in

GRMUSIC, ანუ საქართველოს ღირსშესანიშნაობებიდან აჟღერებული ელექტრონული მუსიკა

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ელექტრონული მუსიკა ისმის. ამ ჟანრში მოღვაწე არტისტები საქართველოს ღირსშესანიშნაობებს სტუმრობენ და იქიდან მსმენელს ლაივ-სეტებს სთავაზობენ. ყველაფერი ეს კი სიძველისა და თანამედროვეობის ორიგინალურ შერწყმას იძლევა. პროექტს სახელად GRMUSIC ეწოდება და ის ამჟამად არსებული შეზღუდვების ფონზე, თბილისიდან გვთავაზობს ლაივებს. პროექტის შესახებ მის თანაავტორს, გიორგი დეკანოიძეს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა იდეა, მსგავსი პროექტი წამოგეწყოთ?

 საქართველოში ელექტრონული მუსიკის პოპულარობის კვალდაკვალ, თანამოაზრეების ჯგუფთან ერთად, დავაფუძნეთ  რეგიონალური ელ.მუსიკის ფესტივალი GEORGIAN RAVE. ამასთან ერთად, შეიქმნა ახალი მუსიკალური პლატფორმა GRMUSIC -ი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქვეყნის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ღირსეშანიშნაობებს  ელექტრონული მუსიკის თანხლებით.

 M: როგორ ფიქრობთ, რაშია ამ პროექტის ორიგინალურობა? 

ცნობილია, რომ მსგავსი პროექტები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ, ზეზვა და მზია პირველი ევროპელები იყვნენ, გაგვაჩნია საკუთარი დამწერლობა და საინტერესო პოლიფონიური მუსიკალური ჟღერადობა, ვფიქრობთ, სინტერესოა იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლია ორ სრულიად განსხვავებულ რეალობას გადაკვეთა და შერწყმა.

 M: გარდა მუსიკალური კუთხისა, რას ემსახურება მსგავსი ფორმატით ლაივების ჩატარება?

ლაივ-ფორმატი იძლევა საშუალებას, ვიდეორგოლის საშუალებით, სანახაობრივად მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტისთვის, ან თუნდაც მათთვის, ვინც მოგზაურობას ვერ ახერხებს.

 M: ძირითადად, რა ჟანრის მუსიკოსებს მასპინძლობთ?

GR MUSIC-ის მთავარი მიმართულება ელექტრონული მუსიკაა და ამ სფეროში მოღვაწე არტისტებს ვმასპინძლობთ, თუმცა არ გამოვრიცხვთ ექსპერიმენტებსაც. ახლო მომავალში დაგეგმილია, გადავიღოთ დიჯეისა და მუსიკოს დათო ევგენიძის მუსიკალური კოლაბორცია.

M: ამჟამად რა ეტაპზე ხართ?

 ვემზადებით გადაღებისთვის. ახალი ვიდეო-სეტით პანდემიისგან გაჩერებულ თბილისის ამბავს მოგიყვებით.

 M: როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

ნაბიჯ- ნაბიჯ ვაპირებთ, მივიდეთ მთავარ მიზნამდე – საფესტივალო ფორმატში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ გავმართოთ ლაივ-სეტები მსმენელთან ერთად. ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი იქნება ‘’ზეზვა და მზია’’. 

Spotify-ზე “ჰარი პოტერის” აუდიო ვერსია დაემატება, რომელსაც ცნობილი ადამიანები გაახმოვანებენ

TM გიული ჩოხელისადმი მიძღვნილ მინიალბომს აქვეყნებს