in

ჯილდოზე წარდგენის დრო იწურება! ICT სფეროში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილის აღიარებისთვის

ჯილდოზე წარსადგენად, აპლიკაციების მიღება 26 აპრილს სრულდება!

საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, წელს, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო დაწესდა. გრეის ჰოპერის ჯილდო იმ ქალებისა და ორგანიზაციების წვლილის აღიარებაა, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას უწყობენ ხელს.

ამერიკელ პროგრამისტ ქალზე, გრეის ჰოპერზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, თუმცა, ერთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ ყველაზე უკეთ აჯამებს ტექნოლოგიებში მოღვაწე ქალების მდგომარეობას, — 1969 წელს,  „მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ“ მისი წვლილი წლის კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა, რადგან იმ დროს, ქალებისთვის ცალკე კატეგორია არც კი არსებობდა.

საქართველოში, ამ ფორმატით, ეს პირველი პროგრამაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს, ამასთან, იმ ორგანიზაციებს, პროგრამებსა და ინიციატივებს წარმოაჩენს, რომლებიც ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

აპლიკაციების მიღება 26 მარტიდან დაიწყო და 26 აპრილამდე გრძელდება. შესაბამისად, ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ უპრეცედენტო შესაძლებლობა გამოიყენოთ და საკუთარი თავი, სხვა, ნაცნობი ადამიანი, ორგანიზაცია, პროგრამა თუ ინიციატივა 6 კატეგორიაში წარადგინოთ. 

ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოში დააწესა, რომლებმაც, თავის მხრივ, გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზი დააწესეს:

მაგალითად, თიბისი — 2 კატეგორიაში გამარჯვებულებს თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შესთავაზებს, რაც ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მისცემს, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას მხარი დაუჭირონ.

გარდა ამისა, თიბისიმ მასშტაბური საკომუნიკაციო გეგმაც შეიმუშავა, რომელიც მთელს საქართველოში პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

ასევე, ექვსივე ნომინაციაში გამარჯვებული, მაშავის ცენტრის მხარდაჭერით, 2 კვირიანი სასწავლო ვიზიტით, ისრაელში გაემგზავრება; გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიაში გამარჯვებულს დაუჭერს მხარს და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებასა და გაფართოებას.

რაც შეეხება, უშუალოდ, კატეგორიებს, აქვე შევეცდებით, გაგაცნოთ, კონკრეტულად, რის მიხედვით და ვის გადაეცემა გრეის ჰოპერის ჯილდო:

მომავლის ლიდერი ქალი

ეს კატეგორია 18-30 წლის ქალებისთვისაა, რომლებიც ცვლილებებისთვის ტექნოლოგიებს იყენებენ, ან ამ სფეროში საზოგადოდ ცნობილი მიღწევები აქვთ. კატეგორია წარმოაჩენს გამორჩეული აკადემიური შედეგების მქონე ქალებს, პროფესიონალ ენთუზიასტებს. ამ კატეგორიის მიზანია, წარმოაჩინოს მომავალი თაობა, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიას გაუძღვება და მის ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს.

წარსადგენად, ინდივიდი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • იყოს 18-30 წლის ქალი;
  • ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს;
  • ICT სფეროში აქვს, სულ ცოტა, 2 წლიანი პროფესიული ან საგანმანათლებლო გამოცდილება;
  • გამორჩეული შედეგები და დიდი მნიშვნელობის მქონე მიღწევები აქვს ICT სფეროში – უნივერსიტეტში, სამეცნიერო წრეებში, ნაშრომის სახით, პროფესიული კარიერის გათვალისწინებით და იმითაც, თუ მისი ინდივიდუალური პროგრესი გავლენას უფრო ფართო საზოგადოებაზე ახდენს.

ამ კატეგორიაში წარდგენა, ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ როგორც თავად პოტენციურ ნომინანტებს, ისე სხვებს.

