„დიზაინ კანტორა“ პატარა ბრენდინგ ბუტიკ-სტუდიაა, რომელიც მოკრძალებულად ცდილობს თავისი საქმე აკეთოს და ქართული გრაფიკული დიზაინის განვითარებას ემსახუროს.
კანტორა ბევრ წარმატებულ ქართველ არტისტთან თანამშრომლობს. ეს არტისტების კოლაბორაციაა. მათი პროექტებიც ძირითადად შემოქმედებითი ხასიათისაა.
„მარკეტერი“ ესაუბრა „დიზაინ კანტორის“ დამაარსებელ ლიზა ასათიანს, რომელმაც პროფესიული გამოცდილება გაგვიზიარა და გვესაუბრა გრაფიკულ დიზაინზე, საინეტერესო პროექტებსა და მომავლის გეგმებზე.
M: როგორ გაჩნდა “დიზაინ კანტორის” შექმნის იდეა?
სრულიად შემთხვევით. მაშინ ლონდონში ვმუშაობდი. ძალიან განვიცდიდი, რომ ვკარგავდი კავშირს ჩემს ფესვებთან. გადავწყვიტე, თბილისში გადმოვსულიყავი და 6 თვე ჩემს მშობლებთან და მეგობრებთან ერთად გამეტარებინა, უხელფასო შვებულება ავიღე და წამოვედი. თვითმფრინავშივე ავიღე პირველი შეკვეთა. საკუთარი საქმის დაწყება დაგეგმილი არ მქონია, უბრალოდ ვიცოდი, რომ უსაქმოდ 6 თვე ვერ გავჩერდებოდი. ჩემთან ერთად ნაცნობი ბიზნესმენი მოფრინავდა, მკითხა ბრენდინგს თუ გამიკეთებო. რატომაც არა მეთქი. აბსოლუტურად სპონტანურად, ერთ წამში მივიღე გადაწყვეტილება, დანარჩენი ყველაფერი თავისით გამოვიდა.
თავიდან ძალიან რთული იყო. 13 წელი ვცხოვრობდი ლონდონში. აქ ყველაფერი სხვანაირად იყო . ოფისები გვიან იწყებდნენ მუშაობას, მე კი „საბრძოლო რეჟიმს“ ვიყავი მიჩვეული. თუ წვიმს, ოფისში კლიენტი არ მოდის. ლონდონში ხომ სულ წვიმს – მოკლედ აქაური წესებით იქ ყველა სარეკლამო სააგენტო გაკოტრდებოდა. პ.ს. ახლა მეც გვიანობამდე მძინავს…
ლონდონში ტელერეჟისურას ვსწავლობდი. შემდეგ სარეკლამო სააგენტოში მოვხვდი, სადაც სარეკლამო რგოლებზე ვმუშაობდი. შემდეგ კრეატიული ჯგუფის წევრი გავხდი. ვიდეო იყო ჩემი ძირითადი მიმართულება. გრაფიკული დიზაინი სრულიად შემთხვევით, თბილისსში გადმოსვლის მერე ავირჩიე. საქართველოში ვიდეო მიმართულება იმდენად განსხვავებული იყო, მივხვდი, ჯობდა რაღაც ავტონომიურად შემექმნა. მერჩივნა, ის მეკეთებინა, რისი კეთებაც მარტოს შემეძლო, სხვაზე და გარემოზე ნაკლებად დამოკიდებული ვყოფილიყავი. შემდეგ თავი, ნელ-ნელა, ამ სფეროში ვიპოვნე.
M: რა კონცეფციით ხელმძღვანელობს „დიზაინ კანტორა“?
შექმნის პირველივე დღიდან, ძალიან მკაცრი წესი გვაქვს. არ ავიღოთ დიდი შეკვეთა, რომელზეც გუნდის ყველა წევრი თანახმა არ ვართ. საქართველოში ანაზღაურება გაწეულ შრომასთან იმდენად შეუსაბამოა, რომ თუ შეკვეთა კრეატიულად არ გაინტერესებს, ყოველგვარ მოტივაციას კარგავ.
პირველი განხილვის დროს ხვდები, პროექტი საშენოა თუ არა. თუ ცდილობ, დამკვეთს მოერგო, პროდუქტი უსულო გამოდის და ხელწერასაც კარგავ. თქვენი ხედვა თუ არ ემთხვევა, არაფერი გამოდის. დამკვეთიც იღებს ნახევარ ქათამს, რადგან, საბოლოო ჯამში, შედეგი არც ისაა, რაც მას უნდოდა (თანაც იაფად).
თავიდანვე ვცდილობდით, აგვეღო ცოტა და ისეთი შეკვეთები, რომლებიც ჩვენს ხედვასთან იყო ახლოს. არასდროს გვქონია დიდ სარეკლამო სააგენტოდ ქცევის სურვილი. პირიქით, თავს აღვიქვამთ პატარა ბრენდინგ ბუტიკ-სტუდიად, რომელიც ცდილობს, თავისი საქმე ძალიან თავმდაბლურად და ჩუმად აკეთოს. ძალიან გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს.
