in

გაიცანით გრეის ჰოპერის ტექდაჯილდოების ფინალისტები

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომლის მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექსფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2024 წლის 5 კატეგორიის ფინალისტები უკვე ცნობილები არიან და გამარჯვებულები სულ მალე, 5 ივლისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გამოვლინდებიან.

ნომინაცია ტექლიდერის ერთ-ერთი ფინალისტია ნათია სირბილაძე.

ნათია არის პროგრესული ლიდერი, რომელიც მუდმივად ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სადარაჯოზე დგას ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში. მან თავისი პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციაში, ბიზნესანალიტიკოსისა და კონსულტანტის როლით დაიწყო. ასევე, ჩართული იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავებაში. აღსანიშნავია, რომ ის მუშაობდა თიბისი ბანკის მობაილბანკინგისა და ციფრული საფულეების პროექტებზე, ხოლო ანალიტიკოსის ამპლუაში, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინტერნეტბანკინგის რეკონსტრუქციის განხორციელებაში.

ჯამში, მისი გამოცდილება 17 წელიწადს ითვლის. ამჟამად არის Exactpro-ს თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიის, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სერვისების პროვაიდერია ფინანსური სექტორის ორგანიზაციებისთვის. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში. ნათია, ასევე, არის ISTQB-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს – GeoSTQB-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. ასევე, ნათია საქართველოს ICT ასოციაციის მმართველი ბორდის წევრია.

ნათია ხუხუნაიშვილი

გამოცდილი IT მენეჯერი, ოცწლიანი სამუშაო გამოცდილებით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში წამყვან პოზიციებზე. იყო კომპანია Microsoft-ის ტექნიკური მენეჯერი კავკასიის რეგიონში, განყოფილების უფროსი კომპანია Prodware-ში და ამჟამად FINCA Impact Finance-ში გლობალური აპლიკაციების სერვისების გუნდის  ხელმძღვანელი. ნათია გამოირჩევა უახლესი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესით, სტრატეგიული აზროვნებითა და AI ინიციატივების ხელშეწყობით. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიებში.

მარია ბელმასოვა

ტექნოლოგიების კუთხით მისი მოღვაწეობა ჯერ კიდევ 2008 წელს, ომის დროს გამოვლინდა, როდესაც საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმის აღმოჩენის, მტკიცებულებების მოგროვებისა და ეფექტური რეაგირებისთვის დაჯილდოვდა. ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის წლების მანძილზე საქართველოს რკინიგზის, ენერგოსისტემების, საჯარო რეესტრისა და კომპანია სილქნეტის აიპი ქსელის შენებასა და მოწყობაში. 

როგორც ქალი ინჟინერი, მარია ყოველთვის განსაკუთრებულ მხარდაჭერას იჩენს ქალი კოლეგების მიმართ, დროსა და ძალისხმევას არ იშურებს მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. 

ამჟამად მუშაობს დიდ საერთაშორისო პროექტზე კომპანია EPAM-ის ეგიდით და ახლა უკვე საერთაშორისო ბაზარზე ამკვიდრებს ქართველი ინჟინრების რეპუტაციასა და სახელს.

კატეგორია ,,აღმოჩენა ახალ თაობაში”

ფინალისტმა, ანასტასია კვინიკაძემ დაამთავრა ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი. მისი ინტერესის სფერო არის ტექნოლოგიები, უფრო კონკრეტულად კი, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ეს არის პროცესი, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფეროს განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ინფორმირება, რაშიც ანასტასია აქტიურად არის ჩართული. მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამის შექმნაზე და სამომავლო გეგმებსაც აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას უკავშირებს.

თამარ ფეიქრიშვილი

კომაროვის სკოლა წელს დაამთავრა ოქროს მედლით და გახდა ოქროს სტიპენდიატი. ეს ჯილდო სკოლამ  მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებისთვის გადასცა. თამარი Სწავლას სრული დაფინანსებით აგრძელებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტთა სიაში, QS World University Rankings-ის  მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს ბოლო ცამეტი წელის განმავლობაში. ის მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტმაც, როგორც Egleston Scholar. ეს სტატუსი მიღებული სტუდენტების მხოლოდ ტოპ 1%-ს აქვს. Საერთაშორისო ოლიმპიადებზე თამარს აქვს 8 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მათგან არის International Mathematical Olympiad (IMO) სადაც მონაწილეობდა 112 ქვეყანა და ჩატარდა იაპონიაში. თამარმა აიღო ბრინჯაოს მედალი.