ICT სფეროს ჩემპიონი 

ამ კატეგორიაში ჯილდოს ის ქალი მიიღებს, რომელსაც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში წამყვანი როლი ჰქონია და თავისი საქმიანობით მისაბაძია სხვა ქალებისთვის. კატეგორია წარმოაჩენს კვალიფიციურ პროფესიონალებსა და იმ ქალებს, რომლებსაც ICT სფეროში ცვლილებებს უზრუნველყოფენ. სექტორს, რომელშიც ასეთი ქალები საქმიანობენ, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს: კერძო, საჯარო, სამოქალაქო სექტორი, მათ შორის, საგანმანათლებლო საქმიანობა, სამეწარმეო და ა.შ.

კანდიდატი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • არის ქალი;

  • ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს;

  • ICT-ში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინჟინერიაში, მათემატიკაში ან მათთან დაკავშირებულ სფეროებში აკადემიური ხარისხი აქვს;

  • ICT სფეროში, სულ ცოტა, 5 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება აქვს;

  • წამყვანი პოზიცია აქვს დაკავებული: უნივერსიტეტში, ინდუსტრიაში, მთავრობაში, არაკომერციულ ორგანიზაციაში და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ICT სფეროში

  • ICT სფეროზე დიდი ზეგავლენა აქვს ორგანიზაციის, რაიმე გაერთიანების ან ქვეყნის სახელით.

ამ კატეგორიაში წარდგენა, ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ როგორც თავად პოტენციურ ნომინანტებს, ისე სხვებს.

ტექნოლოგიური სტარტაპი

ტექნოლოგიური სტარტაპის ჯილდო მიენიჭება სტარტაპებს, რომელსაც ფლობენ ან/და უძღვებიან ქალები და კომპანიაში, ICT-ის გამოყენებით, ღირებულებას ქმნიან. კატეგორია წარმოაჩენს წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელიც დაკავებულია ინოვაციური პროდუქტების ან სერვისების დანერგვით, რომელიც წარმატებით ოპერირებს და გლობალური ცნობადობის პოტენციალი აქვს.

ამ კატეგორიაში დარეგისტრირებული სტარტაპები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიაა;

  • სულ მცირე, 2 წლისაა.

  • თანადამფუძნებელი/თანამმართველი ქალია, ან გუნდის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ;

  • ICT-ის გამოყენებით, ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნის;

  • ICT-ის, ენტრეპრენერული და ინოვაციური კუთხით, გაზომვადი ცვლილებები აქვს.

ტექნოლოგიური სტარტაპების ნომინირება ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწიებით, შეუძლიათ როგორც სტარტაპის წარმომადგენლებს, ისე ვინმე სხვას.

ქალების გაძლიერების პროგრამა

ეს კატეგორია აჯილდოებს პროგრამებს, პროექტებს ან საზოგადოებრივ ინიციატივებს, რომელიც მხარს უჭერს ტექნოლოგიებში გოგოებისა და ქალების ჩართულობას – მათი უნარების განვითარებაზე ზრუნვით, კამპანიების მეშვეობით, ცნობადობის ამაღლებით, მენტორობით და სხვა. ნებისმიერ ინიციატივას – ფორმალური იქნება ეს თუ არაფორმალური, ასევე, მიმდინარეა, თუ უკვე დასრულებული – ამ კატეგორიაში წარდგენის შესაძლებლობა აქვს. მთავარია, თითოეული ეს ინიციატივა ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობას მხარს უჭერდეს. ამ ნომინაციაში წარგენისთვის არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი უძღვება პროგრამას თუ ქალი.

წარდგენილი პროგრამები, პროექტები და აქტივობები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმყოფილებდეს:

  • აქტივობები საქართველოში უნდა ხორციელდებოდეს;

  • გაზომვადი ზეგავლენა უნდა ჰქონდეს;

  • ორიენტირებული უნდა იყოს გოგოებისა და ქალების სწავლებასა და ცნობადობის ამაღლებაზე, ICT სფეროში მათ ჩართვაზე;

  • მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობას მხარს უნდა უჭერდეს.

