2024 წლის გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტენდენცია იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარება. თუმცა ამან გამოიწვია ერთგვარი დაძაბულობა ციფრულ სიზუსტესა და ორგანულ კრეატიულობას შორის, რაც 2025 წლისთვის ახალ ტენდენციებს წარმოშობს.
ამ დროისთვის გამოკვეთილია 8 მოსალოდნელი ტრენდი.
შემოქმედებითი კვლევა გაძლიერებული ხელოვნური ინტელექტით
AI ინსტრუმენტები სულ უფრო იხვეწება, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ მისი კონცეფციები უფრო ღრმად და ეფექტურად. ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, Adobe’s Generative Fill, ეხმარება მათ შემოქმედებითი კვლევის ჩატარებაში.
ვიზუალური ისტორიების მოსათხრობად, როგორც დიზაინერები ვარაუდობენ, კიდევ უფრო გააქტიურდება ვიდეოპლატფორმები, როგორებიცაა, Sora და Hailuo AI, რომლებსაც შეუძლიათ სტატიკური ვიზუალის ანიმაცია.
ე.წ. „უშნო მინიმალიზმის” (ugly minimalism) აღზევება
ნავარაუდევია, რომ 2025 შეიძლება იყოს ის წელი, როდესაც დავუბრუნდებით ადამიანზე ორიენტირებულ კრეატიულობას და დიზაინი არ იქნება გადატვირთული ზედმეტი დეტალებით. როგორც აღმოჩნდა, ეს ეს მიდგომა უკვე დაიტესტა და განსაკუთრებით მისაღებია ტურისტული და სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის.
ხელნაკეთი დიზაინი
ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელოვნურ ინტელექტს, განსაკუთრებით ეხმაურებიან ამ ტენდენციას. ორგანული ასოები, ფიზიკური ტექსტურები, მხიარული ფერები და ხელნაკეთი ელემენტები უპირისპირდება ზედმეტად პრიალა და ბრჭყვიალა დიზაინებს. ადამიანის მიერ შექმნილი ტაქტილური, დეტალური დიზაინი მრავალ კლიენტს გაუჩენს სურვილს, რომ თავადაც ჰქონდეთ ასეთი ვიზუალი თავიანთ კომუნიკაციაში.
უცნაური და მხიარული
ბრენდინგი არის კომპანიის, პროდუქტის ან სერვისისთვის პიროვნულობის მინიჭება. დიზაინერების პროგნოზი იქით იხრება, რომ 2025 წელს ბევრ უცნაურ, ცოტა სახალისო დიზაინსაც შევხვდებით, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეს იდეალური სიზუსტე, მაგრამ მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს მომხმარებელზე.
ხელოვნურ ინტელექტს + ადამიანური რესურსი
გამოითქვა ვარაუდი იმის თაობაზეც, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქტის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი აძლიერებს დიზაინერებს უპრეცედენტო შემოქმედებითი შესაძლებლობებით, მისი ზედმეტად პრიალა ვიზუალი სცილდება იმ ესთეტიკას, რაზეც, თუნდაც, ზემოთ ვისაუბრეთ. შესაბამისად, ჩნდება აზრი, რომ ახალი წლიდან ტრენდში იქნება დიზაინერებისა და AI-ს ერთობლივი ქმნილებები, რაც ახალ მიმართულებას წარმოშობს.
უფილტრო რეალობა
ავთენტური და რეალობის ამსახველი ვიზუალები, ასევე, 2025 წლის ტრენდად მოიაზრება. ზედმეტად დამუშავების მაგივრად შეიძლება გამოქვეყნდეს უფრო რეალისტური ფოტოები, აქტიურად შემოვიდეს დიზაინში მეტი ფოტოგრაფიული ნამუშევარი, ვიდეო და კოლაჟის სტილის დიზაინი. ამის ნათელი მაგალითია კოკა-კოლას კამპანია ნორვეგიაში, სადაც ჩანს, რომ ჩვეული პრიალა ვიზუალის ნაცვლად გამოყენებულია რეალისტური, შავ-თეთრი ფოტოები.
ფუტურიზმი
ხელოვნური ინტელექტი გვაგრძნობინებს, რომ მომავალში ვცხოვრობთ.ასე რომ, გასაკვირი არ არის, როცა ბევრი დიზაინერი ხედავს გზას მომავლის ელემენტების შემოტანაში. Future Dusk უკვე გამოცხადდა, როგორც წლის ფერი. პროგნოზები ვრცელდება იმაზეც, რომ მეტალის დეტალები და ლითონის ესთეტიკა აქტიურად შემოვა გამოყენებაში ლოგოებისა თუ სხვა ვიზუალების შექმნისას. სწორედ ეს მისცემს დიზაინს ფუტურისტულ იერს.
ნაფიქრი დიზაინი
ეს არის ტენდენცია, რომლის შესახებაც ბევრი გვესმოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც, თუმცა მისმა გააქტიურებამ 2025 წლამდე გადაიწია. ბრენდები სულ უფრო მეტად ეძებენ მისიაზე ორიენტირებულ, ჰოლისტიკურ დიზაინს, რათა შექმნან გამოცდილება, რომელიც რეზონანსდება აუდიტორიის ღირებულებებთან და ასახავს ყოველდღიურ ცხოვრებას.
ნაფიქრი დიზაინი არ არის მხოლოდ ესთეტიკა, ის ქმნის ემოციურ სიღრმეს და მეტ კავშირს ბრენდსა და ადამიანებს შორის. ეს ტენდენცია სცილდება მხოლოდ ვიზუალს და გავლენას მოახდენს შეფუთვის დიზაინზე, ბეჭდურ მედიასა და ციფრულ დიზაინზეც.