12
Oct
2018

ახალი ბიზნესიდეა გაქვთ? აზრს ნურავის შეეკითხებით!

12 Oct 2018

თუ ახალი ბიზნესის იდეა გაგიჩნდათ, აზრი არავის ჰკითხოთ. სჯობს, საკუთარი შეხედულებებით და თუნდაც, ინსტინქტებით იხელმძღვანელოთ.

statiebi-bog
statiebi-bog

„რამდენიმე თვის წინ, ჩემთან ერთი ახალგაზრდა – ჩარლზი – მოვიდა. ბიზნესის დაწყებას აპირებდა და აზრი აინტერესებდა. საუბარი იყო ბიტკოინის მსგავს კრიპტოვალუტაზე. დღეს 15 000-მდე ასეთი მონეტა არსებობს. მარწმუნებდა, ეს აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტიაო. მკითხა, რას ვფიქრობდი კრიპტოვალუტაზე. ჩარლზსაც იგივე ვუპასუხე, რასაც სხვებს ვეუბნებოდი: რა მნიშვნელობა აქვს ჩემს აზრს, მთავარია შენ რას ფიქრობ. კი მაგრამ, რაღაც აზრი ხომ გაქვთ ამ თემაზე? – არ მომეშვა. რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ შეიძლება მე ვცდებოდე-მეთქი და მერე ერთი ამბავი მოვუყევი:

1969 წელს, 26 წლის რომ ვიყავი, იურისტად ვმუშაობდი, ბრუკლინში. ერთი ბიჭი მოვიდა, რიჩარდ ნადერი. Madison Square Garden-ში Felt Forum-ის სცენაზე პირველი, 1950-იანი წლების Rock & Roll ჰიტების კონცერტის ჩატარება უნდოდა. მთხოვდა ამ საქმეში $25 000 „ჩამედო“ და რა თქმა უნდა, ჩემი აზრიც აინტერესებდა. ვუთხარი, ყველაზე სულელური იდეაა, რაც აქამდე მსმენია-მეთქი. მაშინ ამერიკაში კონცერტების ჩატარების აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა იყო, მეც და ბევრი სხვაც, ვფიქრობდით, არც ერთი ბენდი არ გამოვიდოდა ასეთ (თეატრალურ) სივრცეში.სიმართლე გითხრათ, არც პროექტის შინაარსითა და ფორმატით მოვიხიბლე. რიჩარდი, ჩემს გარდა, მუსიკალური პრომოუტერის დიკ კლარკის დაყოლიებასაც ცდილობდა, თუმცა – უშედეგოდ. ბოლოს, ფული ავეჯის მწარმოებლებისგან ისესხა და 1969 წლის 18 ოქტომბერს Rock & Roll Revival-ის 2 შოუ ჩაატარა. კონცერტებში საკმაოდ პოპულარული ამერიკული ჯგუფები Shirelles, Platters, Coasters და ა.შ. მონაწილეობდნენ. ორივე წარმოდგენაზე ანშლაგი იყო. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ, ცოტა ხანში, Felt Forum-დან (4 500 კაციანი დარბაზი), ქალაქის მთავარ სცენაზე გადაინაცვლეს, სადაც 20 000 ადამიანი ეტევა. მოგვიანებით, ნადერმა კომპანია შექმნა და მისი ორგანიზებული კონცერტები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სცენაზე ფურორს ახდენდა. იცით ჩვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდა? Madison Square Garden-ში რამდენ კონცერტსაც მართავდა, 2 ბილეთს მიგზავნიდა. ეს წლები გრძელდებოდა და სულ მახსენებდა, როგორ შევცდი – იმ „სულელური იდეით“ ხომ მილიონები იშოვა. რიჩარდი 9 წლის წინ გარდაიცვალა. მისი კომპანია დღესაც მართავს Rock & Roll Revival-ის კონცერტებს.

ეს გაკვეთილი აღმოჩნდა. მას შემდეგ, არც ერთ დამწყებ ანტრეპრენუარს ბიზნესიდეაზე ჩემს აზრს არ ვეუბნები. მეტიც, ვურჩევ, არავის მოუსმინოს. ყოველთვის გამოჩნდებიან სკეპტიკოსები, ვინც იდეას დაუწუნებს და შეიძლება, გადაარწმუნოს კიდეც, რომ არ ღირს ამ საქმის წამოწყება.

ჩარლზი მიხვდა, რომ ჩემთვის აზრი არ უნდა ეკითხა. შევთავაზე, იმაში გაგიწევ კონსულტაციას, შენი იდეის განსახორციელებლად ფული როგორ იშოვო-მეთქი. რეალურად, ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება ახალი კრიპტოვალუტის ბიზნესი“, – ანტრეპრენუარი, Inc.-ის ავტორი ნორმ ბროდსკი.

წყარო:  Inc.com



განხილვა