in

Google-ის AI გარკვეულ სიტყვებს ძიების ნაცვლად პირდაპირ ბრძანებად აღიქვამდა

Google-ის საძიებო სისტემას ცოტა უცნაური პრობლემა შეექმნა – სიტყვების მნიშვნელობის განმარტების ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტი ზოგიერთ სიტყვას მომხმარებლის ბრძანებად აღიქვამდა.

მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ Google Search-ში ისეთი მარტივი სიტყვების შეყვანისას, როგორიცაა „disregard“ (უგულებელყოფა), „ignore“ (იგნორი) ან „stop“ (გაჩერება), სისტემა ყოველთვის აღარ აჩვენებდა ჩვეულებრივ ლექსიკონურ განმარტებებს. ამის ნაცვლად, Google-ის AI-ს მიერ შექმნილი მოკლე პასუხები ისე რეაგირებდა, თითქოს ეს სიტყვები უშუალოდ ჩატბოტისთვის მიცემული ინსტრუქციები იყო.

პრობლემა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Google-ის AI Overviews სისტემასთან, რომელიც Google I/O 2026-ის შემდეგ უფრო აქტიურად ინტეგრირდა საძიებო სისტემაში, როგორც Gemini-ზე დაფუძნებული Search-ის განახლების ნაწილი.

ახალი მოდელის მიხედვით, AI-ს მიერ გენერირებული პასუხები ძიების შედეგების ზედა ნაწილში ჩნდება და ცდილობს მომხმარებლის კითხვებს საუბრის სტილში უპასუხოს, მანამდე, სანამ ადამიანი რომელიმე ვებგვერდზე გადავა. თუმცა ამ შემთხვევაში სისტემამ ვერ გაარჩია, მომხმარებლები სიტყვის განმარტებას ეძებდნენ თუ თავად აძლევდნენ AI-ს ბრძანებას.

მაგალითად, სიტყვა disregard-ის ძიებისას ზოგი მომხმარებელი ცარიელ AI Overview-ს ხედავდა, თან ტექსტით: „Understood. Message disregarded“ („გასაგებია. შეტყობინება იგნორირებულია“). ანალოგიური პასუხები დაფიქსირდა სიტყვებზე „ignore“, „dismiss“ და „cancel“, სადაც სისტემა უფრო ჩატბოტის რეჟიმში რეაგირებდა, ვიდრე ლექსიკონის ფუნქციას ასრულებდა.

ინციდენტი განსაკუთრებით უხერხული აღმოჩნდა იმის ფონზე, რომ Google-მა ცოტა ხნის წინ Search-ის ბოლო ორ ათწლეულში ყველაზე მასშტაბური განახლება წარადგინა.

კომპანია თანდათან უფრო მეტად გადადის AI-ზე დაფუძნებულ, სასაუბრო სტილის პასუხებზე, რომლებიც ინფორმაციის სწრაფ შეჯამებას ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შეცდომამ ყურადღება მიიპყრო, Google-ის ინჟინრებმა პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა მალევე დაიწყეს და მომდევნო დღეს პრობლემური სიტყვების ძიებისას ზოგიერთ შემთხვევაში AI Overview საერთოდ აღარ ჩნდებოდა, ხოლო მის ნაცვლად ძიების შედეგებში უკვე თავად ამ ტექნიკური ხარვეზის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები და სიახლეები იძებნებოდა.

Trump Mobile-ის 27 000-ზე მეტი მომხმარებლის მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა

ისტორია არ უნდა წაიშალოს – ალტას გზავნილი დამოუკიდებლობის დღეს