OpenAI-მ, როგორც იქნა, წარადგინა GPT-4, ახალი თაობის ენობრივი მოდელი, რომელიც გასული წლის განმავლობაში მუშავდებოდა. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიის უკანასკნელი ჰიტი, ChatGPT უკვე ყველამ კარგად გაიცნო, მაგრამ OpenAI-მ GPT-4 კიდევ უფრო დიდი და უკეთესი გახადა.
თუმცა ამ პროექტზე OpenAI ბევრს არ ლაპარაკობს. GPT-4 არის ყველაზე საიდუმლო გამოშვება, რომელიც კომპანიამ ოდესმე შეიმუშავა, რაც აღნიშნავს მის სრულ გადასვლას არაკომერციული კვლევითი ლაბორატორიიდან მომგებიან ტექნიკურ ფირმაზე.
GPT-4 არის მულტიმოდალური ენის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია უპასუხოს როგორც ტექსტს, ასევე სურათებს. მაგალითად, მიეცით მას თქვენი მაცივრის შიგთავსის ფოტო და ჰკითხეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. GPT-4 შეეცდება მოიფიქროს რეცეპტები, რომლისთვისაც გამოიყენებს სურათზე გამოსახულ ინგრედიენტებს. ასევე ის შესანიშნავად ხსნის ხუმრობებს. თუ მას მიმს აჩვენებთ, ის გეტყვის, რატომ არის ეს მიმი სასაცილო. ამასთან, ის ხსნის მარტივ თავსატეხებს, როგორებიცაა ტექსტის ბლოკების შეჯამება ისეთი სიტყვებით, რომლებიც ერთნაირი ასოებით იწყება.
OpenAI-ის თანახმად, GPT-4 უკეთესად მუშაობს, ვიდრე ChatGPT, რომელიც დაფუძნებულია GPT-3.5-ზე, ფირმის წინა ტექნოლოგიის ვერსიაზე, რადგან ეს უფრო დიდი მოდელია და მეტი პარამეტრი აქვს. ამით ის თავისივე ტენდენციას მიჰყვება – GPT-3-მა აჯობა GPT-2-ს, რადგან ის 100-ჯერ უფრო დიდი იყო. პროექტის ერთ-ერთი დეველოპერი ამბობს, რომ ეს ჰგავს კოსმოსური ხომალდის აშენებას, სადაც თქვენ უნდა მოაწყოთ ყველა პატარა კომპონენტი და დარწმუნდეთ, რომ არცერთი მათგანი არ გიმტყუნებთ.
GPT-4-ზე წვდომა ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდებიან ლოდინის სიაში და პრემიუმ ფასიანი ChatGPT Plus-ის აბონენტებისთვის.
OpenAI აცხადებს, რომ GPT-4ის მომზადებას 6 თვე დასჭირდა, რათა უსაფრთხო და დახვეწილი ყოფილიყო. კომპანიის თქმით, GPT-4ის პასუხები უფრო ეფექტურია ისეთ კონტენტთან მიმართებით, რომლის ნებართვასაც OpenAI არ იძლევა
OpenAI ამბობს, რომ მან ამ შედეგებს იმავე მიდგომის გამოყენებით მიაღწია, რაც chat GPT-თან გამოიყენა. ის ამისთვის ადამიანების უკუკავშირს იყენებდა.ეს გულისხმობს მოდელისგან მიღებული განსხვავებული პასუხების ქულებით შეფასებას მომავალი შედეგის გასაუმჯობესებლად.
ამ გამოცემას კომპანია განიხილავს როგორც ბიზნეს პროდუქტს და არა როგორც თავისივე კვლევის განახლებას. GPT-4-ის ადრეული ვერსიები გაზიარებული იქნა OpenAI-ის პარტნიორთან, მათ შორის Microsoft-თან, რომელმაც დაადასტურა, რომ გამოიყენა ვერსია bingchat-ის შესაქმნელად. OpenAI ასევე მუშაობს კომპანიებთან: Stripe, Duolingo, Morgan Stanley და ისლანდიის მთავრობასთან, რომელიც იყენებს GPT 4-ს ისლანდიური ენის შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა კომპანიაც ელოდება თავის რიგს. ზოგადად, მსგავსი მასშტაბის ენობრივი მოდელები კომპანიების უმეტესობისთვის მიუწვდომელია, მაგრამ OpenAI-ის მიდგომამ დიდი ენობრივი მოდელები ძალიან ხელმისაწვდომი გახადა სტარტაპებისთვისაც კი.