in

დარჩა რამდენიმე საათი! ქართველი ჟიურის მიმართვა გრეის ჰოპერის ჯილდოზე წარსადგენად!

ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის, კოლეგებისა და იმ პროგრამებისა თუ ორგანიზაციების ნომინირების, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთარი მაგალითის ჩვენებით, უკვე ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ იმისთვის, რომ ეს სექტორი უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იყოს.

დღეს, ნომინაციების წარდგენის ბოლო დღეა! რაც ნიშნავს, რომ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილის აღიარებისთვის დაწესდა, საკუთარი თავისა თუ სხვისი, ორგანიზაციის, პროგრამისა თუ ინიციატივის 6 კატეგორიაში ნომინირება, ჯერ კიდევ, შეგიძლიათ!

ნომინანტებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგის ქართველი პროფესიონალები შეაფასებენ: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი, ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით; მარია დოლიაშვილი, მაიკროსოფტის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი; დავით ჩეჩელაშვილი, Xpand-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი; თამარ პაპავა, ამაზონის უფროსი პროგრამების მენეჯერი; პაატა სირბილაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი; მარიამ ქობალია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერისა და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი; ნინო ნანიტაშვილი, ციფრული განვითარების კონსულტანტი, Women Techmakers-ის ელჩი.

ჟიურის წევრები გრეის ჰოპერის ჯილდოზე და მათი მიმართვა აუდიტორიას:

პაატა სირბილაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი: საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელსაც ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში გამოწვევად რჩება ქალების არათანაბარი ჩართულობა ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, ახალი, ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შემუშავებაში. ამ უთანასწორობის დაძლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ერთი მხრივ, თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, დიდი პოტენციალის რეალიზებისთვის. ამ თვალსაზირისით, გრეის ჰოპერის ჯილდო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა.

ნინო ნანიტაშვილი, გრეის ჰოპერის ჯილდოს ციფრული განვითარების კონსულტანტი: ამ ჯილდოს დაწესების მთავარი მიზანია, ზოგადად, ICT და ტექნოლოგიების სფეროში მრავლფეროვნების მნიშვნელობის წინ წამოწევა, იმის ჩვენება, რომ მრავალფეროვნებას უკეთესი შედეგები მოაქვს როგორც სფეროში ჩართული ადამიანებისთვის, ისე ინდუსტრიის პროდუქტიულობისთვის.

ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი, ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით: გრეის ჰოპერის ჯილდო გამოავლენს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, ვინც ბევრ ენერგიას დებს ტექნოლოგიების განვითარებაში და ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, დავინახოთ და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ მათი საქმიანობა, რომ ერთი მხრივ, სამაგალითო გახდეს სხვებისთვის, და მეორე მხრივ, უფრო მეტმა გოგომ დაინახოს, რა შესაძლებლობები არსებობს ტექნოლოგიებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის.

ტექნოლოგიებში მეტი ქალის მონაწილეობა მნიშვნელოვანია რამდენიმე კუთხით: ჯერ ერთი, დღეს ტექნოლოგიური და საინჟინრო პროფესიები არის მაღალმოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი, ანუ ეს არის ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის საშუალება; იმავე დროს, ტექნოლოგიები გვაძლევს გარემოს ცვლილებისა და გაუმჯობესებისთვის ყველაზე სწრაფ ინსტრუმენტებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტრუმენტებს ბევრი განსხვავებული ადამიანი იყენებდეს, მრავალფეროვან საზოგადოებაზე უკეთ მორგებული გადაწყვეტილებების მისაღებად; ამასთან, ნებისმიერი ქვეყნისთვის ტექნოლოგიური ცოდნა დღეს წარმოადგენს მთავარ სიმდიდრეს და მომავალი სიძლიერის აუცილებელ საფუძველს, შესაბამისად, ამ მიმართულებით ადამიანური რესურსის გაძლიერება პირდაპირ უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.

თამარ პაპავა, „ამაზონის“ უფროსი პროგრამების მენეჯერი: ეს ჯილდო საზოგადოებას დაანახებს, ქალები ამ სფეროში რა ღირებულებას ქმნიან. ეს კი, ხელს შეუწყობს სტერეოტიპების რღვევას. რაც უფრო განსხვავებული სახის ადამიანები (გენდერით თუ სხვა ნიშნით) იფიქრებენ სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტაზე, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგებიც.

დავით ჩეჩელაშვილი, Xpand-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი: ბევრი კვლევითაა დადასტურებული, რომ იმ ორგანიზაციებში, სადაც ინოვაცია მნიშვნელოვანია, გუნდის მრავალფეროვნებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

ახალგაზრდებს, სტარტაპერებს, გოგოებს მოვუწოდებ, რომ განცხადებები შემოიტანონ! თქვენ უნდა გამოჩნდეთ და სხვებს მაგალითი მისცეთ! 3 გოგოს მამა ვარ და ჩემთვის ამ სტატუსითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მათ მეტი მისაბაძი ქალი ჰყავდეთ. თავადაც ვაპირებ რამდენიმე ადამიანის ნომინირებას.

მარიამ ქობალია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი: დღეს, როდესაც საქართველოში ქალების ჩართულობა ICT სექტორში ასეთი დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც მათ მონაწილეობას ამ ინდუსტრიაში უფრო გაზრდის. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის, კოლეგებისა და იმ პროგრამებისა თუ ორგანიზაციების ნომინირების, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთარი მაგალითის ჩვენებით, უკვე ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ იმისთვის, რომ ეს სექტორი უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იყოს.

ნინო ნანიტაშვილი, გრეის ჰოპერის ჯილდოს ციფრული განვითარების კონსულტანტი: შესანიშნავი განაცხადებია უკვე შემოსული, თუმცა, ICT სფეროში კიდევ ბევრი ადამიანი, სტარტაპი, პროგრამა თუ კომპანია ვიცი, რომელიც ასევე იმსახურებს აქ ყოფნას, ამიტომ გელოდებით! არ დაგავიწყდეთ, რომ სხვების ნომინირებაც შეგიძლიათ! და რომ წარდგენისთვის მხოლოდ დღევანდელი დღე რჩება!

„გემომეტრია“ – ქეითერინგით დაწყებული ბრენდი და მისი ამბავი

“ვარდისფერ ნისლში ვტივტივებ” – ანი თოიძის პერსონალური გამოფენა