საქართველოს წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) კამპანია #დაზოგეწყალი მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რესურსის არასწორ გამოყენებას. როგორც GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე ამბობს, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ აღიქვას საკითხი და გაუფრთხილდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივ რესურსს.
ეკა ბერიძე: კამპანია #დაზოგეწყალი, #გაუფრთხილდიგარემოს – ეს არის ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანება, როგორიც გარემოზე ზრუნვა და წყლის რესურსის გაფრთხილებაა. რაც მთავარია, კამპანიის მიზანია, ასევე, მყარი საფუძვლის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდი თაობის იმაზე უკეთეს მოქალაქედ ჩამოყალიბებას, ვიდრე ჩვენ ვართ. კამპანიაში ჩართულები არან ვაკე-საბურთალოს სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და, ამ ეტაპზე, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ. მოზარდი თაობისთვის ეს არის არაფორმალური განათლების მიღების საუკეთესო შესაძლებლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებს აქვთ ძალიან საინტერესო ხედვა საკითხის მიმართ და ინფორმაციის გავრცელების შესანიშნავ გზებს მიაგნეს.
M: რამდენადაც ცნობილია, ეს არ არის ცალკეული კამპანია. ეს gwp-ის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებია. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი კამპანიის განხორციელება?
დიახ, ზუსტად ასეა. ჩვენ, „ჯივიპი“ გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ საკითხის მიმართ, რადგან წყლის არასწორი ხარჯვა იწვევს იმ ძვირადღირებული ბუნებრივი რესურსის კარგვას, რომლის მოპოვებაზეც დიდი ენერგია და რესურსი იხარჯება. წყლის სასმელად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანა ძალიან რთული პროცესია. მართალია წყლის რესურსი ბუნებრივად განახლებადია, მაგრამ ადამიანების მხრიდან რესურსის არასწორი გამოყენება ჩვენთვის და გარემოსთვის მას უვარგის ხდის.
M: რა არის მთავარი მიზანი?
კამპანიის გზით ჩვენ უნდა შევძლოთ მოსახლეობამდე საჭირო ინფორმაციის მიტანა. გვჯერა, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ქმედება, #ჩვენვუფრთხილდებით.
M: რატომ უნდა დავზოგოთ წყალი დღეს? წინააღმდეგ შემთხვევაში, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ?
ბუნებრივი კითხვაა. საქართველოში ძალიან ბევრს უკვირს – რატომ უნდა დავზოგოთ წყალი? რეალურად, ძალიან ბევრმა არ იცის რამხელა რესურსი და ძალა სჭირდება წყლის სასმელად ვარგის მდგომარეობამდე დაყვანას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, ბუნებრივი რესურსის არასწორ გამოყენებას შეუძლია წყლის დეფიციტის გამოწვევა. მსოფლიო მასშტაბით, სტატისტიკურად, ყოველ მე-9 ადამიანს სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება. საერთაშორისო კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორი მოხმარებისა და სხვა მიზეზების გამო, 2025 წლისთვის ეს რიცხვი 3-ჯერ გაიზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავფლანგოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსი.
M: რა შედეგს ელოდებით ამ კამპანიიდან?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით საზოგადოების დაინტერესებას, საკითხის სწორად აღქმას და, გარკვეულწილად, ამას უკვე მივაღწიეთ. კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, ისინი ავრცელებენ ვიდეო მიმართვებს, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წყლის რესურსის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს კამპანია იქნება მყარი საფუძველი იმ პასუხისმგებლობის გააზრებისა, რომ თითოეული ჩვენგანი გარემოს ნაწილია და მასზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენს.
M: სამომავლოდ ამ მიმართულებით რა აქტივობებს გეგმავთ?
პირველ ეტაპზე, ჩვენ ვართ კონცენტრირებული საგანმანათლებლო ნაწილი ამოვწუროთ, თბილისის ყველა სკოლის მოსწავლე ჩავრთოთ პროექტში, ჩავატაროთ ტრენინგები, მოზარდ თაობას მივცეთ საშუალება მიიღონ არაფორმალური განათლება. საბოლოო მიზანი, კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა წყლის რესურსი დაზოგვის და გარემოს გაფრთხილების შესახებ.
[R]