Google ექსპერიმენტებს აგრძელებს და ამჯერად Search-ში გვთავაზობს AI Mode-ის ფუნქციას. ასე კი სურს, Perplexity AI-სა და OpenAI-ის ChatGPT Search-ს გაუწიოს კონკურენცია. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს კომპლექსური, მრავალნაწილიანი კითხვების დასმის შესაძლებლობას პირდაპირ გუგლის საძიებო სისტემიდან მისცემს.
Gemini 2.0-ს იყენებს და განსაკუთრებით კარგია ისეთი კითხვებისთვის, რომელთაც დამატებითი კვლევა და შედარებები სჭირდება. ამ ყველაფერს კი მოწინავე დასაბუთების, ფიქრისა თუ მულტიმოდალურ შესაძლებლობებს უნდა ვუმადლოდეთ.
მაგალითისთვის, შეგიძლიათ, ჰკითხოთ: რა სხვაობაა ძილის მონიტორინგის ფუნქციებში ჭკვიან ბეჭედსა და ჭკვიან საათს შორის? AI კი დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას, შეადარებს, თუ რას გთავაზობთ თითოეული. ლინკებსაც კი გაჩვენებთ… შეგიძლიათ, მასთან დიალოგიც გააგრძელოთ და ჰკითხოთ: როგორია გულისცემა ღრმა ძილის დროს?, ის კი კვლევას გააგრძელებს.
საინტერესოა, რომ AI Mode-ის წვდომას იღებთ როგორც ვებკონტენტზე, ისე რეალური დროის წყაროებზე, მათ შორის Knowledge Graph-ზე — რეალური სამყაროს შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას და მილიარდობით პროდუქტის მონაცემებს გვაწვდის.
„სატესტო ფაზაში დავინახეთ, რომ ადამიანები ორჯერ უფრო გრძელ მოთხოვნებს წერენ, ვიდრე ტრადიციული ძიებისას და დამატებით კითხვებსაც სვამენ პასუხების მიღების შემდეგ. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობას ქმნის უფრო მეტი რამ გავაკეთოთ Google Search-ით და ამით აღფრთოვანებული ვართ“, — აცხადებს რობი შტეინი, Google Search-ის პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი.
AI Mode ხელმისაწვდომია Google One AI Premium-ის გამომწერებისთვის და მას გუგლის საექსპერიმენტო Search Labs-შიც შეხვდებით.