მართალია, გენერაციული AI-ის დანერგვას უკვე ბევრი ჩვენთვის ცნობილი კომპანია ცდილობს, მაგრამ ამ პროცესში მთავარ მოთამაშეებად მაინც ტექნოლოგიური გიგანტები Google და Microsoft რჩებიან. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ძალისხმევას უდიდესი გავლენა ექნება მარკეტინგულ ინდუსტრიაზე, უფრო ზოგადად კი, საზოგადოებაზე. ისინი ინტერნეტში რაღაცების ძიების გამოცდილებას ჩვენთვის მეტად მიმზიდველს ხდიან. აქ AI ალგორითმები წყვეტენ რა „გვიპასუხონ“ კითხვებზე, GPT-4 კი ახლა მათ შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ძიების გამოცდილებას მეტად პერსონალიზებული სახე მისცენ.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, რამაც ბევრი უსაფრთხოების საკითხების გამო შეაშფოთა კიდეც. აქ იმ წერილს ვგულისხმობთ, რომელიც AI-ს განვითარებაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვით შეჩერებას მოითხოვს… ამ იდეის მომხრე ილონ მასკიც კია, რაც კონკრეტულ საკითხზე კიდევ უფრო გვაფიქრებს…
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც კონცეფცია, ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან არსებობს. უკვე 25 წელიც კი გავიდა მას შემდეგ, რაც Deep Blue-ს AI მოდელმა ჭადრაკის დიდოსტატი გარი კასპაროვი დაამარცხა.
უკეთ რომ დაგანახოთ, რა ტემპით განავითარეს Google-მა და Microsoft-მა AI სისტემები შემდგომ ფაქტებს მოგიყვებით:
- 2014 წლის იანვარი — Google-მა ლონდონში დაფუძნებული AI ლაბორატორია DeepMind შეიძინა
- 2018 წლის ივნისი — OpenAI-მ GPT-1 ჩაუშვა, რამაც საბოლოოდ ChatGPT-მდე მიგვიყვანა.
- 2019 წლის თებერვალი — OpenAI-მ GPT-2 ჩაუშვა
- 2019 წლის ივლისი — Microsoft-მა OpenAI-ში 1 მილიარდი დოლარი ჩადო
- 2019 წლის ოქტომბერი — Google-მა ჩაუშვა ხელსაწყო საძიებო სისტემებისთვის, რაც მომხმარებლებს ბუნებრივი ენის გამოყენებით ძიებას გაუმარტივებდა
- 2020 წლის იანვარი — Google Meena-ს უშვებს, AI ჩეტბოტს, რომელიც კონტექსტის მიხედვით გვპასუხობს
- 2020 წლის მაისი — OpenAI-მ GPT-3 ჩაუშვა
- 2021 წლის ივნისი — Google LaMDA-ს უშვებს
- 2021 წლის ნოემბერი — MIcrosoft Azure OpenAI სერვისს უშვებს, რაც GPT-3-ს ბრენდებისთვის ხელმისაწვდომს ხდის, აქვე, მონაცემების უსაფრთხოებასა და სხვა უპირატესობებს სთავაზობს მათ
- 2021 წლის დეკემბერი — DeepMind Gopher-ს უშვებს
- 2022 წლის იანვარი — OpenAI-მ GPT-3.5 ჩაუშვა
- 2022 წლის მაისი — Google უშვებს LaMDA 2-ს; OpenAI გვაცნობს Gato-ს
- 2022 წლის ივლისი — Google-მა გაათავისუფლა ბლეიკ ლემოინი, ინჟინერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ LaMDA „ცნობიერი არსებაა“
- 2022 წლის ნოემბერი — OpenAI უშვებს ChatGPT-ის
- 2023 წლის იანვარი — Microsoft-მა OpenAI-ში 10 მილიარდი დოლარი ჩადო
- 2023 წლის თებერვალი — Microsoft-მა გააახლა Bing-ისა და Edge-ს პლატფორმები
- 2023 წლის მარტი — OpenAI-მ GPT-4 ჩაუშვა, Google-მა კი Bard-ის AI ჩეტბოტი
- 2023 წლის აპრილი — Future of Life Institute-მა გამოუშვა ღია წერილი, რომლითაც AI-ს განვითარების მინიმუმ 6 თვით შეჩერებას ითხოვენ…
რატომ უნდა აინტერესებდეთ ეს საკითხი მარკეტერებს?
თუ ექსპერტების მოსაზრებებს დავეყრდნობით, LLM-ების განვითარება ფუნდამენტურად შეცვლის იმ გზებს, რომლითაც ონლაინ კონტენტს მოვიხმართ.
„ძიება ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო ინტერნეტისთვის. ასე ვისწავლეთ, როგორ ვიპოვოთ ინფორმაცია, ვისწავლეთ ახალი ენა, ე. წ. ქივორდები და ის, თუ როგორ უნდა შევქმნათ ზუსტი კომბინაციები უკეთესი მონაცემების მოსაძებნად“, — მაიკ კრეიტონი, Instrument-ის ციფრული მარკეტინგის სააგენტოს ხელმძღვანელი.
აქვე მთავარი კითხვაც ჩნდება: როგორ მოხდება Google-სა და Microsoft-ის მიერ ახალ LLM-ზე დამყარებული საძიებო პლატფორმების მონეტიზაცია? ბუნებრივია, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება მარკეტერებზე. მაგალითად, თუ ახლა Google შემოსავლების დიდ ნაწილს რეკლამირებით იღებს, AI ძიებაზე ორიენტირებამ, შესაძლოა, არსებული მოდელი ეჭვქვეშ დააყენოს. თუნდაც, იმიტომ, რომ არსებობს რამდენიმე სარეკლამო ფორმატი, რომელიც სპეციალურად ჩეტბოტებისთვის არის შექმნილი.
მეტიც, ზემოთ აღნიშნული საკითხის ტესტირება უკვე მიმდინარეობს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, Bing Chat-მა გასულ თვეში ჩატის ფუნქციებში ახალი რეკლამები გამოუშვა. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტესტირებას გარკვეული დრო დასჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ ტექნოლოგიური გიგანტები, დანერგონ თუ არა ის…