ვახტანგ გორგასალი – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფე ქართულ ისტორიაში, რომლის სახელსაც ქვეყნის გაერთიანება, დედაქალაქის დაარსება და მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება უკავშირდება, შესაძლოა, მალე მსოფლიომ ბორდგეიმის საშუალებით გაიცნოს. საერთაშორისო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ქართული სამაგიდო თამაში Gorgasali Battle Royale ემზადება. სტრატეგია, რომელიც ათი სამეფოს გაერთიანებას გულისხმობს, გამოგონილ პერსონაჟებსაც მოიცავს. თამაშის პრინციპი ასეთია:
“მოთამაშეები თამაშს იწყებენ რუკაზე წინასწარ განსაზღვრულ სპეციალურ ნიშნულებზე, რომლებიც მათ შემთხვევითობის პრინციპით ერგებათ. თამაშის განმავლობაში, თითოეულმა მოთამაშემ უნდა შეძლოს საუკეთესო აღჭურვილობის მოგროვება, რათა მისი გამარჯვების შანსი გაიზარდოს. თამაშის მექანიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება უმოკლეს დროში. მიუხედავად მრავალფეროვანი ატრიბუტიკისა, მოთამაშეები მუდმივად უმკლავდებიან გარემოებრივ სირთულეებს, როგორიცაა სამოძრაო სივრცის შემცირება, განსაკუთრებული უნარების სწორი დროითა და მიზნობრიობით გამოყენება და ა.შ. თამაში გათვლილია 2-10 მოთამაშეზე და მისი ყველაზე საინტერესო ასპექტი მდომარეობს შედეგის არაპროგნოზირებადობაში. „Gorgasali Battle Royale“-ში აბსოლუტურად ყველას აქვს თანაბარი შანსი გახდეს თამაშის ერთადერთი გამარჯვებული, რაც ნათლად გამოხატავს თამაშის უმთავრეს პრინციპს – იბრძოლე გამარჯვებისთვის.”
ბორდგეიმის შემქმნელთა გუნდი განსხვავებული პროფესიის მქონე ექვსი მეგობრისგანაა დაკომპლექტებული. ბავშვობის მეგობრები, თამაშებით უკვე დიდი ხანია იყვნენ გატაცებულები და ერთ დღესაც გადაწყვიტეს ერთობლივი ძალისხმევა საკუთარი სამაგიდო თამაშის შექმნისაკენ მიემართათ. მათი მთავარი მიზანი იყო, ერთი მხრივ, შთამბეჭდავი ვიზუალი შეექმნათ, მეორე მხრივ კი, თავად თამაში კარგად ფორმულირებული და სააზროვნო ყოფილიყო. სტრუქტურაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყეს და 400-დღიანი ძალისხმევისა და 200 სატესტო თამაშის შედეგად, მიიღეს ის, რასაც დღეს Gorgasali Battle Royale-ის სახელით გავიცნობთ. თამაშის კონცეფცია მზადაა და მისი ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად, გუნდი მხარდაჭერის მოპოვებას საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზე ცდილობს…
M: რა მიმზიდველობა აქვს მოთამაშეებისთვის?
იმისათვის, რომ მოთამაშე მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული თამაშში, აუცილებელი იყო ისეთი დეტალების შემოტანა, რაც თითოეულ მათგანს განსხვავებული სამყაროს ნაწილად გახდიდა. სწორედ ამიტომ, გარდა თამაშის სპეციფიკისა, წესებისა და ატრიბუტიკისა, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ თითოეული მოთამაშის იდენტობაზე ზრუნვა. ზუსტად ასე შეიქმნა ალტერნატიული რეალობა და ამ რეალობის პერსონაჟები, მათი სამეოფები, ისტორიები და თავგადასავლები.
გარდა თამაშის თეორიული ნაწილისა, რომელიც უმცირეს დეტალებამდე არის ცნობილი, საზოგადოების დიდი ყურადღება მისმა ვიზუალურმა მხარემაც მიიპყრო. გვიხარია, რომ თამაშის დიზაინს მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელებიდან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ თამაში ჯერ არცერთ გამომწერს არ უთამაშია. საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, თამაშის მთავარი მიმზიდველობა მდგომარეობს მის მექანიკაში. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად მარტივად გაგვეწერა წესები, რათა თითოეული ახალი მოთამაშისთვის ადვილი ყოფილიყო თამაშის ათვისება. თამაშში არსებული ათივე გმირი გამოირჩევა ინდივიდუალური ზებუნებრივი ძალებით, რაც მოთამაშეს განსხვავებული ტაქტიკური სვლების მოფიქრების აუცილებლობას უქმნის. ყველა ახალი თამაშის მეშვეობით სხვადასხვა მონაწილეს შეუძლია სხვადასხვა გმირის ზებუნებრივი ძალის მორგება და გამოყენება, რაც ყველა თამაშს უფრო მრავალფეროვანს და ამაღელვებელს ხდის. შესაბამისად ყველა ახალი თამაში არის ერთმანეთისგან განსხვავებული.