აგრეთვე, მისი გატაცების სფეროა პროგრამირება და ტექნოლოგიები. Პროგრამირების სწავლა ჯერ კიდევ ცხრა წლის ასაკში დაიწყო და დღეს არის სხვადასხვა აპლიკაციისა თუ ჰარდვეარის ავტორი. მისი მიზანია, გამოიყენოს მათემატიკა ტექნოლოგიების სფეროში, რათა შექმნას ისეთი მოწყობილობები რომლებიც საზოგადოებას დაეხმარება. თამარისა და მისი გუნდელების შექმნილმა ჰარდვეარმა პირველი ადგილი დაიკავა Hardware Startup Incubator-ის პროექტში, მეორე ჰარდვეარმა მესამე ადგილი მილენიუმის ინოვაციების კონკურსში და სხვა. Მომავლისთვის ბევრი მიზანი აქვს, მათ შორის არის Fields Medal-ის აღება, რასაც ხშირად მათემატიკის ,,ნობელის პრემიას” უწოდებენ.

მარიამ გაგუა

მარიამი უფროსი პროდუქტმენეჯერია და მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს. მარიამმა კარიერა საქართველოს ბანკში, მობილური აპლიკაციის დეპარტამენტში დაიწყო. 2022 წელს შეუერთდა Klarna-ს ლონდონის ოფისს, სადაც სოციალური შოპინგის აპლიკაციებზე იმუშავა, ხოლო 2023 წელს seed-stage სტარტაპის, Beetl-ის პროდუქტების ხელმძღვანელი გახდა. მარიამი ასევე არის ქართული ტექნოლოგიური კომუნის Fennec Tech Studio-ს დამფუძნებელი და წლებია, მენტორობას უწევს ქართველ ახალგაზრდებს ტექნოლოგიური კარიერის განვითარების გზაზე.

ინოვაციური ტექპროდუქტი

Helio. Ai

Helio.AI რეკრუტინგის სისტემაა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში, ხელოვნური ინტელექტით და ნეირომეცნიერული თამაშით ეხმარება.

QuickShipper 

QuickShipper არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ეხმარება ბიზნესებს შეკვეთების მომხმარებლებამდე ეფექტიანად მიწოდებაში საკუთარი, ან უკვე ინტეგრირებული საკურიერო კომპანიების დახმარებით. 

სერვისი მოიცავს: მარტივად გამოსაყენებელ საკურიერო აპებს, მარშრუტების ოპტიმიზაციის მოდულს, tracking-ს მათი მყიდველებისთვის, ინტეგრაციას ნებისმიერ პლატფორმასთან, პლატფორმაშივე ინტეგრირებულ წამყვან საკურიერო კომპანიებს: გლოვო, ვოლტი და სხვა.

Elven Technologies

Elven მუშაობს ცეცხლგამძლე კომპოზიტების შექმნაზე, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში შეიძლება გამოიყენო, მაგალითად, მეხანძრის უნიფორმა, ელექტრომობილის ბატარეის შეფუთვა და სხვა. 

ამ ინოვაციურ გადაწყვეტას ფართო გამოყენება აქვს ინდუსტრიებში, მისი დაბალი წონისა და ღირებულების, ასევე მოქნილობისა და უსაფრთხოების გამო. დამზადებულია ოთხი მასალის ფენით და უძლებს 2000 გრადუს ცელსიუსს.

ლიდერი კომპანია ქალთა გაძლიერებისთვის

Noxtton

საერთაშორისო ტექნიკური, საკონსულტაციო ორგანიზაცია რომელიც ახორციელებს სერვისებს 15-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პორტფოლიო მოიცავს 200-ზე მეტ დასრულებულ პროექტს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: EBRD, USAID, Radisson, Marriott Global, Red Cross, Gulf, Silk Hospitality,, M2 Group და სხვა. Noxtton-ის ორგანიზაციული მოდელი ორიენტირებულია საკუთარი ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე მომსახურების მიწოდებასთან ერთად. Noxtton Group-ში რამდენიმე სტარტაპი და ორგანიზაციაა გაერთიანებული.

