in

„Google-ის გეგმა, რომ აკადემიური ხარისხი გაანადგუროს, გენიალურია!“

Google-მა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა მისი სასწავლო სერტიფიკატების შესახებ, რომ კომპანიის პოტენციურ თანამშრომლებს 6-თვიანი კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ, ის მიიღონ და მოთხოვნადი პროფესიებისთვის იმაზე გაცილებით ნაკლებ დროში მოემზადონ, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემთხვევაში მოუწევდათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, წარმატებული სტუდენტები Google Career Certificate-ს მიიღებენ, რომელსაც კომპანია იმავე პოზიციებზე უნივერსიტეტის ოთხწლიანი ხარისხის ტოლფას საბუთად განიხილავს.

კურსის ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ტრადიციული საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად გადახდილ თანხაზე ბევრად ნაკლები იქნება.

გასულ კვირას, inc-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯასტინ ბარისომ საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა, რომ „გუგლი“ კოლეჯის ხარისხის განადგურებას აპირებს“.

სტატიას საკმაოდ მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ადამიანმა გააზიარა დ ამდენივე კომენტარიც ხვდა წილად. ზოგიერთმა ავტორს პერსონალურადაც მისწერა.

როგორც ბარისო ამხელს, უკუკავშირის უმეტესობა პოზიტიური იყო, თუმცა აზრი ზოგიერთმა სკეპტიკურად განწყობილმა პიროვნებამაც გამოხატა.

სწორედ ამიტომ, შემდეგი სტატიაც შემოგვთავაზა იმასთან დაკავშირებით, რატომ არის „გუგლის“ ახალი სერტიფიკატი ასეთი მნიშვნელოვანი და თავის მხრივ, სრულიად გენიალური გადაწყვეტილება:

ჩვენ ჩვენს სასწავლო სერტიფიკატებს ოთხწლიანი ხარისხის ტოლფას დოკუმენტად განვიხილავთ, – განაცხადა კენტ უოლკერმა, გუგლის ვიცეპრეზიდენტმა.

ძველი იდეა, განსხვავებულად შეფუთული
მათ, ვინც ბარისოს სტატიაზე დააკომენტარეს და იწონებდნენ „გუგლის“ ამ გადაწყვეტილებას, იყვნენ პროფესიონალები, თანამშრომლები და ყველაზე უფრო სტუდენტები, რომლებმაც ალტერნატიული გზა დაინახეს მასში, რასაც სხვები ჩამონგრეულ საგანმანათლებლო სისტემას უწოდებდნენ. სისტემას, რომელიც სტუდენტებს, როგორც წესი ვალში ტოვებს და რომლიდანაც რეალურ სამყაროში ინტეგრაციისთვის მომზადებულები საერთოდაც, ვერ გამოდიან.

სიმართლე ისაა, რომ ტრადიციული უმაღლესი განათლება შეიძლება, საჭირო იყოს ზოგიერთი საქმიანობისთვის იმ დროს, როცა სხვებისთვის არც საჭირო იყოს და არც პრაქტიკული. „გუგლის“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არა მხოლოდ იაფია, მას, ასევე, შეუძლია, ადამიანს ნაკლებ დროში უფრო მეტი მოასწრებინოს და გარდა ამისა, ამ მოცემულობას კომპანიის პერსპექტივით თუ შევხედავთ, პოტენციური კადრი ზუსტად იმ პოზიციისთვის საჭირო ცოდნით აღჭურვოს, როგორსაც ეძებს.

რა თქმა უნდა, რასაც „გუგლი“ გვთავაზობს, სულაც არ არის ახალი. ტრენინგები ხომ დიდი ხანია, უკვე არსებობს – ვთქვათ, პროფესიული განათლების კუთხით. თუმცა განსხვავება, ამ შემთხვევაში, ისაა, რომ Google-ს სახელი აქვს და მის სერტიფიკატს სხვა კომპანიებიც მიიღებენ და აღიარებენ, მაგალითად, როგორც პრესტიჟული უნივერსიტეტის მაგისტრანტობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

Google–ის ინიციატივა მნიშვნელოვანია, ასევე, სხვა დამქირავებლებისთვისაც. მაგალითად, ბევრმა კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ბევრად უკეთესია თანამშრომელი პიროვნული თვისებების გამო აიყვანო და პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციის მიღებაში შენ, როგორც კომპანიამ იზრუნო.

თუ  დამსაქმებელი ხარ, შეგიძლია, თუ არა, შეიმუშაო სამუშაო ტრენინგის საკუთარი პროგრამა? – რა თქმა უნდა, კი. იქნებ, უკვე გაქვთ კიდევაც შიდატრენინგის პროგრამა, რომელიც თქვენი კურსის საფუძვლად შეგიძლიათ, აქციოთ?

