in

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გრეის ჰოპერის დაჯილდოებაში გსურთ მონაწილეობა

„საოცარი გრეისი” – ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ პირველ ამერიკელ პროგრამისტს ქალსა და საზღვაო ძალების ადმირალს, გრეის ჰოპერს. 4 წლის წინ საქართველოში მისი სახელობის ჯილდო დაწესდა და სიმბოლურად, ის გადაეცემა ქალებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით თავიანთ კვალს ტოვებენ.

2024 წლის გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე რეგისტრაცია 8 აპრილს გამოცხადდა და 24 მაისის ჩათვლით გრძელდება. ის მოიცავს 5 ნომინაციას:  აღმოჩენა ახალ თაობაში; ტექლიდერი; გამორჩეული მეცნიერი; ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერების კუთხით და  ინოვაციური ტექნოლოგიურ პროდუქტი. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს როგორც ცალკე მდგომი სტარტაპი, ისე კონკრეტული პროდუქტი. ყველას, ვინც თავის თავს აქედან რომელიმე კატეგორიაში ხედავს, შეუძლია თვითნომინირება გააკეთოს ან სხვას, თავისი მეგობრის ან კოლეგის კანდიდატურა წარადგინოს. აღსანიშნავი ისიც არის, რომ თუ წინა წელს იყავით ნომინირებული და ვერ გაიმარჯვეთ, წელსაც შეგიძლიათ განაცხადის წარდგენა. ეს ვრცელდება როგორც ადამიანებზე, ისე კომპანიებზე.

ნინუცა ნანიტაშვილი, ტექდაჯილდოების თანაავტორი და მრჩეველი გვესაუბრება, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით ფასდებიან ნომინანტები გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე დამოუკიდებელი ჟიურის მიერ.

M:  ნინუცა, გრეის ჰოპერის ჯილდო უკვე ყოველწლიურ დაჯილდოებად იქცა. გვითხარით, რას აძლევს ის მონაწილეებს და როგორ ეხმარება კარიერულ წინსვლაში?

გრეის ჰოპერის ტექდაჯილდოება ადამიანებს, კომპანიებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს გამოავლენს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ 18 გამარჯვებული გამოვავლინეთ. ამას გარდა, განსაკუთრებული წვლილისთვის გამოვარჩიეთ დამატებით ათამდე კანდიდატი. რა მიიღეს მათ? ჯილდო უმთავრესად არის აღიარება და ჩვენება, რომ ამ კომპანიებისა თუ ადამიანების საქმეს დიდი წვლილი აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში და სხვა ქალებისა და გოგოების გაძლიერებაში. აღიარებისა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდის გარდა, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული წელს პროექტის პარტნიორებისგან მიიღებს 10,000 ლარის ოდენობით მხარდაჭერას, რაც წინასწარი შეთანხმებით მოხმარდება გამარჯვებულის განათლებასა და განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას; კომპანიის შემთხვევაში პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას თუ ტექნოლოგიური პროდუქტის დახვეწას.

M: თქვენ რატომ ურჩევდით ტექის მიმართულებით მომუშავე ქალებს, რომ შემოიტანონ განაცხადი პროექტში?

STEM-ში ქალების სახით მისაბაძი მაგალითები გვჭირდება. შესაძლოა, მათ ხშირად ვერ ვხედავთ და გვგონია, თითქოს ეს სფეროები (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) გოგოებისა და ქალებისთვის არ არის, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი წარმოდგენაა. ამიტომ გვინდა, ვთხოვოთ ყველას ამ სფეროებიდან, წარადგინონ როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვებიც – ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც თავის ასაკთან მიმართებით ტექნოლოგიების სფეროს ახალი აღმოჩენები არიან; ქალები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ლიდერობენ; მეცნიერი ქალები, რომლებიც STEM სფეროს ავითარებენ…

M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი? როგორ უნდა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რომ მათი შანსები მაღალი იყოს ფინალისთვის

ხუთივე კატეგორიას აქვს ცალ-ცალკე შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები. ვურჩევ ყველა დაინტერესებულ პირს, კომპანიას თუ პროდუქტების ავტორებს, რომ გაეცნონ კონკრეტული კატეგორიის შესახებ მოცემულ ინფორმაციას ვებგვერდზე. დამატებით, გადახედონ წინა წლების გამარჯვებულებს. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა წარმოაჩინოს საკუთარი გამოცდილება, კონკრეტული მიღწევები, მისწრაფებები. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწოდებთ ჟიურის წევრებს, მით უფრო შეძლებენ თქვენს შეფასებას. არ მოგერიდოთ საკუთარი თავის, კომპანიის თუ პროდუქტის შესახებ თამამად და სიამაყით საუბრის. ჩათვალეთ, რომ განაცხადის ფორმა არის თქვენი სცენა, ამიტომ თამამად მოჰყევით საინტერესო ამბავი.

M: გრეის ჰოპერზე სხვასაც შეუძლია სხვისი მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით, თუ რომელიმე კანდიდატის წარდგენა გვსურს და არა საკუთარი თავის?

ჩვენ ხუთივე კატეგორიაში ვიღებთ განაცხადებს როგორც თავად კანდიდატებისგან, ასევე, მესამე პირებისგან. წლების განმავლობაში გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხშირად ადამიანი თუ კომპანიები თავს იკავებენ ჯილდოზე თავის წარდგენისგან, რადგან თვლიან რომ არ იმსახურებენ, ან არ აქვთ სათანადო გამოცდილება და სხვა. წინა წლების გამარჯვებულებსაც რომ შევხედოთ, უმეტესობა სხვის მიერ იყო ნომინირებული. ამიტომ, ყველას ვურჩევთ, რომ ბიძგი მისცენ სხვებს! ჩვენ ყველა, სხვის მიერ ნომინირებულ კანდიდატს დავუკავშირდებით და ვთხოვთ სრული განაცხადის წარდგენას, რათა თანაბარ საკონკურსო პირობებში იყვნენ მათთან, ვინც თავად შეავსო განაცხადი და შესაძლოა, უფრო მეტი დეტალიც მიუთითა. 

M: ძირითადად, რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ის აპლიკანტები, რომლებიც ვერ ხვდებიან ფინალში?

განაცხადის შევსების სწორი და არასწორი პასუხები არ არსებობს. მთავარია, კანდიდატმა სათანადოდ უპასუხოს ყველა კითხვას და არ დაეზაროს, ან არ ჩათვალოს, რომ მის შესახებ ინფორმაცია ისედაც ცნობილია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანდიდატებს აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ჟიურის წევრები. თითოეულ კატეგორიაში სამი ფინალისტი გამოვლინდება და ჩვენ მათ უკვე დამატებითი, სიღრმისეული კითხვებით ვუკავშირდებით, რომელსაც კიდევ ერთხელ კითხულობს დამოუკიდებელი ჟიური საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და თითოეულ კატეგორიაში ერთი გამარჯვებულის გამოვლენამდე. 

წარმატებებს ვუსურვებ ყველას და ველოდებით თქვენს განცხადებებს!

[R]

26 წელი თქვენთან ერთად და აშენებული 1 000 000 კვ.მ.

McDonald’s-ის კამპანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