in

მალე Google-ის საძიებო სისტემაში სურათისა და ტექსტის ერთად დამატებას შეძლებთ

ალბათ, ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ Google-ის საძიებო სისტემა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებში დიდ როლს ასრულებს. ახლა კი ისინი უფრო შორს მიდიან და კითხვების დასმას ვიზუალის დახმარებითაც გვთავაზობენ. საუბარია ახალ ფუნქციაზე — მულტიძიება, რომელიც სასურველი შედეგის მისაღებად, საძიებო ველში როგორც ტექსტის, ისე სურათების განთავსების საშუალებას მოგცემთ.

წარმოიდგინეთ, ხართ კაფეში, შეამჩნიეთ ჭაღი და ძალიან მოგეწონათ, თქვენ უღებთ სურათს, ტვირთავთ Google-ის საძიებო სისტემაში და სასურველ შედეგსაც იღებთ. ხოლო თუ თქვენი სივრცისთვის ეს სანათი სხვა ფერში წარმოგიდგენიათ, შეგიძლიათ სურათს დაურთოთ, მაგალითად, სიტყვა თეთრი და კონკრეტული სანათი უკვე თქვენს სასურველ ფერშიც იპოვოთ.

ამ ფუნქციის გამოსაყენებლად საძიებო სისტემის ზოლის ბოლოს არსებულ  კამერის გამოსახულებას უნდა შეეხოთ, + ნიშანზე შეხებით კი ტექსტის დამატებასაც მარტივად შეძლებთ.

შესაძლოა, ოთახის მთლიანო ინტერიერის სურათი ატვირთოთ, თუმცა ტექსტში სავარძელი მიუთითოთ, რაც მსგავსი ავეჯის პოვნის საშუალებას მოგცემთ. ან თუნდაც, როზმარინის სურათი ატვირთოთ და მისი მოვლის ინსტრუქციები იპოვოთ.

ამ შედეგების მისაღებად კი Google ახალ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას — Multitask Unified Model (MUM) იყენებს. MUM-ს კი, თავის მხრივ, დედების მსგავსად ერთდროულად ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია.

Multisearch ამჯერად სატესტო რეჟიმში ინგლისურ ენაზე მუშაობს, თუმცა რეალურად 72 ენის გაგება შეუძლია. მომავალში კი კომპანია საძიებო ველში აუდიოსა და ვიდეოების დამატების შესაძლებლობასაც მოგვცემს.

სანამ გავფართოვდებით, ახალი ფუნქცია საყიდლებზე დაფუძნებულ ძიებებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ის, რაც ახლა გვაქვს, მისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია, — ამბობს ლიზ რიდი, Google Search-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ასობით მეცნიერი ტვინის განვითარების პირველი სქემის შესადგენად გაერთიანდა

ნიუ-იორკში ბილბორდებს უკრაინისთვის დონაციის შესაგროვებლად იყენებენ