გორგიას მარკეტინგის მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს — მას ამიერიდან გიორგი თურქაძე ჩაუდგება სათავეში და, როგორც ამბობს, გასულ წლებში ნაგროვებ ცოდნას ამ კუთხით მიმართავს.
2 წლით ადრე, ვიდრე აღნიშნულ პოზიციას დაიკავებდა, ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტიდან ახალდაბრუნებულმა, სადაც მარკეტინგისა და კომუნიკაციების მაგისტრის ხარისხი მიიღო, გორგიაში სოც.მედიას მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მანამდე კი სხვადასხვა სფეროში მუშაობდა, როგორც გიდად, ისე გაყიდვების მენეჯერად და პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდის წევრად. ალბათ, სწორედ ეს მრავალფეროვანი გამოცდილება იქცა იმის განმსაზღვრელად, რომ მარკეტინგის სფეროში მეტი კრეატიულობით გადაედგა ნაბიჯები…
M: გიორგი, ვისაუბროთ იმ პერიოდზე, როცა გორგიას სოც.მედია მენეჯერი იყავი… ერთი რამ ძალიან მკაფიოდ მახსოვს — შენს გამოჩენასთან ერთად კომპანიის ფეისბუქ გვერდზე სახალისო, არასტანდარტულმა პოსტებმა იმატა და საინტერესოა, რა იდგა ამგვარი მიდგომის მიღმა?
ზოგადად მიმაჩნია, რომ ყველა საქმიანობა, იქნება ეს მცირე თუ დიდი ბიზნესი, ადამიანებს უნდა უკავშირდებოდეს. ეგოცენტრულობა არასდროს ამართლებს, რადგან მსგავსი განწყობით ვერც არსებულ მომხმარებლებს შეინარჩუნებ და ვერც ახალს მოიზიდავ. ვფიქრობ, ყველაფერი წარმატებული ამ ფორმულას ეყრდნობა — როცა ცდილობ, შენი საქმიანობით ადამიანებს რაღაც დადებითი შესძინო, ისინი ყოველთვის გრძნობენ ამას. მითუმეტეს, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან ჩემი ნებისმიერი მოქმედება ემპათიაზეა დაფუძნებული…
რა თქმა უნდა, თავიდან ერთგვარ სტანდარტს მივყვებოდი, რაც მსგავსი კომპანიის სოც.მედია გვერდისთვისაა დამახასიათებელი — თითქოს, რა შემოქმედებითობა უნდა იყოს საჭირო აქციების დასაანონსებლად და პროდუქციის ფეისბუქზე ასატვირთად. თუმცა, რადგანაც ხელმძღვანელებისგანაც თავისუფლება მქონდა, ნელ-ნელა დავიწყე კონტენტის შეცვლა. თავიდან „ფრთხილად მივეპარე“ რეკომენდაციის ტიპის პოსტებს: მაგალითად, რისთვის არის ჰამაკი კარგი? თანდათან კი პოეტური რითმებიც შემომეპარა და ასე ვიქეცი სოც.მედია მენეჯერად, რომელიც მომხმარებელთა განწყობასა და კომპანიის პიარზე ერთდროულად ზრუნავდა — რეალურად, ადამიანების საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე შევქმენი ერთგვარი პატერნები. ერთი-ორჯერ ბეწვის ხიდზეც გამივლია, მაგრამ მასობრივად დადებითი დამოკიდებულება მოჰყვა ამგვარ კონტენტს.
M: საინტერესოა, მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელობისას როგორ გამოიყენებ იმ პრინციპებს, რომელთაც წინა პოზიციაზე ეყრდნობოდი?
სიმართლე გითხრა, ის, რაც აქამდე ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩანდა, სწორედ მარკეტინგის გუნდის ხედვას ემთხვეოდა. მთლიანობაში ისეთები შევიკრიბეთ, ვინც ნებისმიერი თამამი იდეის მიმართ ღიაობას ინარჩუნებს. უშუალოდ ჩემებურ მიდგომას რაც შეეხება, თუ აქამდე ძირითადად ციფრულ არხებსა და ფეისბუქ კონტენტში ვლინდებოდა, ახლა გაცილებით ფართო მასშტაბებს შეიძენს და მრავალ მიმართულებას შეეხება.
M: მოდი, ცოტა განსხვავებულად გკითხავ: თუ სოც.მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას შენი ნიშა სახალისო რითმები იყო, მარკეტინგის პოზიციაზე მუშაობისას როგორ გინდა, ხალხს რომ დაამახსოვრდე?
ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ალბათ, ამ ამოსავალი წერტილიდან ვხელმძღვანელობთ ხოლმე… მსურს, მარკეტინგისა და ბიზნეს სფეროში საზოგადოება დავამახსოვრდე ინოვაციურ ადამიანად, რომელმაც მრავალი სიახლე დანერგა; ასევე, ხალხისთვის დადებითი ცვლილებები განახორციელა და „ხელშესახებად“ იზრუნა როგორც გარემოზე, ისე სოციუმზე. ამაში ძალიან დამეხმარება გორგიაში მუშაობა, რადგან ეს ის კომპანიაა, სადაც ახლა კიდევ უფრო აქტიურად ვიწყებთ მდგრად განვითარებაზე ფოკუსირებას — იქნება ეს კორპორაციული მდგრადობა თუ ეკომიმართულება.
გულწრფელად გითხრა, საკვებივით მჭირდება განვითარება… თუ ამას ვერ ვახერხებ, შეუძლებელია ერთ ადგილას გაჩერება. ამის გათვალისწინებით, მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელობისას, უამრავ სიახლეს ვგეგმავთ და განვითარებაც მუდმივი ხასიათის იქნება.