Veli. Store

VELI.store ონლაინმაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს ონლაინშოპინგის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. ველი 50 000-ამდე უნიკალურ პროდუქტს ერთ სივრცეში აერთიანებს და სრულყოფილი სერვისით ამარტივებს როგორც ყოველდღიურ საყიდლებს, ისე განსაკუთრებული შემთხვევისთვის მზადებას.

Leavingstone

ციფრული კრეატიული სააგენტო, რომელიც მდებარეობს თბილისში და ემსახურება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მას მიღებული აქვს 200-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, კანის ლომების 2x თასი, 2x Webby Awards ნიუ-იორკში და 5x SOTD ჯილდო პრესტიჟულ ვებგვერდზე wwwards.com.

სააგენტოს ყოველთვის სჯეროდა კრეატივისა და ტექნოლოგიების ერთობლიობის. მის სერვისებში შედის არა მხოლოდ მარკეტინგული და სარეკლამო მომსახურება, არამედ ვებდეველოპერულიც და მონაცემთა ანალიზიც.

კატეგორია – გამორჩეული მეცნიერი

თინათინ კახნიაშვილი

ის  1988 წლიდან მუშაობდა ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ჯერ უფროს მკვლევრად, წამყავან მეცნიერ თანამშრომლად და 2020 წლიდან ამავე ობსერვატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. ასევე, გახლავთ ასოცირებული პროფესორი.

მისი როლი საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციაში საკმაოდ დიდია.  ჩატარებული აქვს არაერთი საჯარო ლექცია. აგრეთვე, სკოლის მოსწავლეებისთვის ორი 15-კვირიანი სკოლის ორგანიზატორია.

ლელა ოქრომელიძე

ლელას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა, ვეცდებით, მოკლედ გითხრათ. დღეს ის ფლორიდაში, მაიოს კლინიკაში გადის რეზიდენტურის კურსს დიაგნოსტიკურ რენტგენოლოგიაში. ლელა საქართველოს პატარა ქალაქ ახალციხეში დაიბადა. 16 წლის იყო, FLEX (მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა) სტიპენდია რომ მიიღო, თუმცა ეს არ ყოფილა მისი ერთადერთი შესაძლებლობა საზღვარგარეთ.

2013 წელს Erasmus Mundus ALRAKIS II-ის ფარგლებში, ერთი წელი გაატარა ესპანეთში, ხოლო 2015 წელს, იგი აირჩიეს AMGEN სტიპენდიად, რამაც საშუალება მისცა ტოკიოში ოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიაში ემუშავა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა საზაფხულო გაცვლით პროგრამებში პოლონეთსა და უკრაინაში.

ის არაერთი ნაშრომის თანაავტორი და მკვლევარია. 2021 წელს Forbes Georgia-მ დაასახელა “30 Under 30” წარმატებულად ადამიანად კვლევის სფეროში. 2017 წელს იგი ასევე მოხვდა AMGEN-ის “10 To Watch list”-ში. ამჟამად ლელა არის მრავალი რადიოლოგიური საზოგადოების წევრი, როგორიცაა RSNA, ESR, ASNR, ASFNR და SENRS, სადაც ის ჩართულია სხვადასხვა კომიტეტში.

მარიამ გაჩეჩილაძე

გაჩეჩილაძე მარიამი არის დარმშტატის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კვანტური გამოთვლებისა და ინფორმაციის თეორიის სფეროში. ის უძღვება კვლევით ჯგუფს, რომელიც შედგება ათამდე მეცნიერისგან. მთავარი ამოცანა, რასაც მისი კვლევა ემსახურება არის – რისი გაკეთება შეგვიძლია კომპიუტერებით ისეთის, რაც ჯერ არ გვაქვს. 

მანამდე მარიამი მუშაობდა კელნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში კვანტური ინტერნეტის განვითარების განხრით. 2015-2019 წლებში მან ზიგენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო თეორიული კვანტური ოპტიკის განხრით, რითაც ყველაზე მეტად ამაყობს.  2013-2014 წლებში სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც კვანტური მექანიკით დაინტერესდა.

გრეის ჰოპერის სახელობის ტექდაჯილდოება  გაიმართება 5 ივლისს, 18:30 საათზე, თიბისი კონცეპტში. გამარჯვებულები გრანტის სახით 10 ათას ლარს მიიღებენ, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებსა და პროგრამებში. პარტნიორები: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.

[R]

ხელოვნური სინათლე დიაბეტის რისკს ზრდის

Coca-Cola-მ კამპანია ფეხბურთის თურქ ქომაგებს მიუძღვნა