ატლანტას ზოოპარკში გორილები თავიანთ მომვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, რისთვისაც უნიკალური ხმაც გამოიგონეს. ისინი მათ უცნაური ხველისა თუ ცემინების გამოყენებით ეძახიან. საინტერესოა ისიც, რომ აქამდე ახალი ვოკალიზაციის შექმნის უნარი მხოლოდ ორ სახეობას აღმოაჩნდა — ესენი არიან ზოოპარკში მობინადრე შიმპანზეები და ორანგუტანები. ახლა კი ამ სიას გორილები თამამად შეგვიძლია დავამატოთ.
24 წლის მდედრობითი სქესის გორილა სუკარი ადამიანის დაცემინების მსგავს ბგერასა და მოძრაობას აჩვენებს:
როგორც ჩანს, ეს მათი ჩვენთან კომუნიკაციის ახალი გზაა. თუმცა იმისათვის, რომ დაედგინათ, რა მიზანი ჰქონდა ამ „ცემინებას“, ანთროპოლოგმა რობერტა სალმიმ და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს — ზოოპარკის 8 გორილა 3 განსხვავებულ სიტუაციაში გამოცადეს. პირველში მხოლოდ მომვლელი იმყოფებოდა, მეორეში მხოლოდ საჭმელი, მესამეში კი მომვლელს ხელში საჭმელი ეჭირა. „დაცემინება“ გორილებმა მხოლოდ მესამე სიტუაციაში გამოიყენეს, რაც, სავარაუდოდ, მომვლელისგან ყურადღების მიქცევის მცდელობა იყო.
საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი შემთხვევა ამერიკისა და კანადის 11 ზოოპარკშიც დაფიქსირდა. დიახ, გორილები იქაც მსგავს ხმებს გამოსცემდნენ.
ხოლო ისეთი ენის კომპონენტები, როგორებიცაა ვოკალური სწავლება, სინტაქსი და სემანტიკა, სხვა ცხოველების საკომუნიკაციო სისტემებში იჩენს თავს. თუმცა აქამდე ფიქრობდნენ, რომ ჩვენი მსგავსი ხმების გადმოსაცემად არაადამიანი პრიმატები საჭირო რესურს არ ფლობდნენ, ახლა კი ეს, შესაძლოა, სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამებოდეს.
უნიკალური ხმების წარმოება ცხოველთა სამეფოში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაცაა, თუმცა ზოგიერთი სახეობის ფრინველს, ღამურებს, სელაპებსა და სპილოებს ამის უნარი ნამდვილად აქვთ. ამას კი ისინი მიბაძვით სწავლობენ. ხოლო აკუსტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ გორილების „ხველა“ უნიკალური ხმაა და არა, მიბაძვის შედეგი.
„გორილებს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ხმები და მეტიც, მომვლელის ყურადღების მისაპყრობად ხმები და ჟესტები განზრახ წარმოქმნან“, — აცხადებენ მკვლევრები.