წარმოიდგინეთ, ახლახან დაიწყეთ პირველი სამსახური კოლეჯის დამთავრების შემდეგ და სულ რაღაც, ორი კვირაა, ამ პოზიციაზე ხართ. ყოფილმა თანაკურსელმა შენიშნა, რომ თქვენს ორგანიზაციაში ვაკანსიაა და გიგზავნით შეტყობინებას LinkedIn-ზე. მას აინტერესებს:
1. ორი წუთით რომ დაგირეკოთ, შეძლებთ საუბარს?
2. კვლავ იღებს თუ არა კომპანია თანამშრომლებს ამ პოზიციაზე?
3. შეძლებთ თუ არა რეკომენდაციის გაწევას კომპანიაში?
4. შეგიძლიათ დააკავშიროთ ვინმესთან თქვენს კომპანიაში?
მიუხედავად იმისა, რომ თავს მეგობრულ ადამიანად მიიჩნევთ, თავს იკავებთ ამ თხოვნაზე პასუხის გაცემისგან. პირველ რიგში, არასდროს გისაუბრიათ მასთან ამ მომენტამდე, ასევე არ იცნობთ მას სამუშაო სიტუაციაში. თანაც, თქვენ ჯერ კიდევ საკუთარ რეპუტაციას იმკვიდრებთ და არ გსურთ პოტენციურად ცუდი რეკომენდაციის გაწევა.
როგორ მოიქცეთ?
ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, ქოუჩებს, კონსულტანტებს ხშირად მიმართავენ ანალოგიური თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად აფასებთ ურთიერთობას, წლების განმავლობაში ისწავლეთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია დაიცვათ საკუთარი დრო და ურთიერთობები, რომლებიც დიდი შრომით ააშენეთ.
რჩევა: ენდეთ საკუთარ ინტუიციას, როდესაც წყვეტთ, ჩაებათ თუ არა მსგავს საუბარში. არსებობს დროე, როდესაც თქვენთვის უკეთესია თავაზიანად უარი თქვათ კომუნიკაციაზე – და ზემოთ აღწერილი სცენარი სწორედ ასეთია.
თქვენმა ყოფილმა თანაკურსელმა დაარღვია ნეთვორქინგის ოქროს წესი: ჰკითხეთ არა იმას, თუ რა შეუძლია თქვენს სანაცნობო წრეს გააკეთოს თქვენთვის, არამედ რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ თქვენი სანაცნობოსთვის. მისი მოთხოვნა ნაადრევია და ეგოისტურადაც ჟღერს. როგორ გეცოდინებათ, რომ ის შესაფერისია ამ როლისთვის, როცა არაფერი იცით მისი სამუშაო ეთიკის შესახებ? რატომ უნდა დააყენოთ რისკის ქვეშ თქვენი ურთიერთობები კოლეგებთან იმ ადამიანის გაცნობით, ვისთვისაც თავდებობას ვერ გასწევთ? ამით შეიძლება საკუთარი რეპუტაცია დააზიანოთ.
არასწორ ადამიანებზე დროის, ენერგიისა და ყურადღების მუდმივი დახარჯვა შეიძლება უარყოფითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. რაც უფრო მალე ისწავლით ამ ფასეულ გაკვეთილს, მით უფრო მიზანმიმართული იქნებით, თუ ვისთან გქონდეთ ურთიერთობა და მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი სანაცნობო წრე.
ზემოთ მოყვანილი მაგალითი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომლებსაც შეიძლება შეხვდეთ ამ სფეროში ნავიგაციისას. აი, რამდენიმე საგანგაშო მომენტი, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება მსგავსი მოთხოვნის მიღებისას.
#1: ადამიანი ძირითადად დაინტერესებულია პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვით და არა ნამდვილი პროფესიული ურთიერთობის დამყარებით.
#2: თხოვნა მოდის საეჭვო რეპუტაციის მქონე პირისგან და მოიცავს საქმიანობებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს კეთილსინდისიერებას ან ეწინააღმდეგება თქვენს ეთიკას.
#3: ადამიანი გთხოვთ დახმარებას (არღვევს თქვენს საქმიან საზღვრებს) სანამ გაიცნობთ.
#4: ადრე გქონიათ ურთიერთობა ამ ადამიანთან და უარყოფითი გამოცდილება მიიღეთ
ასევე, არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება საკუთარ თავში:
#5: მუდმივად იღებთ ისეთ თხოვნებს, რომლებისთვისაც დრო არ გაქვთ ან რომლებსაც უგულებელყოფთ
#6: იმდენად ბევრი სახის კომუნიკაცია გაქვთ, რომ ეს გფიტავთ.
#7: ჩვევად გაქვთ შეხვედრა ადამიანებთან, რომელთა დახმარებაც ნამდვილად გსურთ, მაგრამ აქვთ კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ.
თუ გადაწყვიტეთ, რომ უარი თქვათ ზოგიერთ ნეთვორქინგის მოთხოვნაზე, აი, რამდენიმე გზა, თუ როგორ თქვათ უარი თავაზიანად და მკაფიოდ:
მაგალითად: როდესაც ახლა არ გაინტერესებთ, მაგრამ შეიძლება მომავალში გსურდეთ მათთან შეხვედრა და მაინც გსურთ დახმარება.
გმადლობთ დაკავშირებისთვის. ამჟამად, ვერ გამოვნახავ დროს საუბრისთვის, მაგრამ მაინც მსურს დაგეხმაროთ. აი, გადახედე ამ რამდენიმე სტატიას (თან ერთვის), რომლებიც ეხება შენთვის საინტერესო თემას. ასევე ვარ [პროფესიული ორგანიზაციის სახელი ვებსაიტის ბმულით] წევრი, რომლის გაწევრიანებაც შეგიძლიათ განიხილოთ ამ თემის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. მალე, ყოველწლიურ შეხვედრას დავესწრები. შესაძლოა, მაშინ შევხვდეთ.
მაგალითად: თუ უარის თქმა გსურთ…
გმადლობთ დაკავშირებისთვის. ამ ეტაპზე არ შემიძლია თქვენთვის რჩევის მოცემა/რეკომენდაციის გაცემა/კომუნიკაცია, მაგრამ მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის.
როდესაც გრძნობთ ზეწოლას, მეტი თქვათ ან გააკეთოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ შეზღუდული დრო, ენერგია და რესურსები. უკეთესია მათ გაუფრთხილდეთ იმ ურთიერთობებისთვის, რომელთა გაღრმავებაც გსურთ. ნეთვორქინგი შეიძლება გახდეს გარდამტეხი თქვენი პირადი და პროფესიული განვითარებისთვის. ამიტომ, მიეცით საკუთარ თავს უფლება თქვათ უარი.
წყარო: HBR