in

რას სთავაზობს არაქსელურ მარკეტებსა და მაღაზიებს „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“?!

ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“ არაქსელურ მარკეტებს, ქართული წარმოების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სხვა მაღაზიებს აერთიანებს. მისი შექმნის მთავარი მიზანი რითეილერების იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება და კონსულტაციებია. ასევე – მათთვის ტრენინგებისა და სხვა აუცილებელი სერვისების შეთავაზება. ასოციაციის თავმჯდომარე ლუკა ჭელიძე ამბობს, რომ მათი მომსახურება განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, მსოფლიო პანდემიისა და კრიზისის დროს.

BOG
BOG

როგორ და ვის შეუძლია ასოციაციაში გაწევრიანება, კონკრეტულად რას სთავაზობენ არაქსელურ მაღაზიებს, ან რას გეგმავენ სამომავლოდ, თავად ლუკა ჭელიძე გიამბობთ.

ლუკა ჭელიძე: ასოციაცია აერთიანებს არაქსელურ მაღაზიებს. მისი შექმნით გვინდოდა, რითეილერებს  იმ პერიოდში, ახლად დაწესებული რეგულაციების შესრულებაში (ეტიკეტირების, ბიოდეგრადირებადი პარკების, შრომის კოდექსის, თამბაქოს ხილვადობის შესახებ) იურიდიული და ბუღალტრული მომსახურებით თუ ტრენინგებით დავხმარებოდით. ჩვენი მთავარი მიზანი იყო არაქსელური მარკეტების ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანება, რომელიც წარმოადგენდა, სადაც საჭირო იქნებოდა, მაგალითად, სამთავრობო უწყებებში და მათ უფლებებს დაიცავდა. მაშინ, უბნის მაღაზიები, ე.წ. TT მაღაზიები, მთლიანი ბაზრის, 70% შეადგენდა. ეს იყო პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ახალი რეგულაციები რომ დაეცვათ, დიდ ქსელებს ჰქონდათ ფუფუნება, იურისტიც აეყვანათ და ტრენინგებიც გაევლოთ. რჩებოდნენ არაქსელური მაღაზიები, რომლებიც, რეალურად, დიდი და ცნობილი ბრენდების გაყიდვების საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ და ქართული პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი გაყიდვის ადგილია. იმ პროდუქტებს ვგულისხმობ, რომლებიც ვერ შედის ქსელურ სუპერმარკეტში არსებული გადასახადებისა და პროცედურების გამო.

მხოლოდ პროდუქტების მაღაზიებზეა საუბარი? ვის და როგორ შეუძლია ასოციაციაში გაწევრიანება?

ჩვენი ერთი მიმართულება გვაქვს: ვთანამშრომლობთ უკვე გახსნილ რითეილ მაღაზიასთან. ასოციაციაში გაწევრიანებისთვის, პირველ რიგში, მსურველებმა უნდა მოგვმართონ და გავუგზავნით სარეგისტრაციო ფორმას. შემდეგ დირექტორთა საბჭო მას გადაამოწმებს და დაამტკიცებს. ძალიან მარტივი პროცედურაა, ერთ დღეში ვუბრუნებთ პასუხს. ჩვენთან დაკავშირება ძალიან მარტივია, ყველგან მარტივად ხელმისაწვდომები ვართ Facebook-ზე თუ ვებგვერდზე. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეუძლია გაწევრიანება: ჩვენი წევრი შეიძლება იყოს არაქსელური მაღაზია. 2 წლის წინ, როცა ასოციაცია იქმნებოდა, რესურსები მაქსიმალურად მივმართეთ ყველაზე რეგულირებადი სფეროსკენ, ვგულისხმობ, სწრაფი მოხმარების პროდუქტების მარკეტებს. დაახლოებით, 1.5 წელი ამ მაღაზიებზე ვიყავით ორიენტირებულები და პანდემიამდე 500-მდე წევრი გვყავდა. შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ტრადიციული რითეილი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ქართველი მეწარმეების პროდუქცია და ა.შ. გადავწყვიტეთ, რომ მათაც დავხმარებოდით იურიდიულ თუ საბუღალტრო საკითხების გარკვევაში, ცნობადობის გაზრდაში. ახლა ჩვენს ასოციაციაში დააახლოებით, 30-მდე სამკაულების, სამოსის, ფეხსაცმლის რითეილ მაღაზიაა.

პანდემიის პერიოდში როგორ შეიცვალა სიტუაცია? 

