Google-ის თქმით, კომპანიამ მიაღწია „კვანტურ უზენაესობას“, ანუ შექმნა უძლიერესი პროცესორი, რომელიც 3 წუთსა და 10 წამში აკეთებს ისეთ გამოთვლებს, რომელთა შესასრულებლადად, მსოფლიოს მასშტაბით, ამჟამად არსებულ სუპერკომპიუტერებს 10 000 წელი დასჭირდებოდათ. Financial Times-ში განთავსებული ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული სიახლე NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა, მალევე წაიშალა. Google-ში კი, ამ საკითხთან დაკავშირებულ უცხოური მედიის კითხვებს არ პასუხობენ.
რატომ NASA-ს ვებგვერდზე? Google-ს ჰქონდა ხელშეკრულება NASA-სთან, რომლის მიხედვითაც, ექსპერიმენტის ფარგლებში, კომპანიის სუპერკომპიუტერები უნდა გამოეყენებინა. მკვლევარები ანგარიშში ამბობენ, რომ პირველად შეძლეს ისეთი გამოთვლების გაკეთება, რომელიც მხოლოდ კვანტურ პროცესორს შეუძლია.
რა განსხვავებაა კვანტურ და ჩვეულებრივ პროცესორებს შორის?
კვანტური კომპიუტერის უპირატესობა ისაა, რომ კლასიკური ბიტებისგან განსხვავებით, ის იყენებს კვანტურ ბიტებს, ან კუბიტებს. რაც ნიშნავს, რომ კვანტური ფენომენის წყალობით, ასეთ კომპიუტერებს შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციასთან პარალელურ რეჟიმში გამკლავება, განსხვავებით ჩვეულებრივი პროცესორებისგან, რომლებსაც ინფორმაციის დასამუშავებლად თანმიმდევრულობის პრინციპს იყენებენ. მეცნიერები წლებია ცდილობენ თანმიმდევრული ოპერაციებისთვის საჭირო დროისთვის გვერდის ავლას.
რა მნიშვნელობისაა ეს სიახლე?
რამდენიმე დღის წინ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კონფერენციაზე EmTech, პროფესორმა ვილ ოლივერმა თქვა, რომ კვანტური კომპიუტერების დანერგვა აასწრაფებს სფეროში მიმდინარე კვლევებს. ეს დაეხმარება მკვლევარებს აღმოაჩინონ და შექმნან ახალი მატერიები, მედიკამენტები, ქსელები თუ შეუწყონ ხელი ხელოვნური ინტელექტის უფრო სწრაფ განვითარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ Google-ის მიერ შექმნილი პროცესორი 3 წუთსა და 10 წამში აკეთებს იმას, რასაც აქამდე არსებული სუპერკომპიუტერები 10 000 წელიწადში თუ შეძლებდნენ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა სისწრაფეზეა საუბარი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რა მიზანი ჰქონდა Google-ის ექსპერიმენტს, ანუ, რაში გამოიყენებენ კვანტურ პროცესორს.
უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია, თუნდაც, შორეული მომავლის პერსპექტივებზე საუბრისას ვთქვათ, რომ შესაძლოა, სამომხმარებლო მიზნებისთვის, ჩვეულებრივი პროცესორები კვანტურმა ჩაანაცვლოს. თუმცა, მათი არსებობა ბევრი კუთხით შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი.