Google Santa Tracker-ს 20 წელი შეუსრულდა… კვლავ ბრუნდება სადღესასწაულო ამბებით სავსე რუკებით, მინი თამაშებით და საგანმანათლებლო აქტივობებით, რათა ეკრანთან დრო მომხმარებლებმა პროდუქტიულად გაატარონ. უკვე მეოცე წელია, რაც santatracker.google.com-ის საშუალებით, პლატფორმა ყოველ დეკემბერს ხდება აქტიური, სადღესასწაულო ჰაბის როლს ირგებს და წამმზომსაც რთავს დროის ასათვლელად შობის დადგომამდე. ეს ამბავი კი სანტას ციფრული სოფლის გახსნასაც ნიშნავს.
ვებგვერდი პატარა თამაშებით, ინტერაქტიული გამოწვევებითა და სეზონური აქტივობებითაა სავსე, რათა დაგასაქმოთ მანამ, სანამ სანტა ოფიციალურად აფრინდება. 24 დეკემბერს, შუაღამისას კი სანტას ანიმაციური ციგა გლობალურ რუკაზე ჩნდება და საჩუქრების მისაწოდებლად ქალაქიდან ქალაქში გადადის. მომხმარებლებს შეუძლიათ, მის პროგრესს თვალი თითქმის რეალურ დროში ადევნონ, შეამოწმონ მისვლის დრო, დააკვირდნენ დისტანციას საკუთარ ლოკაციამდე და უყურონ, როგორ იზრდება რუკაზე საჩუქრების რაოდენობა.
წლების განმავლობაში კი გუგლმა ეს გამოცდილება გააუმჯობესა ფაქტებით ქალაქების შესახებ, ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოებითა და ადგილობრივი ამინდის მონაცემებით, რათა წარმოსახვითი მოგზაურობა გეოგრაფიულად რეალურს დამსგავსებოდა.
სულ პირველად კი Google Santa Tracker 2004 წლის დეკემბერში შესთავაზა მომხმარებლბს, რითაც Google Maps-ზე სანტას მარშრუტის სიმულირებული ვერსია შექმნა. ხოლო იდეა NORAD Tracks Santa-ს პროგრამიდან წამოიღო, რომელიც 1955 წლით თარიღდება და ცივი ომის დროს რადარით დაწყებული ამბავი ყოველდწლიურ ტრადიციად აქცია.
![]()
საინტერესოა, რომ გუგლი რამდენიმე წელი თანამშრომლობდა კიდეც NORAD-თან, სანამ სამხედროები ამ გამოცდილებას მაიკროსოფტის პლატფორმებზე არ გადაიტანდნენ… ამან ტექნოლოგიურ გიგანტს უბიძგა, დამოუკიდებლად გაეგრძელებინა მუშაობა და მეტად ინტერაქციული დიზაინისკენ წასულიყო. ამგვარად, მაშინ, როცა NORAD ხაზს უსვამს რადარზე, თანამგზავრებსა და სამხედრო სანდოობაზე, გუგლი უპირატესობას ვიზუალურ მხიარულებას და ხელმისაწვდომობას ანიჭებს.
რუკასთან ერთად, მომხმარებლებს შეუძლიათ, ისეთ აქტივობებში ჩაერთონ, როგორებიცაა Elf Maker, Snowball Storm და Santa Selfie…
ამ ამბის თანმდევ ფენად კი განათლება იქცა — Google Santa Tracker-მა STEM თემებში, განსაკუთრებით კოდირებასა და გეოგრაფიაში, შესვლა გაამარტივა. Code Lab სადღესასწაულო თემატიკის დავალებების მეშვეობით პროგრამირების საბაზისო ლოგიკას აცნობს მომხმარებლებს, ხოლო Family Guide-ის სექცია გლობალურ ტრადიციებსა თუ დროის სარტყლებს ქვიზებსა და გაკვეთილებს ამატებს. ასე ვებგვერდს სახლებსა თუ სასწავლო ოთახებში ხშირად იმის ასახსნელად იყენებენ, თუ რატომ ჩნდება სანტა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში.
უკვე 2 ათწლეულის შემდეგაც კი Google Santa Tracker კვლავ საერთო რიტუალს გვთავაზობს, ხოლო ბავშვებისთვის მტკიცებულებაა იმისა, რომ სანტა გზაშია…