ამ შემთხვევაში, ნომინირება მხოლოდ პროგრამის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია

ეს კატეგორია შექმნილია იმისთვის, რომ საზოგადოება იცნობდეს სამაგალითო ორგანიზაციებს, რომლებიც დიდ ნაბიჯებს დგამენ თანასწორობისთვის, მრავალფეროვნებისა და ქალების დაწინაურებისთვის ტექნოლოგიურ სფეროში. კატეგორია აქცენტს ყველა ტიპის ინიციატივაზე აკეთებს, რომელიც გულისხმობს მართვის პრაქტიკების შემუშავებას ან ვალდებულებების აღებას, რომელიც კომპანიებმა, თავიანთ ორგანიზაციებსა თუ ქვეყნის მასშტაბით, გენდერული თანასწორობის წასახალისებლად იკისრეს. ეს ჯილდო მიენიჭება ორგანიზაციას, რომელსაც უძღვება ქალი ან კაცი ან ორივე ერთად.

წარდგენილი ორგანიზაციები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • იყოს საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია, არაკომერციული ორგანიზაცია, საგანმანათლებლო ინსტიტუტი ან ასოციაცია;

  • ICT სფეროსა და ინოვაციების მიმართულებით საქმიანობდეს;

  • სულ ცოტა, 3 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდეს;

  • სულ ცოტა, 20 თანამშრომელი ჰყავდეს;

  • ჰქონდეს გუნდის მართვის პრაქტიკები, HR პოლიტიკა, პროგრამები ან საზოგადოებრივი ჩართულობის ინიციატივები, რომელიც მხარს უჭერს თანასწორობას, მრავალფეროვნებასა და ტექნოლოგიებში ქალების წამყვან პოზიციებზე დაწინაურებას;
  • ჰქონდეს ICT ინდუსტრიაში გრძელვადიანი ზეგავლენა თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის.

ნომინირება, ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწიებით, მხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი

ეს კატეგორია იმ ინდივიდებს აჯილდოებს (ქალებსაც და მამაკაცებსაც), რომლებიც ორგანიზაციაში და/ან ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ქალების ამ სფეროში ჩართვაზე ზრუნავენ. კატეგორია ღიაა ინდივიდებისთვის ორგანიზაციული სტატუსით, ან მის გარეშე. მთავარია, ეს ადამიანები იყვნენ ინიციატორები, რომლითაც ისინი ICT სფეროში ქალების გაძლიერებაზე ზრუნავენ.
კანდიდატი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
  • ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს;

  • საქართველოში მუშაობდეს ICT, ინოვაციების, არაკომერციული, აკადემიური მიმართულებით, ან ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში იყოს ჩაბმული;

  • ხელს უწყობდეს გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში – დამოუკიდებლად, ინსტიტუციის, ან საინტერესო ერთობის სახელით;

  • გრძელვადიანი ზეგავლენა ჰქონდეს ICT ინდუსტრიაში მეტი თანასწორობისა და მრავალფეროვნების კუთხით.

ამ კატეგორიაში წარდგენა, ზემოჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ როგორც თავად პოტენციურ ნომინანტებს, ისე სხვებს.

ეს ის ექვსი კატეგორიაა, რომელშიც განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში, პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ზოგადად, ქალების გაძლიერებისთვის, ინდივიდებთან ერთად, ორგანიზაციები და პროგრამებიც დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაციების მიღება 26 აპრილამდე გრძელდება! ექვსივე კატეგორიაში თითო გამარჯვებული მაისის ბოლოს, მასშტაბურ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ www.ictwomen.ge

ნახეთ: BlackBerry ისევ ცოცხალია – მის უახლეს სმარტფონს 5G კავშირი ექნება!

ელისაბედ მხეიძე – მხატვარი შავ-თეთრი ფერებით