ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ გზაზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
ნუგზარ სხირელის მიერ გორში შექმნილ თავისუფალი ჭიდაობის სკოლაში ამჟამად 34 მომავალი ჩემპიონი სწავლობს. ეს არის სივრცე, სადაც არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონი აღიზარდა და მომავალშიც, კიდევ მრავალ წარმატების ისტორიას გვიქადის.
დღეს ამ სკოლაში სწავლობენ პატარა და დიდი სპორტსმენები. თავად სკოლა კი ნუგზარ სხირელის სახელს ატარებს და 34 მომავალ ჩემპიონს უქმნის ყველა პირობას, რომ მათ კარიერული გზა საუკეთესოდ გაიარონ.
„ჭიდაობა ერთ-ერთი უძველესი ქართული სპორტია, მას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. ქართველებს ბევრი გამორჩეული ფალავანი გვყავდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ქართველები ძლიერი ხალხი ვართ, მამაცები, შეუპოვრები. მაგრამ იმისთვის, რომ ძლიერი იყო, ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, არ უნდა გეზარებოდეს, რასაც აკეთებ, სულით და გულით უნდა გიყვარდეს”.
ასეთი სპორტული თუ ზოგადი აზროვნება აქვთ დღეს ამ სკოლის ახალგაზრდებს და ისინი ამ ისტორიული მნიშვნელობის სკოლაში არა მხოლოდ საჭიდაო უნარებს, არამედ სპორტის ისტორიას, სპორტული პრინციპების დაცვას, სწორ მენტალობასა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას სწავლობენ.
“ჩვენ ყველა ჩემპიონობაზე ვოცნებობთ. გვინდა, ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ჩემპიონების გზა, გენოს გზა, ლადოს გზა და კიდევ ბევრის. არ გავჩერდებით, რადგან ეს სკოლა ჩემპიონების სკოლაა”.
გორის პატარა ქალაქის ამ პატარა სკოლამ საამაყო ჩემპიონები გამოზარდა – პირადად ნუგზარ სხირელის აღზრდილები არიან ოლიმპიური ვერცხლისა და ოქროს პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი და ოლიმპიური ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.
დავით პოღოსიანი, ბესარიონ გოჩაშვილი, ოთარ თუშიშვილი… კიდევ მრავალი ჩემპიონის დასახელება შეგვიძლია ახლა და შევძლებთ მომავალშიც. თითოეულმა მათგანმა კი სწორედ გორის საჭიდაო სკოლაში გადადგა პირველი სპორტული ნაბიჯები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ლიდერი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ზოგჯერ სწორედ გორში ჩამოდიან ხოლმე, სავარჯიშოდ და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განსავითარებლად.
ნუგზარ სხირელის სკოლა საერთაშორისო დონის სკოლებთან შედარებით ბევრი უპირატესობით ლიდერობს, განსაკუთრებით კი – ჩემპიონების აღზრდით… ტალანტი, ნიჭი, მონდომება, სწორი სპორტული პოლიტიკა და რაც მთავარია, მომავალი – ეს არის ის, რასაც გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა გვთავაზობს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალი ჩემპიონების აღზრდას და გვახსოვდეს, რომ საუკეთესო წინ არის!
გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის შესახებ ნახეთ ვიდეო:
[R]