უკვე რამდენიმე თვეა, Google-ის ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების შექმნაში OpenAI-ის სათანადო კონკურენცია გაუწიოს. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ChatGPT გამოჩნდა ბაზარზე, როგორც გენერაციული AI-ის ყველაზე დიდი სიახლე… ამას მოჰყვა ტექნიკური გიგანტის მიერ Bard AI-ის წარდგენა. ახლა კი Google Workspace-ის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტი ჩააშენა, რომელიც სამუშაო პროცესს გაგვიმარტივებს.
კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები შეძლებენ, მეილების ესკიზები შექმნან, უპასუხონ შეტყობინებებს, შეაჯამონ ისინი და პრიორიტეტულად დაალაგონ. ამავდროულად, შესაძლებელი იქნება ტექსტური დოკუმენტები AI-ის დაარედაქტირებინონ ან ხელახლა დააწერინონ. ხოლო Slides-ის შემთხვევაში, სისტემას გამოსახულებებისა და ვიდეოების დაგენერირებას გვთავაზობს; Sheets ავტომატურად შექმნის ფორმულებს; ტრანსკრიფციები ავტომატურად დაიწერება Meet-ში; Chat-ში კი ერთობლივი სამუშაო პროცესი გამარტივდება.
გარდა ამისა, როდესაც მომხმარებლები Docs-ში გვერდზე თასქის თემას დაწერენ, გენერაციული AI დამატებით ტექსტს მომენტალურად დააგენერირებს. ასევე, სისტემას შეუძლია, უკვე დაწერილი ტექსტი გააუმჯობესოს, რისთვისაც ის Rewrite ფუნქციას იყენებს.
„ხელოვნური ინტელექტი ადამიანების გამომგონებლობის, კრეატიულობისა და გონების შემცვლელი არ არის. ზოგჯერ ის არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებს, ზოგჯერ არაჩვეულებრივად ართმევს თავს საქმეს… ამიტომ, მისი სხვადასხვაგვარი სახით დახვეწაა აუცილებელი“, — ამბობს იოჰანა რაიტი, Google Workspace-ის ვიცე პრეზიდენტი.