M: მეფე ვახტანგ გორგასალი როგორ მოხვდა თამაშის სახელწოდებაში?
თამაშის შექმნის პროცესში, დავინახეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა, რამაც პირველ რიგში, საქართველოს პოპულარიზაციაში მოკრძალებული წვლილის შეტანის სურვილი გაგვიჩინა. თამაში ეფუძნება გამოგონილ სამყაროს, სადაც მთავარი გმირი არის უძლეველი მეფე, რომლის გაუჩინარების შემდეგაც ათი სამეფოს გმირი იბრძვის მისი ადგილის მოსაპოვებლად. ჩვენ პარალელი გავავლეთ მითიური ისტორიებით სავსე ქართველ მეფესთან, რომელიც ცალი ფეხით „მთებს აზანზარებდა“. გარდა მთავარი გმირის სახელისა, თამაშში ბევრი ქართული ელემენტი და სახელი ფიგურირებს, მაგალითად, არმაზი, ბორჯღალი, ცივა, კრუბერას გამოქვაბული, იალბუზი და მრავალი სხვა.
M: რა ეტაპზეა თამაში ამ დროისთვის?
ამ ეტაპზე, თამაშის მექანიკის შემუშავება და აგრეთვე ატრიბუტიკის ბეჭდვის პროცესი დასრულებულია. ჩვენ უდიდესი შემართებით ვცდილობდით, რომ მომხმარებლამდე მაქსიმალურად დახვეწილი და დაბალანსებული ვერსია მიგვეტანა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დასრულებული ვერსიის ერთ-ერთი პროტოტიპი თბილისის სამაგიდო თამაშების კლუბში გაგვეგზავნა, სადაც თამაშის მსურველებს შეუძლიათ პირადად ითამაშონ და შეაფასონ “Gorgasali Battle Royale”.
ამჟამად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა მდგომარეობს პროექტის www.Kickstarter.com-ზე გაშვებაში და პრე-გაყიდვების წარმოებაში, რისთვისაც აუცილებელია საზოგადოებამ გაიცნოს და მხარი დაუჭიროს ჩვენს სამაგიდო თამაშს.
M: როგორ მოხვედით ამ ეტაპამდე?
ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და საინტერესო გზა. ვინაიდან ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, მუშაობის პროცესში წავაწყდით ბევრ სირთულეს, როგორიც არის მაგალითად, თამაშების მწარმოებლების მოძიება, შესაბამისი დიზაინერების შერჩევა, სამაგიდო თამაშების ბაზრის კვლევა, სწორი აუდიტორიის შერჩევა და მრავალი სხვა. ამ სირთულეების გადალახვაში საკმაოდ დაგვეხმარა ყველაზე წარმატებული სამაგიდო თამაშების გამომცემლების ბლოგები, რჩევები და სტატიები. გაგვიმართლა იმაშიც, რომ გუნდის თითოეული წევრი საკუთარ თავზე იღებდა კონკრეტულ პასუხისმგებლობას, რამაც დროისა და საქმის გადანაწილებაში ძალიან შეგვიწყო ხელი. გვიხარია, რომ გადავლახეთ სირთულეები და უახლოეს პერიოდში “Gorgasali Battle Royale” წარდგება მსოფლიოს სამაგაგიდო თამაშების მოყვარულთა წინაშე.
M: Kickstarter-ზე როგორ მოახერხებთ მხარდაჭერის მოპოვებას?
გვინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ჩვენი პროექტის შესახებ და წარმატებით ჩავატაროთ Kickstarter.com-ის კამპანია, რომელიც სტარტს ნოემბრის დასაწყისში აიღებს. ჩვენი წარმატების წინაპირობა მდგომარეობს საზოგადოების მხარდაჭერაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
Kickstarter არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს აქციოს თავისი კრეატიული იდეა რეალობად. პლატფორმაზე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი იდეა და მაქსიმალურად ზუსტად აუღწეროთ საზოგადოებას რაში მდგომარეობს ის. კამპანიის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია იმ ხალხის რაოდენობაზე, ვისაც კონკრეტული პროექტი მოეწონა და აპირებს წინასწარი შესყიდვის სახით მხარი დაუჭიროს კამპანიას. Kickstarter იძლევა საშუალებას, რომ მინიმალური ფინანსური დანახარჯით, ათასობით ენთუზიასტი ინვესტორი შემოიკრიბოთ ირგვლივ და გააგრძელოთ განვითარების გზა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი