20
Mar
2019

Google ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში შედის – არის, თუ არა PlayStation-ის საქმე ცუდად

20 Mar 2019

veon
veon


Google ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში პლატფორმა Stadia-თი შემოდის. ამის შესახებ კომპანიამ Game Developers Conference 2019-ზე განაცხადა.

სპეციალისტების შეფასებით, ეს არის ახალი თაობის გეიმინგ პლატფორმა, რომელიც არ წარმოადგენს ბოქსს (ჩვენთვის აქამდე ნაცნობი „ფლეისთეიშენისა“ და „იქსბოქსისგან“ განსხვავებით). Stadia-სა და Google Chrome-ის გამოყენებით, ვიდეოთამაში იმ მოწყობილობით შეგეძლებათ, რაც ხელთ გაქვთ. იქნება ეს სმარტფონი, პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი თუ ტაბლეტი. მეტიც, თუ თამაშს დაიწყებთ ლეპტოპით, სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი ფუნქციის გამოყენებისას, იმწამსვე შეგეძლებათ თამაშის სმარტფონში გაგრძელება. Stadia-ში წარმოდგენილი თამაშები 4K ხარისხისაა, მომავალში კი, 8K-ც გახდება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, Stadia-ს აქვს სპეციალური ჯოისტიკი, რომელიც თქვენს ტელეფონსა თუ კომპიუტერს Wi-Fi-ს მეშვეობით უკავშირდება. თამაშის კონტროლის გარდა, ის ორ ახალ ფუნქციას გვთავაზობს. მასზე დატანილია ორი დამატებითი ღილაკი. აქედან ერთი თამაშის გამოცდილების შენახვისა და მისი გაზიარების საშუალებას გვაძლევს (კონკრეტული ადამიანისთვის, მეგობრების ჯგუფისთვის, თუ მთელი მსოფლიოსთვის). მეორე ღილაკი კი Google ასისტენტის ფუნქციას ასრულებს. ეს საშუალებას მოგცემთ თამაშის პროცესისთვის თვალის მოუწყვეტლად მიიღოთ ხმოვანი ასისტენტის დახმარება.

თუ თქვენ Youtube-ზე შესული ხართ Google Chrome-ით, თვალს ადევნებთ გეიმ სტრიმინგს და აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო თამაშს, Play-ს ნიშანზე დაჭერით 5 წამში შეძლებთ სასურველი თამაშის დაწყებას.

უქმნის, თუ არა ვიდეოთამაშების ბაზარზე ტექნოლოგიური გიგანტის – Google-ის შემოსვლა საფრთხეს „ფლეისთეიშენსა“ და „იქსბოქსს“? ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები იყოფა. ამ საკითხის შესახებ მაღაზიათა ქსელ Game Zone-ის ბრენდ მენეჯერს – გიორგი არველაძეს ვესაუბრეთ:

„ის სერვისი, რასაც „გუგლი“ სთავაზობს, ისედაც აქვს მობილურებს და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რაში დასჭირდათ ეს პლატფორმა. „ფლეისთეიშენს“ 25 წლიანი გამოცდილება აქვს და გეიმინგ ინდუსტრიაში მისთვის კონკურენციის გაწევა, თუნდაც ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან, ჰგავს იმას, რომ ერთ დღესაც გაიღვიძო და ჩინეთმა გერმანიაზე კარგი მანქანების წარმოება სცადოს. „ფლეისთეიშენს“ აქვს მრავალი სტუდია და წვდომა ისეთ პროდუქტზე, რომლის გამოც არსებობს მიზიდულობა ამ ბრენდის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე „იქსბოქსიც“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მასზე გაცილებით წინაა „ფლეისთეიშენი“. მომხმარებელი ელოდება „ფლეისთეიშენის“ ახალ მოდელს და ჩემთვის წარმოუდგენელია მსგავსი კომპანია რამემ ჩაანაცვლოს. მსოფლიოში „ფლეისთეიშენის“ გარდა ყველას აქვს პროდუქტის შექმნისა და მისთვის კონკურენციის გაწევის პრობლემა. „გუგლისთვის“ ერთადერთი გამოსავალია სტუდიები გახსნას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, საეჭვოა 25 წლიანი გამოცდილებისთვის კონკურენციის გაწევა შეძლოს“.

აღნიშნულ სიახლეს, ერთ-ერთ პოსტზე facebook-ის მომხმარებლები ეხმაურებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე კომენტარს:

„Google Glass, Inbox, G+ და კაი ბევრი ჩავარდნილი პროექტი აქვთ ბოლო წლებში“, – რეზი ბესელაშვილი

„შანსი არ აქვთ უახლოესი 5-6 წელი ფლეისთეიშენის ექსკლუზივები დაითრიონ“, – ლადო ნინუა.

„აწი მანდ მთავარი დეველოპერები იქნება და არა ვის და რამდენად დაერხა. ბოლოს მაინც გუგლის ქლაუდი იქნება გეიმერებისთვის ლიდერი და სხვა ქლაუდები ჩანჩალით გაყვებიან უკან…. კონსოლები და PC გეიმინგი ისედაც ღაფავს სულს“, – დავით მაჭახელიძე

უცნობია კონკრეტული თარიღი, როცა Stadia ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ,Google-ის განცხადებით ეს 2019 წელს მოხდება. გაუწევს თუ არა ქლაუდი კონკურენციას მოწყობილობას? მივიღებთ თუ არა ახალ მოცემულობებსა და მნიშვნელოვან მოთამაშეებს გეიმინგ ინდუსტრიაში? ამის შესახებ უფრო ზუსტად საუბარი Stadia-ს გამოსვლის შემდეგ შეგვეძლება.

განხილვა