in

გრეის ჰოპერის ჯილდო 2023 – გახსნის ღონისძიება და ინტერვიუ ანუკი რობაქიძესთან

2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გახსნის ღონისძიება 31 მარტს გაიმართა. უკვე მესამე წელია, დაჯილდოების მთავარი პარტნიორი თიბისია და გახსნის საღამოსაც სწორედ თიბისი კონცეპტის სივრცემ უმასპინძლა. ღონისძიებას ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანები, კონკურსის ორგანიზატორები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. გრეის ჰოპერის ჯილდოზე კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო და განაცხადების გაკეთება 5 მაისის ჩათვლით, პროექტის ოფიციალურ მისამართზე უკვე შესაძლებელია. კონკურსი USAID-ის, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით ტარდება და ის ყოველწლიურად ICT სექტორის წარმატებულ ქალებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში. 

წელს აპლიკანტებს მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ კატეგორიებში: მომავლის ლიდერი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი. ამ უკანასკნელ კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ ტექნოლოგიური სფეროს მხარდამჭერ როგორც ქალებს, ისე კაცებს. აქვე გეტყვით, რომ გასული წლების მსგავსად, თიბისი მხარს დაუჭერს „ტექნოლოგიური სტარტაპისა” და „მომავლის ლიდერის” ნომინაციებში გამარჯვებულებს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს. კონკურსის მიზანი ICT სექტორით ქალების მეტად დაინტერესება, მათი როლის წინ წამოწევა, ცნობადობის ამაღლება და განვითარებაა, ასევე იმ ქალების აღიარება და მხარდაჭერა, რომლებიც მრავალი დაბრკოლების მიუხედავად აღნიშნულ სექტორში მოღვაწეობენ.

გახსნის ღონისძიებაზე წელს პირველად პანელური დისკუსია მოეწყო, რომელზეც გრეის ჰოპერის ჯილდოს კონსულტანტის, ნინუცა ნანიტაშვილის მოდერატორობით, წინა 2 წლის რამდენიმე გამარჯვებული იყო მოწვეული. ესენი არიან: ნანა დიხამინჯია – ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ანუკი რობაქიძე – Theneo-ს დამფუძნებელი, ნინო ენუქიძე – რექტორი, BTU-ში და მარიამ მჭედლიშვილი – ოპერაციების მენეჯერი პროექტში „ჩართე”. სტუმრებმა თავიანთ გამოცდილებასა და გრეის ჰოპერის ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, ანუკი რობაქიძეს, რომელიც 2021 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს მომავლის ლიდერის კატეგორიის გამარჯვებულია რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

M: გრეის ჰოპერის ჯილდოს მიღების შემდეგ 2 წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

პირადად ჩემთვის 2 წელიწადში ძალიან ბევრი რამ მოხდა. ამ ჯილდოს აღების შემდეგ დავაფუძნე სტარტაპი Theneo, რასაც ცხოვრების ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია შემიძლია ვუწოდო. მანამდე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა მსოფლიოს ტოპ ინვესტორებთან და წამყვანი კომპანიების დამფუძნებლებთან საუბარი. სტარტაპმა გაიმარჯვა web სამიტზე, რაც აგრეთვე ძალიან დიდი ნაბიჯი იყო, ამიტომ განვლილ წელს ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი. 

M: რა აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩაერთეთ, როგორც გამარჯვებული და როგორი იყო ეს გამოცდილება?

როგორც გრეის ჰოპერის გამარჯვებულმა, მივიღე მენტორობის პროგრამა თიბისისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მაგ დროისთვის მე მხოლოდ პროდუქტის პროტოტიპი მქონდა და ის უკუკავშირები, რაც მენტორისგან მივიღე, ძალიან დამეხმარა მის დახვეწაში. გამარჯვებულები ასევე ისრაელში იყვნენ სასწავლო ვიზიტით წასულები, რომელსაც, სამწუხაროდ, მე გამოვაკლდი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ იქიდან. 

M: რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ არ თვლიან, რომ გრეის ჰოპერის ჯილდოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ?

იცით, 18 წლის ვიყავი, როდესაც სასწავლებლად აშშ-ში წავედი და ვაკვირდებოდი, რომ ქალებს, კაცებისგან განსხვავებით, უფრო მეტი თავდაჯერება ჰქონდათ. მაგალითად, თუ დასაქმების პოზიციას უყურებდნენ, თუ 5-დან 1 კრიტერიუმს მაინც არ აკმაყოფილებდნენ, რეზიუმეს გაგზავნისგან თავს იკავებდნენ, კაცები კი ამას საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას. ამიტომ პირველი, რასაც ყველას ვურჩევ, არის თავდაჯერების ამაღლება და საკუთარი ძალების დაჯერება. ჩემი გამოცდილებით, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე საუბარი, საკუთარი ძალების გამოვლენა დავიწყე, უფრო მეტ წარმატებას მივაღწიე.

M: ანუკი, მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა…

ჩვენი გუნდი ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენს სფეროში ვიყოთ ლიდერები. გვაქვს საინტერესო გეგმები, რომლებსაც ნელ-ნელა აუცილებლად გავაჟღერებთ. ასევე ვმუშაობთ კომპანიის კულტურის დანერგვასა და როლების გადანაწილებაზე, იმაზე, თუ რამდენი ქალი ინჟინერი გვეყოლება, რადგან ეს ჩვენთვის პირველივე სტადიიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ წელიწადს უფრო მეტი მიღწევა გვექნება და უფრო მეტი მეტრიკის ჩვენებას შევძლებთ.

ბოლოს გეტყვით, რომ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 4 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო. განაცხადები მიიღება 31 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით. თითოეული კატეგორიის ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

[R]

British Airways-ის „ქარით გაჟღენთილი“ პოსტერები

Tinder 500-დოლარიანი, ყოველთვიური პაკეტის დამატებას გეგმავს