
Spotlight-ს მთელი ქართული მარკეტინგული საზოგადოება მოუთმენლად ელოდება. 2016 წლის მარკეტინგული დღესასწაული 10 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ვერცხლის სპონსორი სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი“ იქნება. Spotlight-ის მნიშვნელობასა და მის სპონსორობასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, თინათინ სტამბოლიშვილისგან შეიტყობთ.
M: რატომ უჭერს მხარს “ჯიპიაი ჰოლდინგი“ Spotlight-ს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი და ნოვატორული იდეები ბიზნეს სფეროში და როგორც კომპანია, არაერთ ისეთ წამოწყებას ვუჭერთ მხარს, რომელიც სწორედ ასეთ თანამედროვე, კრეატიული და ეფექტური პროექტების განვითარებას გულისხმობს.
პირადად ჩემთვის, „სფოთლაითი“ ერთგვარი წარმატების სიმბოლოა: სივრცე, სადაც არ გერიდება ერთმანეთისგან სწავლა, სხვისი წარმატებისა და შრომის აღიარება და დაფასება. სწორედ, ასეთი გარემო ავითარებს ჯანსაღ კონკურენციას, გამყოფებს „ფორმაში“ და კარგად განახებს, რა გაკლია და რა გაქვს. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მარკეტინგის, არამედ ნებისმიერი სფეროსთვის მნიშვნელოვანია.
M: როგორ და რატომ გადაწყვიტეთ Spotlight-ის სპონსორობა?
ჩვენთან, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, ყოველ წამს რაღაც იცვლება და ინერგება ახალი ტექნოლოგია, ან მიდგომა. მოკლედ, არაფერი დგას ერთ ადგილას. ვფიქრობ, „სფოთლაითი“ სწორედ ამ გამუდუმებული სწავლის, ახლის ძიებისა და შემეცნების არეალია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ეუფლება ამ პროფესიას, ხოლო უკვე შემდგარი პროფესიონალებისთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომ გაიგონ, რას აკეთებენ მისგან განსხვავებულს და როგორ „ამოხსნა“ სხვამ ესა თუ ის ამოცანა.
M: რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება თქვენთვის?
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ საქართველო ამ სფეროში „მიჩანჩალებს“, არაფერი ახალი არ ხდება, და ა.შ. “სფოთლაითმა“ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არსებობენ პროფესიონალები კომუნიკაციასა თუ მარკეტინგში, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს და ეს, პირველ რიგში, მაღალ თვითშეფასებაში გვიწყობს ხელს. ამასთან, ერთგვარი კონკურენტული ჟინითაც გვავსებს, რათა არც ჩვენ ჩამოვრჩეთ დროს და მუდმივად ვისწავლოთ და განვვითარდეთ. ცხადია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია, დავინახოთ ამ ხალხის არსებობა და რომ მონდომებითა და მაღალი მოტივაციით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
Spotlight-მა ჩვენს სფეროში თამასა მაღლა ასწია და შეიძლება ითქვას, თამაშის წესები შეცვალა. მინდა, ორგანიზატორებს კიდევ უფრო მეტი შემართება და არაერთი სხვა წარმატებული პროექტის განხორციელება ვუსურვო.