in

Google-ისა და TikTok-ის პარტნიორობა ორივესთვის სასარგებლო იქნება?

თუ ადრე ისინი საძიებო სისტემებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ახლა პარტნიორობაზე საუბრობენ… რამდენად მოუტანს ეს ორივე მხარეს სარგებელს, ცალკე საკითხია, მანამდე კი TikTok-ის ამბავი უნდა შეგახსენოთ. პლატფორმის პოპულარობა 2018 წლიდან იწყება, როცა ამერიკაში App Store-ის ჩამოტვირთვებში Facebook-ს, Instagram-ს, Snapchat-სა და YouTube-ს გადაუსწრო, შემდეგ კი მსოფლიოში არასათამაშო აპლიკაციებში ჩამოტვირთვებით მეოთხე ადგილი დაიკავა…

მართალია, ამბობენ, რომ TikTok-ის აუდიტორიას 18-წლამდე მოზარდები შეადგენენ, მაგრამ სტატისტიკამ აჩვენა, რომ 18-24 და 25-55+ ასაკობრივ სეგმენტშიც ძალიან პოპულარულია. ეს მაჩვენებლები კი ჯამურად 16 მილიონ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, რითაც მთავარი არხიც ხდება მარკეტინგული კამპანიებისთვის.

აქ მომხმარებლები პოულობენ კრეატორებს, აღმოაჩენენ ადგილებს, ახალ მისწრაფებებს, მიჰყვებიან ტრენდულ სიახლეებს… ბოლო დროს კი საძიებო სისტემის მსგავსად გამოიყენება — სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, ტიკტოკერები 2-ჯერ მეტად უწევენ რეკომენდაციას იმას, რასაც პლატფორმაზე ხედავენ. გასულ წელს გუგლის ძიების SVP-მ პრაბჰაკარ რაღავანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების თითქმის 40 პროცენტი ლანჩისთვის ახალი ადგილის მოსაძებნად Google Maps-ს ან Search-ს კი არ მიმართავს, არამედ TikTok-სა და Instagram-ს.

თუ გუგლი კვლავ მთავარი წყაროა რეალური დროის ინფორმაციებისთვის და მეტად სანდო წყაროებსაც გვთავაზობს, ტიკტოკი საკვანძო სიტყვებს ეყრდნობა და სწრაფ რეკომენდაციებში ჯობნის მას. თანაც ამ უკანასკნელი წყაროს სანდოობაც იზრდება იმდენად, რომ ტიკტოკერები უკვე პლატფორმის ადვოკატებად გვევლინებიან… 

აქედან გამომდინარე, საძიებო სისტემის გიგანტთან პარტნიორობა TikTok-ისთვის შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი უნდა იყოს. როგორც გავიგეთ, პარტნიორობაზე ფიქრი ორივე მხარეს უკვე დაწყებული აქვს, ტიკტოკის სპიკერმაც დაადასტურა, რომ კომპანიის აპლიკაციაში მესამე მხარის ინტეგრირებაზე საუბრობს, რაც გუგლსაც მოიცავს… შესაძლოა, ეს ტიკტოკის პასუხებში გუგლის ლინკების ჩასმას გულისხმობდეს, თუმცა დეტალები გასაიდუმლოებულია.

და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცვლილება მარკეტერებისთვის?

დიდი ალბათობაა, რომ ტიკტოკის მომხმარებლები გუგლზე გადავიდნენ და თუ ასე მოხდება, როგორ იქნება პარტნიორობა ორივესთვის მომგებიანი? თუ მომხმარებელი ტიკტოკზე ახალ ადგილს აღმოაჩენს, ამ ადგილის ლოკაციისა თუ შეფასებების წასაკითხად გუგლში გადაინაცვლებს, იმასაც შეაფასებენ, რამდენად მიიღეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან. ეს ინტეგრაცია კი პროცესს მეტად სწრაფსა და მარტივს გახდის, შესაბამისად, პლატფორმაც მომხმარებელზე მეტად მორგებული გახდება.

თუმცა ტიკტოკისთვის კვლავ ერთი კითხვა გვრჩება — ეს ცვლილება პლატფორმაზე გატარებულ დროს შეამცირებს? სატესტო რეჟიმი უკვე მიმდინარეობს და როგორც ვიგებთ, როცა მომხმარებლები TikTok-ის საძიებო ველში რაღაცის ჩაწერას დაიწყებენ, იქვე Google-ის საძიებო ნიშანიც გამოჩნდება… ხოლო ის, თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს ტიკტოკისთვის, ამას დრო გვაჩვენებს…

ჟან-მიშელ ბასკიას 50 ვინილს ჰიპ-ჰოპის იუბილესთვის უშვებენ

Mercedes ვინილის ფირფიტებს უშვებს — კავშირი ავტომწარმოებელსა და მუსიკას შორის