ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან ორას ორმოცდაათი წლისთავზე, Google-ის ახალი სარეკლამო რგოლი საკმაოდ იუმორისტულ კითხვას სვამს. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ქვეყნის დამფუძნებელი მამების კოლაბორაცია, მათ ხელთ Google Workspace-ის ხელსაწყოები რომ ყოფილიყო. კამპანია, სლოგანით „ჯგუფური პროექტი, ოღონდ 1776 წელს“, გვიჩვენებს თომას ჯეფერსონს, რომელიც მუშაობის პროცესში ბენჯამინ ფრანკლინისგან შეტყობინებას იღებს, რაც საფუძველს უყრის ტიპურ ციფრულ საქმისწარმოებას. შესწორებები პირდაპირ დოკუმენტებში შედის, შეხვედრა ონლაინ იგეგმება, სადაც ყველა მონაწილე რატომღაც კამერას თიშავს, პროცესი კი ელექტრონული ხელმოწერებითა და ფეიერვერკით გვირგვინდება.
ვინაიდან ეს 2026 წლის ტექნოლოგიური რეკლამაა, პროცესში ხელოვნური ინტელექტიც ბუნებრივად ერთვება. დამფუძნებლები ვიზუალიზაციის ხელსაწყოს დახმარებით ეროვნულ ბეჭედზე სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებას არჩევენ, Gemini შეხვედრის ჩანაწერებს აკეთებს და მათ რჩევასაც კი აძლევს, სანამ მეფე ჯორჯ მესამის მოთხოვნას დოკუმენტზე წვდომის შესახებ უარყოფდნენ.
მთელი ვიდეო იუმორითაა გაჯერებული, სადაც სემ ადამსი საკითხის ლუდზე მოგვარებასაც კი ითხოვს, თუმცა ტექნოლოგიის როლი სხვა ბოლოდროინდელ კამპანიებთან შედარებით ბევრად უფრო ფრთხილი და შეუმჩნეველია. განსხვავებით იმ ძველი, სკანდალური რეკლამისგან, სადაც მამა ჩატბოტს შვილისთვის წერილის დასაწერად იყენებდა, ეს ვიდეო საერთოდ არ მიანიშნებს იმაზე, რომ დეკლარაციის ტექსტი მანქანური ჩარევით გაუმჯობესდებოდა. ალბათ ყველაზე თვალსაჩინო კვალი თავად კადრებში ჩანს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური, უცნაური ნათება აქვს.
სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა გამოხმაურება ორად გაიყო. თუ youtube-სა და ინსტაგრამზე რეაქციები ძირითადად პოზიტიურია, პლატფორმა Bluesky-ზე კრიტიკის დიდი ტალღა აგორდა, სადაც კამპანიას შეუფერებელი უწოდეს და მთავარ სამიზნედ სწორედ ტექნოლოგიური კუთხე აქციეს.
ისტორიკოსი ანგუს ჯონსონი აღნიშნავს, რომ მსგავს იუმორისტულ ფანტაზიაშიც კი შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი სასარგებლო ინსტრუმენტია პოლიტიკური ორგანიზებისთვის, წერისთვის ან თუნდაც ადამიანური თანამშრომლობისთვის. ეს დებატები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა საზოგადოება, როდესაც საქმე ისტორიულ მემკვიდრეობასა და კრეატიულ პროცესებში ტექნოლოგიების ჩარევას ეხება.
წყარო: TheDrum













