in

გრეის ჰოპერის ჯილდო 2022 – განაცხადების მიღება დაწყებულია

8 აპრილს თიბისი კონცეპტის დარბაზში გრეის ჰოპერის ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ცნობილი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის ჯილდო საქართველოში გასულ წელს დაწესდა და გამარჯვებული ორგანიზაციები და ადამიანები გამოავლინა ტექნოლოგიების სფეროში. ჯილდო USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამამ თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა. პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამა ქალების როლის გაძლიერებისთვისაა შემუშავებული, ამიტომ ნომინაციების უმეტესობაში განაცხადების შეტანა მხოლოდ ქალებს ან იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომელთა დამფუძნებელიც ქალია.

USAID აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მათ შორის, საქართველოსთვისაც. ამ შემთხვევაში, ICT ჯგუფში, საქართველოში მცხოვრები ქალების მხოლოდ 14.5%-ია ტექნოლოგიებში, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ძალიან ნიჭიერი ადამიანი, აუცილებელია ამ ნიჭის აღმოჩენა და გამოყენება. 

თვითონ გრეის ჰოპერი იყო კომპიუტერული მეცნიერი, ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელიც ასევე მოტივაციას აძლევდა ბევრ სხვა ქალს და ქმნიდა ახალ შესაძლებლობებს მათთვის. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მივცეთ ქალებს საშუალება, გზები გაიკვალონ წარმატებული მომავლის ჩამოყალიბებაში”, – მარიკა ოლსონი, USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი.

გრეის ჰოპერის ჯილდო სულ 6 ნომინაციაში ცხადდება და ესენია: მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

გრეის ჰოპერის ჯილდო ეს არის, პირველ რიგში, ცნობადობა, აღიარება და გამოვლენა იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციებისა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს ავითარებენ. მეორე მხრივ კი, ესაა ერთგვარი კომუნა, რადგან გვყავს უკვე შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებთანაც მუშაობენ ჩვენი პარტნიორები და ისინი კონკრეტულად მათზე  მორგებულ მხარდაჭერას სთავაზობენ გამარჯვებულებს, იქნება ეს მენტორობა, სასწავლო ვიზიტების დაფინასნება თუ სხვა. ამას გარდა, ისინი მუდმივად რჩებიან ამ გამარჯვებულების სტატუსით და ვცდილობთ, არ დავივიწყოთ და დამატებითი ბენეფიტები ყოველთვის შევთავაზოთ”, – ნინუცა ნანიტაშვილი, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის კონსულტანტი და ჟიურის წევრი.

თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგია, პირდაპირ კავშირშია გრეის ჰოპერის ჯილდოსთან. სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბისი გვერდში უდგას ამ კონკურსს და წელსაც ორ კატეგორიაში გამარჯვებულებს აღმოუჩენს მხარდაჭერას: ტექნოლოგიური სტარტაპი და მომავლის ლიდერი.

„შარშან ამ ჯილდოს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ცხადი იყო, რომ ამას კიდევ მრავალჯერ გავიმეორებდით. თიბისი არის გრეის ჰოპერის ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარებას და რაც მთავარია, ქალების მხარდაჭერას ტექნოლოგიების მიმართულებით. თიბისის აქვს IT აკადემია,საგანმანათლებო ტექპლატფორმა, რომელიც იგივე მიზანს ემსახურება და გამომდინარე აქედან, დიდი თანაკვეთა გვაქვს გრეის ჰოპერის ჯილდოს იდეასა და მიზნებთან.

იმ კატეგორიებში, რომლებსაც თიბისი მხარს უჭერს, ტექნოლოგიური სტარტაპი და მომავლის ლიდერი,შარშანდელ გამარჯვებულებთან, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. მათთან ერთად განვიხილეთ, თუ რა საჭიროებები და გამოწვევები ჰქონდათ და ამის მიხედვით შევთავაზეთ მათზე მორგებული პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები . წელსაც ასე ვაპირებთ, რომ გამარჯვებულები გავიცნოთ და მათთან ერთად გადავწყვიტოთ, როგორ შეგვიძლია მათ წინსვლას შევუწყოთ ხელი”, – თინა კავაძე, თიბისის გარე კომუნიკაციების ლიდერი.

როგორც წინა წლის გამარჯვებულები ამბობენ, გრეის ჰოპერის ჯილდოს მოპოვებამ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ.

პირველ რიგში, ამ ჯილდოს აღებამ მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა გაგვიჩინა, რომ კიდევ უფრო მეტი აქტივობა გვქონდეს, მეტი ღონისძიება ჩავატაროთ და მრავალფეროვან პროექტებში ჩავერთოთ. გარდა ამისა, დაგვაკავშირა საინტერესო ადამიანებთან. სტატუსის ქონა, რომ კომპანია ფლობს ამ ჯილდოს, ძალიან გვეხმარება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციებშიც”, – ლანა ლაბაძე, ჯეოლაბის დირექტორი და შარშანდელი გამარჯვებული კატეგორიაში მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე შესაძლებელია როგორც საკუთარი განაცხადის შეტანა, ისე სხვა ადამიანებისა თუ ორგანიზაციების წარდგენა. ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად შეგიძლიათ ვებგვერდს ესტუმროთ. განცხადებების მიღება 8 აპრილს დაიწყო და ღია 8 მაისის ჩათვლით იქნება. 30 მაისს ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტები გამოვლინდებიან, 10 ივნისს კი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, არის მოლოდინი, რომ წინა წლის მსგავსად, ახლაც დიდი დაინტერესება და აქტიურობა იქნება. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს ტექნოლოგიებში მომუშავე ქალებსა და ორგანიზაციებზე, რომ მეტი შემართებით აკეთონ საქმე, მათ კი, ვისაც აქვს სურვილი, მაგრამ ჯერ არ დაუწყია ამ მიმართულებით განვითარება, წაახალისებს და სტიმულს მისმცემს, რათა უფრო მეტი ქალი ჩაერთოს ტექნოლოგიების სფეროში.

[R]

კანის ლომების ფესტივალი სრული მასშტაბით ბრუნდება! რეგისტრაცია საქართველოშიც დაიწყო!

„ფირალი“ – ბრენდი, როგორც მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო