Google-მა სარეკლამო სააგენტო R/GA-ს უჩვეულო გამოწვევა შესთავაზა – შეექმნათ რეკლამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა სააგენტოს მხოლოდ ოთხი კვირა მისცა, რათა წარმოეჩინა მათი ახალი გენერაციული ვიდეო მოდელის, Veo-ის შესაძლებლობები.
დავალება თავდაპირველად საშიშად ჟღერდა. თუმცა, გამოწვევის მიუხედავად, ივნისში გამოშვებულმა ექსპერიმენტულმა რეკლამამ – სოციალურ მედიაში საინტერესო დისკუსიები გამოიწვია და კანის ლომებზეც მიიპყრო ყურადღება.
ფილმის შექმნის პროცესმა R/GA-ს გუნდს მუშაობის სრულიად ახალი მეთოდოლოგია აპოვნინა. თუ, ტრადიციულად, რეკლამის წარმოება ხაზოვანი პროცესია – სცენარიდან სთორიბორდამდე, გადაღებიდან პოსტ-პროდუქციამდე – სადაც უკან დაბრუნება ფინანსურად წამგებიანია, ხელოვნურმა ინტელექტმა ეს დინამიკა მთლიანად შეცვალა.
სააგენტოს გამოცდილებით, AI-თან მუშაობისას მოქნილობა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ზოგჯერ Veo ვერ ახერხებდა კონკრეტული სცენების გენერირებას, მაგალითად, ისეთი კადრის, სადაც ადამიანი კარვის ელვა შესაკრავს იყენებს. თუმცა, სხვა შემთხვევებში, ტექნოლოგიამ მოულოდნელი და ინოვაციური ვიზუალები შემოგვთავაზა – მათ შორის, ყინულის ქანდაკებები, რომლებიც საბოლოო ვერსიაში ორგანულად ჩაეწერა.
AI-ით ფილმის შექმნა „რეალურ დროში რეჟისურული მართვის“ საშუალებას იძლევა და აფართოებს კრეატიულ შესაძლებლობებს, რადგან აღარ ხარ იძულებული მხოლოდ სტორიბორდზე გამოსახული სცენები გადაიღო.
Veo-თი მუშაობამ კლიენტთან დამტკიცების პროცესიც შეცვალა – იდეის პრეზენტაცია მოძრავი და ცოცხალი სცენების მეშვეობით ხდებოდა, რაც ნათელ ხედვას მოითხოვდა.
პროექტმა სააგენტოს უბიძგა შეექმნა Shot Flow – Google-ის AI ასისტენტ Gemini-ზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც საზიარო სამუშაო სივრცედ იქცა. ეს ინსტრუმენტი გუნდის წევრებს სხვადასხვა ოფისიდან მუშაობის და სცენების ყველა ელემენტის დეტალურად გაანალიზების საშუალებას აძლევდა, რამაც გლობალური თანამშრომლობა და შედეგების თანმიმდევრულობა გააუმჯობესა.
მიუხედავად წინსვლისა, AI ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ აქვთ მნიშვნელოვანი შეზღუდვები. R/GA-ს Moncler-ის რეკლამაში პერსონაჟების გარეგნობა სცენიდან სცენაზე მცირედით იცვლება, ხოლო ვიზუალური ხარვეზები, როგორიცაა დამახინჯებული კარვის ელვა შესაკრავი, კვლავ პრობლემად რჩება.
გამოწვევას წარმოადგენს ასევე AI-ის კომერციული გამოყენების სამართლებრივი ასპექტები. ბრენდები და სააგენტოები ახლაც სწავლობენ, როგორ აარიდონ თავი საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ რისკებს AI-ით შექმნილი კონტენტის გამოყენებისას.
წყარო: Adweek