ეს, ერთი მხრივ, ჩადებული ინვესტიცია იქნება, რომლიდანაც თქვენი კორპორატიული კულტურისთვის შესაბამისი კადრის მოძიებას შეძლებთ, მეორე მხრივ, კი დამატებითი შემოსავალიც. ვინაიდან, ელექტრონული სწავლების პლატფორმების გამოყენებით, თქვენს პროგრამაზე დასწრება ფასიანი იქნება და წარჩინებული მონაწილე, კურსის ბოლოს, სერტიფიკატსაც მიიღებს.

ასევე, ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამა თავად დამსაქმებლებს დიდად შეუწყობს ხელს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გაღრმავებასა თუ პოტენციურ კანდიდატებთან ემოციური კავშირის დამყარებაში.

ბოლოს და ბოლოს, თუ თქვენი კომპანიის გამოცდილება დადებითი იქნება, თქვენი აზრით, სად წავლენ ისინი, პირველ რიგში, სამუშაოდ?

მართლა შეუძლია კოლეჯის ჩანაცვლება?
ბარისოს სტატიის მკითხველთა ნაწილი ამბობდა, რომ „გუგლის“ ინიციატივა ფულის კეთების ერთ-ერთი საშუალება იყო, რომ კურსდამთავრებულები „გუგლში“ ვერ დასაქმდებოდნენ და საბოლოოდ, კოლეჯში წასვლის აუცილებლობის წინაშე მაინც დადგებოდნენ.

„გუგლის“ ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომ სხვა კომპანიებიც მიჰყვნენ ამ ინიციატივას. ბევრმა ეს უკვე გააკეთა. მაგალითად, Google-მა 50-ზე მეტი დამსაქმებლისგან შემდგარი კონსორციუმი ჩამოაყალიბა, რომელთაც შეუძლიათ, Google– ის სასერტიფიკატო პროგრამა შეამოწმონ, უპირატესობა ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს მიანიჭონ.

მონაწილე კომპანიები არიან:

  • Walmart
  • Intel
  • Sprint
  • Bank of America
  • PNC
  • Best Buy
  • H&R Block
  • Hulu
  • Infosys
  • Sam’s Club

Google აცხადებს, რომ მისი სასერტიფიკატო პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ ხალხს დასაქმებაში დაეხმაროს. კომპანია, ამჟამად,  ყველა ზომის კომპანიასთან თანამშრომლობს.  თუმცა ის არ მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც სამუშაო აღწერილობაში ოთხწლიანი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვენ, როგორიცაა: Apple, IBM და სხვ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი დამქირავებელი მიიღებს ამ პრაქტიკას, მით უფრო ძლიერ იმპულსი იქნება „გუგლისთვისაც“, რომ ინიციატივა განაგრძოს.

კიდევ ერთი კრიტიკა, რომელიც მკითხველისგან გაისმა, იყო, კონკრეტულ ცოდნასა და გამოცდილებებთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღების შემთხვევაში გექნება.

„სტუდენტებს სჭირდებათ მეტის ცოდნა, რეალურ სამყაროში, სხვებისთვის კონკურენციის გაწევა რომ შეძლონ“, – წერდა ერთი-ერთი LinkedIn– ზე. „მათ სჭირდებათ სიღრმე, თვალსაწიერის გაფართოება და კრიტიკული აზროვნების უნარი“.

ბარისო კი ამბობს, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი მან საშუალო სკოლაში, მესამედან მეხუთე კლასის ჩათვლით, ყოველ პარასკევს გამართულ არატრადიციულ სასწავლო პროგრამაში ჩართულობით მიიღო. როგორც ამბობს, ეს ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა.

აქ გაიგო მჟავურ წვიმაზე, პრობლემიდან გამოსავლის მოძებნის გზებზე და ა.შ.

„არ ვფიქრობ, რომ Google–ის პროგრამა მთლიანად შეცვლის კოლეჯის განათლებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი – ცალკე გზა სტუდენტებისთვის, რომლებიც რაიმე განსხვავებულს ეძებენ, ვიდრე ტრადიციული უმაღლესი განათლებაა“, – ამბობს ჯასტინ ბარისო. „ახლა ის დროა, გლობალურმა პანდემიამ მილიონობით ადამიანი სამსახურიდან რომ გამოყარა. და ის დროცაა, უნარებზე დაფუძნებულ ტრენინგებზე დიდი მოთხოვნა რომ არის.

როგორც ნებისმიერ ინდუსტრიაში, არჩევანის შესაძლებლობა კარგი რამეა. კონკურენციაც კარგი. სწორედ ამ დროს იბადება სიახლე. ინოვაციიდან კი მოდის გარღვევა. შეფერხებიდან – პროგრესი.

ამიტომ, მოემზადეთ, ცვლილებების დროა!“



wowchy – „ონლაინ“ პლატფორმა სასაჩუქრე ვაუჩერების შესაძენად

როგორ შევძლებთ ტვინის კომპიუტერთან დაკავშირებას – ძირითადი სიახლეები ილონ მასკის Neuralink-ის პრეზენტაციიდან