M: რა მომსახურებას სთავაზობს კანტორა მომხმარებელს?
ჩვენი ძირითადი მიმართულება ბრენდინგი და გრაფიკული დიზაინია. სახელისა და ლოგოს შექმნა, კომპანიის შეფუთვა, პრომო მასალების მოფიქრება, დაბეჭდვა-შესრულება, ვებდიზანი.
M: ვინ არიან თქვენი დამკვეთები?
ძირითადად ვცდილობთ დიზაინერებთან და ხელოვანებთან თანამშრომლობას. ისინიც არტისტები არიან, ჩვენც შემოქმედებითად ვუდგებით პროცესს. ჩვენი თანამშრომლობა უფრო კოლაბორაციას გავს და არა „შემსრულებელი“-ს და „დამკვეთის“ ურთიერთობას. თუმცა ყველა ხელშეკრულება ასე იწყება : ”ერთის მხრივ „შპს” დიზაინ კანტორა – შემდგომში შემსრულებელი და ……”
M: არის თუ არა წინააღმდეგობები, რომლების დაძლევაც გიწევთ?
სულ… რადგან შენი ბიზნესია, მენეჯერობაც გიწევს, რაშიც ნამდვილი ოროსანი ვარ. სასურველი ხარისხის მისაღწევადაც ყოველ ჯერზე არარსებულის გამოგონება გიხდება. ჩვენთან მასალა და ტექნოლოგიური შესაძლებლობები ხომ წინა საუკუნისაა. ფოკუსების კეთებას სწავლობ და ნელ -ნელა იწაფები.
M: ყველაზე საინტერესო პროექტი?
ყველაზე საინტერესო მომავალი დიდი პროექტია . თუმცა ძველებიდანაც მიყვარს ბევრი. დაახლოებით ცხრა წლის წინ, ლონდონის MTV-იმ მოგვცა ჩვენთვის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე საპასუხისმგებლო შეკვეთა. MTV ქმნიდა საიტს www.breakmtv.com. ეს იყო ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანიც MTV-ის ხელნაკეთი ტიხარის შესაქმნელად გამარჯვებული ავტორის გამოვლენა იყო. საკონკურსოდ, სტუდენტებსა და ახალგაზრდა არტისტებს საკუთარი ნამუშევრების ატვირთვა შეეძლოთ. სწორედ ამ ბრენდის შეფუთვა და საიტის დიზაინი დაგვიკვეთეს. საიტის პროგრამისტები ციმბირში იყვნენ, სააგენტოს სათაო ოფისი – ლონდონში. ანიმატორები შვედეთსა და იაპონიაში. ჩვენ, მზიან და ძააააალიან ნელ ინტერნეტიან თბილისსში. რა თქმა უნდა, არანორმალურად ბევრი ვინერვიულეთ, მაგრამ შედეგი ნადვილად ღირდა.
M: რა მდგომარეობაა გრაფიკული დიზაინის სფეროში ადგილობრივ ბაზარზე?
ორი რადიკალურად განსხვავებული სივრცეა. სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გრაფიკოსების ნამუშევრებს რომ ნახულობ, გიხარია – ისინი იქ არიან, ან იქით მაინც მიდიან, საითაც უნდა მიდიოდნენ. მერე გადიხარ ქუჩაში და სრულიად სხვა რეალობა გხვდება. თითქოს ორი პარალელური სამყაროა. ამდენ აბრას, ლაითბოქსსა და ბანერში დაიკარგა ქალაქი. თითქოს ქალაქს სიმახინჯე აკლდა ამ უაზრო მშენებლობების გამო. ვიღუპებით !!!
M: რა რჩევას მისცემდით დამწყებ გრაფიკოს-დიზაინერებს?
ყველა არტისტის გზა ერთია. ძალიან ბევრი რამ უნდა მოსინჯო, სანამ საკუთარ თავს იპოვი. არ უნდა შეგეშინდეს, რომ რაღაც არ გამოგივა. რაღაც აუცილებლად ვერ გამოგივა, მაგრამ სწორედ ასეთ დროს ხვდები, რა გინდა სინამდვილეში.
ვურჩევდი იყვნენ გამბედავები. რაც შეიძლება ბევრი სხვისი ნამუშევარი ნახონ, რომ იცოდნენ, რა ხდება მსოფლიოში. გრაფიკული დიზაინი ცოცხალია, ტენდენციურია, არ უნდა ჩამორჩე, თორემ შენი პროდუქტიც იჩანჩალებს.
M: გაგვიზიარეთ მომავლის გეგმები
ძალიან მინდა, რომ ახლო მომავალში სამრეწველო დიზაინშიც ვცადოთ თავი.
ავტორი: ირინა საყვარელიძე