Google თავისი ტრანსფორმაციული განახლებებით კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, ამჯერად კი Workspace გამოცდილების გარდაქმნას გვპირდებიან. ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობით დაწყებული და მარტივი საკომუნიკაციო ხელსაწყოებით დამთავრებული, ეს განახლებები მიზნად ისახავს, მუშაობა არა მარტო მეტად ეფექტური, არამედ მეტად სახალისოც გახადოს.
Duet AI-ის ფუნქცია Gmail-ზე პასუხის გაცემას გამარტივებული გზებით გვთავაზობს. ახლა მომხმარებლებს უფრო გრძელი და მეტად პერსონალიზებული ელ.ფოსტების დაწერა შეეძლებათ. ღილაკი Help me write ხელმისაწვდომი იქნება Gmail-ის როგორც ვებ, ისე მობილურ ვერსიებზე და საშუალებას მოგცემთ, შექმნათ კონტენტი, რომელიც საუკეთესოდ ასახავს თქვენს უნიკალურ ხმასა და სტილს.
მეტიც, თქვენთვის ჩვეულ სიტყვებსაც გამოიყენებს, ამას კი წინა ელ.ფოსტებზე გადახედვით მოახერხებს. ხოლო, თუ ბევრი შეტყობინება დაგიგროვდათ წასაკითხი, შეგიძლიათ მას საუბრის შინაარსის შეჯამება მოსთხოვოთ, რათა გაიგოთ, რა თემაზე იყო დისკუსია. I’m Feeling Lucky-ის ვარიანტი კი ელ.ფოსტის კონტენტისთვის ტონისა და სტილის სხვადასხვა ვარიაციას გთავაზობთ, რითაც ტექსტს ცოტა იუმორსაც მატებს.
რაც შეეხება Google Docs-ს, მას Help me write ფუნქცია ემატება, რაც უკეთეს კონტენტს ნიშნავს შესაბამისი ტონით, აბზაცების შეჯამებით, ბულეტების დამატებითა და სხვა მახასიათებლებით.
თუმცა არ გეგონოთ, რომ ელ.ფოსტების წერა ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეუძლია. ხელოვნური ინტელექტი პრეზენტაციებისა და ბრიფების გაკეთებაშიც დაგეხმარებათ იმ კონტენტზე დაფუძნებით, რომელიც Drive-სა და Gmail-ზე ინახება. საჭიროების შემთხვევაში თქვენთვის შესაბამის ვიზუალებსაც შექმნის.
უფრო მეტიც, Duet AI თქვენს ვირტუალურ შეხვედრებს დაესწრება და ჩანაწერებსაც კი გააკეთებს. მიღებულ ინფორმაციებს შეაჯამებს და ყველა მონაწილეს გაუგზავნის. გამოდის, თუ ძალიან დაკავებული ხართ და შეხვედრას ვერ ესწრებით, Duet AI საუკეთესო გამოსავალს შემოგთავაზებთ… ფუნქციის საცდელი ეტაპი უკვე დაწყებულია, მასში ჩართვას კი ლინკზე გადასვლით შეძლებთ.