კონდიტერია რომ ხელოვნების ნაწილია, აღარავინ დავობს. ამაზე მეტყველებს პროცესიც და შედეგიც. იქიდან გამომდინარე, რომ ტორტის გაჭრა უკვე ნებისმიერ დღესასწაულზე კულმინაციაა, აუცილებელია, მისი ვიზუალი შთამბეჭდავი იყოს. სწორედ ამიტომ, ხშირად, ტორტის გემო მეორეხარისხოვანი ხდება და მთავარი აქცენტი სწორედ დიზაინზე კეთდება. მომხმარებლების ნაწილი სოციალურ ქსელში ხშირად კითხულობს, სად შეიძლება შეუკვეთონ ტორტი, რომელსაც ვიზუალიც და გემოც ერთნაირად მაღალი დონის ექნება, რადგან საკონდიტროები აქცენტს სწორედ ვიზუალზე აკეთებენ და ხარისხზე ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავენ.
ეს ყველაზე მთავარ შეცდომად მიაჩნია „გურმეს“ დიზაინერს, ქეთი ბარნაბიშვილს. ქეთი საკონდიტრო სფეროში უკვე16 წელია მუშაობს და აქედან 10 წელია მხოლოდ „გურმესთან“ თანამშრომლობს. ამის ორი მიზეზი აქვს — გარემო და პრინციპები. „გურმესთვისაც“ და ქეთი ბარნაბიშვილისთვისაც გემო, ნედლეულის ხარისხი და პროდუქტის ვიზუალი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

როდის გაგიჩნდათ ინტერესი კონდიტერიის მიმართ და როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?
ხატვა, ძერწვა და, ზოგადად, ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარს. ამ სფეროსთან პატარაობიდან ახლოს ვტრიალებდი, თუმცა როცა შემოთავაზება მივიღე, ტორტების დიზაინერი გავმხდარიყავი, მაინც მოულოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, ბევრი არ მიფიქრია და სიამოვნებით დავთანხმდი. ამ პროფესიით მომეცა შესაძლებლობა, ჩემი შემოქმედებითი უნარები საკონდიტრო ინდუსტრიაში განმეხორციელებინა, რაც მაშინ ჩემთვის საკმაოდ დიდი და საინტერესო გამოწვევა იყო. გავიარე არაერთი მასტერკლასი და ტრენინგი, რომლებსაც, ძირითადად, უცხოელი პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ. ისე მოხდა, რომ საბოლოოდ სწორედ კონდიტერიაზე გავაკეთე არჩევანი და უკვე მეთექვსმეტე წელია, ამ სფეროში ვმუშაობ.
თქვენი და „გურმეს“ საერთო ისტორია როდის დაიწყო?
„გურმეში“ დაარსების დღიდან ვმუშაობ. არაჩვეულებრივი სამუშაო გარემო დამხვდა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „გურმე“ ჩემი მეორე ოჯახია. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი და ამ კომპანიის პრინციპები ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა. „გურმეში“ მიგვაჩნია, რომ ხარისხი, გემო და პროდუქტის ვიზუალი ერთნაირად შთამბეჭდავი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პროდუქტს, რომელიც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს. პირველი, რასაც ვხედავთ, ტორტის ვიზუალური მხარეა და ამაზე საკმაოდ დიდხანს ვმუშაობ. თუმცა ანალოგიური ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები ტორტის შიგთავსის დამზადების პროცესსაც. „გურმეში“ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, რაც გემრიელი პროდუქტის მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამ დეტალების ერთობით იქმნება სრულყოფილი დესერტი.
რა ტიპის ტორტებს სთავაზობს „გურმე“ მომხმარებელს?
ჩვენთან ტორტები ტრადიციული ბისკვიტითა და კრემებით მზადდება. ცხადია, ყოველგვარი დანამატების გარეშე და ამიტომ, აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. „გურმეში“ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტორტი ნებისმიერი ტიპის დღესასწაულისთვის, მათ შორის, ვმუშაობთ საქორწილო, საბავშვო, კორპორაციულ ტორტებსაც. შეკვეთის მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ტიპის სირთულის დაძლევა შეგვიძლია.

რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, როდესაც შეკვეთას იღებთ და როგორ ურჩევთ დიზაინს კლიენტს?
ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია, შეკვეთის მომზადებისას მომხმარებლის ინტერესი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ბოლო პერიოდში, დიზაინს თავად მომხმარებელი გვიგზავნის. ხშირად, ჩვენი გვერდიდანაც არჩევენ არსებულ ვიზუალს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, რომ მხოლოდ თემატიკა, ან ფერები უთქვამთ და დანარჩენი ჩვენთვის მოუნდვიათ. უკმაყოფილო კლიენტი ჯერ არ გვყოლია.
კონდიტერია სწრაფად განვითარებადი სფეროა. რამდენად ეცნობით ახალ ტრენდებს?
ეს უწყვეტი პროცესია. მუდმივად ვცდილობ, გავეცნო და ავითვისო ბაზარზე არსებული სიახლეები და „გურმეს“ მომხმარებელს მაღალი სტანდარტის პროდუქცია შევთავაზო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი და არ გვქონდეს შეუსრულებელი დავალება. ამისათვის ახალი ტექნიკებისა თუ ტრენდების ცოდნა აუცილებელია.
[R]












