in

გორდა გოდოლაძე Amazon-ის სათავო ოფისში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციას დაიკავებს

გორდა გოდოლაძემ უკვე სამი წელია, ქალაქ ბირმინგემში, ალაბამას შტატში, ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობს. ახლახან კი Amazon-ისგან მიიღო შემოთავაზება, რის შედეგადაც კომპანიის სათავო ოფისში, სიეტლში იწყებს მუშაობას, ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

„ამაზონში შემოთავაზების მიღებამდე რამდენიმე გასაუბრების გავლა დამჭირდა. პროცესი საკმაოდ ინტენსიური და ხანგრძლივი იყო. ცნობილია, რომ ამ კომპანიას გააჩნია ლიდერობის 14 პრინციპზე დამყარებული სპეციფიკური პრიორიტეტები და ინტერვიუს უნიკალური ფორმატი. ამ პროცესში ძალიან დამეხმარა ფინანსური მენეჯერი გიორგი შარაბიძე, რომელიც უკვე წლებია, ამაზონში მუშაობს. არაერთი წარუმატებელი პირველადი ინტერვიუს შემდეგ მოვახერხე, გადავსულიყავი ჩემი ამჟამინდელი პოზიციის ფინალურ ეტაპზე, რაც მოიცავდა 6-საათიან ინტერვიუს 5 გამსაუბრებელთან. შემდეგ კი მალევე მივიღე შემოთავაზება“, — გვიყვება გორდა.

უკვე მიმდინარე წლის აგვისტოდან გორდა ამაზონის ფინანსებისა და გლობალური ბიზნეს-სერვისების სექტორში იმუშავებს — კერძოდ, ფიზიკური ლოკაციების გუნდში, რომელიც ფინანსურ/ბიზნეს კონსულტაციასა და დახმარებას გაუწევს ახალ Amazon Style (Fashion) კონცეპტს. მართალია, ეს კონცეფცია ახალია, მაგრამ მილიარდდოლარიან საშემოსავლო ბიუჯეტს მოიცავს. ამასთან, უშუალოდ გორდა ფინანსურ გუნდში მთავარი საკონტაქტო პირი იქნება ოპერაციების, ავტომატიზაციის და უძრავი ქონების ჯგუფებისთვის.

გარდა იმისა, რომ იგი პირდაპირ კომუნიკაციაში იქნება ამ გუნდებთან და მათთან ერთად არაერთ პროექტზე მოუწევს მუშაობა, გორდას მოვალეობები მოიცავს ფინანსური მოდელების შექმნას, 10-წლიანი საშემოსავლო პროგნოზის მართვასა და განვითარება, სტატისტიკურ და დისპერსიულ ანალიზს და ა. შ.

„ვფიქრობ, გამოცდილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამაზონში გატარებული დრო. ჩემი აზრით, ახლო მომავალში უფროსი ანალიტიკოსის როლზე გადასვლა მომიწევს. თანაც, ძალიან მახარებს, რომ აქ ვიქნები, რადგან დღეისათვის ამაზონი პროფესიული ზრდისთვის და განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. 

ასევე, მინდა აღვნიშნო ამაზონის დამოკიდებულება მარცხთან… ინტერვიუებში ხშირად მხვდებოდა კითხვა “Tell me about the time when you failed” — ანუ, კომპანიის კულტურა აცნობიერებს, რომ ადამიანები ვართ და ხანდახან შეცდომებიც მოგვდის სამუშაოს დროს. თანაც, ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ გამოიყენე ეგ მარცხი სასურველი მიზნის მისაღწევად ან თუნდაც მიღწევის მცდელობისთვის. ჩემს მაგალითზე თუ ვისაუბრებ, რომ დავნებებულიყავი პირველი ან თუნდაც მეორე წარუმატებელი ინტერვიუს შემდეგ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის სათავო ოფისისგან შემოთავაზება არ მექნებოდა“, — აღნიშნავს გორდა გოდოლაძე. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც თავად აღნიშნავს, ფინანსური ანალიზით და სტატისტიკით არის დაინტერესებული. შესაბამისად, უახლოეს რამდენიმე წელს ახალი უნარ-ჩვევების შეძენისთვის გამოიყენებს. „ვეცდები, რაც შეიძლება მეტი დავაგროვო მიღებული გამოცდილებისგან,  შემდეგ უკვე „დაღვინების“ პერიოდში მყოფი ვეცდები, მათ პროფესიაში გამოწრთობას, რაც ვიმედოვნებ, მენეჯერის ან უფრო მაღალ პოზიციაზე დაწინაურების გზაზე დამეხმარება“. 

კერძო სექტორის როლი სამოქალაქო განათლებაში

ხელოვნების ნიმუშებით დაფუძნებული სტარტაპი – Crater Ceramic Design