in

Google საძიებო სისტემაში სურათებისა და ტექსტის AI გენერატორის დამატებას აპირებს

veon
veon

საძიებო სისტემაში მომხმარებლებს ინფორმაციებზე წვდომა და მათი გამოყენება რომ გაუმარტივოს, Google ხელოვნური ინტელექტის თავის პლატფორმაზე ინტეგრირებას აპირებს. ამ განახლების ერთ-ერთი აღსანიშნავი ფუნქცია კი მისი უნარია, შექმნას სურათები გენერაციული AI-ს გამოყენებით — გამოდის, შეგვიძლია დავემშვიდობოთ იმ დროს, როცა გონებაში კონკრეტულ სურათს წარმოვიდგენდით, თუმცა ძიების ტრადიციული მეთოდით ვერ ვპოულობდით მას…

მაგალითად, თუ ვინმე მეგობრისთვის ბარათის გაგზავნას აპირებს, რომელსაც უყვარს კულინარია და არც კაპიბარასადმია გულგრილი, შეუძლია, AI-ს შემდეგი თხოვნა გაუზიაროს — დახატე კაპიბარა, რომელსაც შეფის ქუდი ახურავს და საუზმეს ამზადებს. რის შემდგომაც Google Search 4 სურათს შესთავაზებს, მოთხოვნის დახვეწაც შეეძლება, რათა მიღებული შედეგი მათსავე წარმოდგენებს უკეთ მოარგოს. 

ხოლო მათ, ვინც AI საძიებო სისტემის ექსპერიმენტში (SGE) ჩართვა გადაწყვიტა, შეეძლოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები პირდაპირ Google Images-იდან შეექმნათ… მეტიც, გუგლის განახლება მიზნად ისახავს, მომხმარებლებს ძიების პროცესში ინსპირაციის პოვნაში დაეხმაროს. 

მართალია, ეს ტექნოლოგია გასაოცარ შესაძლებლობებს გვპირდება, მაგრამ კომპანია, თავის მხრივ, მის პასუხისმგებლიანად გამოყენებაზეც ფიქრობს. იმისათვის, რომ გენერაციული AI-ს ეთიკურად გამოყენება უზრუნველყონ, არასასურველი სურათების შექმნისთვის უსაფრთხოების ზომები უკვე მიღებულია. ეს მოიცავს საზიანო შინაარსის დაბლოკვას, ყველა სურათზე ნიშნის დამატებას, რომ იგი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. თანაც აღნიშნულ ფუნქციებზე წვდომა მომხმარებლებს მხოლოდ 18 წლიდან ექნებათ. 

სურათების გენერირების გარდა, გუგლი კიდევ ერთ სასარგებლო ხელსაწყოს გვაცნობს და ეს უკვე SGE-სთან ერთად დრაფტების დაწერაა. მაგალითად, თუ ავტოფარეხის ოფისად გადაკეთება გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ მას სთხოვოთ: დაუწეროს კონტრაქტორს წერილი და ავტოფარეხის სახლის ოფისად გადაკეთება დაავალოს. მიღებული შედეგის რედაქტირებაც შესაძლებელია, რომელსაც Google Docs-სა და Gmail-შიც მარტივად გაგზავნით.

მართალია, ზემოთ განხილული ფუნქციები ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტის მონაწილე ბრიტანელი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, მათზე წვდომას მალე ჩვენც მივიღებთ.

მუსიკა, როგორც არტთერაპიის ფორმა

მკვლევრებმა „მონა ლიზას“ საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს