Alphabet-ისა და Google-ის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის თქმით, Google Search-მა თავისი არსებობის 25 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტრაფიკი დააფიქსირა — ეს კი 2022 წლის მუნდიალს უკავშირდება.
გუშინ მართლაც საოცარი ფინალის მომსწრენი გავხდით — დაძაბული მომენტებით, დაკარგული და ხელახლა გაჩენილი იმედებით. საბოლოოდ კი ლიონელ მესის ოცნება ახდა და არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიით დაამარცხა. „ჩვენმა საძიებო სისტემამ ყველაზე მაღალი ტრაფიკი დააფიქსირა მთელი 25 წლის განმავლობაში. ეს #FIFAWorldCup-ის ფინალის დროს მოხდა… როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო ერთ რაღაცას ეძებდა“, — განაცხადა პიჩაიმ. მისივე თქმით, ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო.
შეგახსენებთ, რომ Google Search 1998 წელს დაარსდა, სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მიერ. 2022 წლის სტატისტიკური მონაცემებით კი, ის 90%-ზე მეტი საბაზრო წილით დომინირებს. „მილიარდზე მეტი ადამიანი დაგვიკავშირდა თამაშის სიყვარულით. ეს არის საუკეთესო რამ ფეხბურთში: ნამდვილად გლობალური თამაში, რომელიც ყველას გვაკავშირებს“.
გულწრფელად თუ შევაფასებთ, ეს ტრაფიკი ნამდვილად დამსახურებული იყო, რადგან Google რეალურ დროში უზრუნველყოფს საიმედო განახლებებს.