახლებების დროს Google-ს არც უსაფრთხოების საკითხები დავიწყებია — ახალი Safety Check ფუნქცია, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შემოწმებები კონკრეტული ხანგრძლივობით გააკეთონ, 15 წუთიდან 8 საათამდე. ხოლო როცა დრო ამოიწურება, ამის შესახებ მათ წინასწარ მონიშნულ კონტაქტებს ეცნობებათ. Google Assistant მომხმარებელს ვარიანტებს შესთავაზებს, თავი უსაფრთხო სივრცეში მონიშნონ, გააზიარონ თავიანთი ლოკაცია თუ დარეკონ დახმარების სათხოვნელად. თუმცა ესეც არ არის ყველაფერი — ავტოავარიის დადგენის ფუნქციით შეუძლია უკვე ახლობლებსაც დაუკავშირდეს და არა, მხოლოდ საჭირო დახმარების აღმომჩენ დაწესებულებებს.
აი, რაც შეეხება Pixel Watch-ს, მეტად „დაჭკვიანდაო“ რომ გითხარით… ახლა მოწყობილობა ავტომატურად გაჩერდება, როცა იგრძნობს, რომ მოძრაობა შეწყვიტეთ. ხოლო როგორც კი გააგრძელებთ ვარჯიშს, იგი კვლავ თქვენს პროგრესზე დაკვირვებას შეუდგება. მეტიც, ძილის დროს უკვე წნევასაც გაზომავს და მოგაწვდით ინფორმაციას, მიდის თუ არა ყველაფერი ჯანსაღად… მართალია, ამ დროისთვის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია სრულად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს საკითხი მომდევნო კვირებში მოგვარდება.