Google-ის მკვლევრებმა იმ ადამიანებზეც იზრუნეს, რომელთაც კამერის წინ გამოჩენის რცხვენიათ, თუმცა ინფლუენსერობა სურთ… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ გეტყვით — ახალი VLOGGER AI სელფისა და ხმის დახმარებით რეალურის მსგავს ვიდეოებს ქმნის. ეს შესანიშნავია მორცხვი მომხმარებლებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე საკმაოდ აქტიური იუთუბერები არიან და კონტენტის წარმოებაც საკმაოდ სწრაფად სჭირდებათ.
უბრალოდ სელფი უნდა გადაიღოთ, სადაც სახე კარგად გამოგიჩნდებათ და ხმოვანი ჩანაწერი გააკეთოთ, დანარჩენს კი VLOGGER მიხედავს; შექმნის ვიდეოს, რომელშიც ფოტოზე გამოსახული ადამიანი ზუსტად იმას ილაპარაკებს, რასაც ხმოვან ჩანაწერში საუბრობს. ეს პროცესი ტუჩის მოძრაობების სინქრონიზაციას მოიცავს, რასაც ბუნებრივი სხეულის ენაც ემატება, რათა უფრო რეალურს ჰგავდეს.
აქაც იმ დიფუზიურ არქიტექტურას მიმართავენ, რომლებიც ხშირად გვხვდება სხვა თანამედროვე სურათების, ვიდეოებისა თუ 3D მოდელების გენერირების ხელსაწყოებში. ტექნოლოგია VLOGGER-ს საშუალებას აძლევს, გააკეთოს ავატარების ანიმაცია დეტალური ჟესტებით, იქნება ეს თვალის მოძრაობები თუ სახის გამომეტყველებები.
რაც შეეხება მონაცემთა ბაზას, გუგლმა MENTOR გამოიყენა, რომელიც ადამიანთა საუბრის 800 000 ვიდეოს მოიცავს. ამის გამო კი მას უკვე შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს, როგორ საუბრისას მოძრაობს ადამიანი ბუნებრივად.
Google-ის გუნდი ჯერ კიდევ მუშაობს ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე, ამიტომ ამ ეტაპისთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, როგორც ამბობენ, VLOGGER-ს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს — დაწყებული ვიდეოების თარგმნით, რომელიც სპიკერის მოძრაობებს ემთხვევა, დამთავრებული ანიმაციური ავატარებით. შესაძლოა, გუგლის ახალმა პროდუქტმა უფრო ეფექტურ ვიდეო კომუნიკაციებსაც გაუკვალოს გზა…
თუმცა ერთია ის, რომ გუგლი რეალურის მსგავსი ავატარის შექმნას გვპირდება და მეორე მისი გამოყენების შემთხვევები… შიშობენ, რომ იგი, შესაძლოა, მავნედ გამოიყენონ, შესაბამისად, თავს იჩენს ეთიკური საკითხებიც, რომლებზეც გუგლმა აუცილებლად უნდა იზრუნოს.