პანდემიის პერიოდში რითეილ, არაქსელური ობიექტებისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახდა იურიდიული თუ ბუღალტრული კონსულტაციები. კომენდანტის საათის დროსაც კი, ეს მაღაზიები ხომ გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ მაინც სულ მუშაობდა?! თან იყო ყველაზე რეგულირებადი და შემოწმებადი. საშვებისა თუ გადაადგილების წესების შესახებ ინფორმაცია ყველას აინტერესებდა, სჭირდებოდათ კონსულტაციები, როგორ და რა უსაფრთხოების ნორმები უნდა დაეცვათ. ჩვენ ასოციაციის წევრობის მსურველთა რიცხვი, თებერვლიდან მოყოლებული ძალიან გაიზარდა, დღეს 940 მაღაზიაა ასოციაციის წევრი. რა თქმა უნდა, ახლაც, ძირითადი მიმართულება არის პირველადი მოხმარების პროდუქტების მაღაზიები, მაგრამ ნელ-ნელა გვემატება სხვა რითეილერებიც, რაც ჩვენთვის მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა.

დღეს, კრიზისის დროს როგორ ეხმარებით ასოციაციის წევრ მაღაზიებს?

თებერვლიდან დღემდე დავარიგეთ 100 000 ხელთათმანი, პირბადე. მაქსიმალურად ვცდილობთ, იმ მიმართულებით დავეხმაროთ, სადაც დიდი ხარჯი აქვთ. ასევე – საშვებთან დაკავშირებით, ობიექტებზე, სად და როგორ უნდა განთავსებულიყო სადეზინფექციო საშუალებები, როგორ დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. მაგრამ ძირითადად მოთხონა მაინც ბუღალტრულ და იურიდიულ მომსახურებაზეა. უმეტესად სჭირდებათ კონსულტაციები და რჩევები კანონთან დაკავშირებით. აინტერესებთ ნებისმიერი ნიუანსი, რაც რითეილ ვაჭრობას, ახალ რეგულაციებს, ცვლილებებს ეხება. ბუნებრივია, წევრ რითეილერებს სწორედ ამ მიმართულებით ვეხმარებით. თითოეულ მათგანს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოგვმართოს. გარდა ამისა, ვუწევთ მომსახურებასა და კონსულტაციებს ჯარიმებთან დაკავშირებით, გასაჩივრება იქნება თუ დავალიანება – დღემდე 25 ბუღალტერი გადავამზადეთ და ტრენინგები ჩავუტარეთ. გარდა ამისა, ვატარებთ შეხვედრებს მწარმოებლებსა და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, სადისტრიბუციო კომპანიებთან და მაღაზიებთან. ანუ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამოკლოთ და გავამარტივოთ გზა, რაც პროდუქტმა უნდა გაიაროს შექმნიდან დახლზე განთავსებამდე. ვგეგმავთ ჩვენი რითეილერების გამოფენის მოწყობასაც. თუმცა, ამ მიმართულებით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

ასოციაციის წევრობა, ფინანსურად, რამდენად ხელმისაწვდომია არაქსელური მაღაზიებისთვის? 

მაგალითისთვის რომ გითხრათ, იურისტთან ერთი ვიზიტისა და კონსულტაციის ღირებულება 100 ლარია. 100 ლარია ჩვენი ასოციაციის 12 თვის საწევრო გადასახადიც, მცირე მაღაზიებისთვის. წევრმა რითეილერმა პირველივე თვეს უნდა დაიწყოს გადახდა და შეიძლება ეს იყოს ყოველთვიურადაც (თვეში 8 ლარი). აქედან გამომდინარე, თუ სწორად დაითვლის ადამიანი, მიხვდება რომ ძალიან კარგ პირობებს ვთავაზობთ. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია არის non profit და საწევრო გადასახადიდან შემოსული ფულადი რესურსი ისევ ასოციაციის წევრი მაღაზიების დასახმარებლად იხარჯება.

რაც შეეხება გუნდს, ანუ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, ვინც ასოციაციის წევრ რითეილერებს ეხმარება . . .

იურიდიულ და ბუღალტრულ საკითხებში ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ბუნებრივია, თავად ასოციაციას ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური კადრები და პარტნიორები  ჰყავს. ვგულისხმობ ასოციაციის გუნდს და დირექტორთა საბჭოს. ასევე – საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს: Optimo, Extra.ge, USAID, „საქართველოს ბანკი“, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და სხვა.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

წევრი რითეილერების დახმარებასთან ერთად, ასოციაციის მიმართულება არის ნებისმიერი ქართული პროდუქციის მხარდაჭერა. ძალიან მალე ვიწყებთ პროექტს „რატომ ქართული“. საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს, პირველ რიგში ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერას, პოპულარიზაციას, ქართული ბრენდების განთავსება სუპერმარკეტებში და ა.შ. ამ პროექტის შესახებ დეტალებს უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას.

 

[R]

 

როგორ შევეგუოთ სამსახურის დაკარგვას?

არავინაა ნორმალური და რა კარგია, ამის Creep-ის ფონზე გააზრება! (ანიმაცია)