ავსტრალიაში სტატისტიკურად ყოველ წელს დაახლოებით 38,000 ადამიანი იკარგება და მათი უმრავლესობის პოვნა წლების განმავლობაში ან კიდევ საერთოდ ვერ ხერხდება. მედია საშუალებების ერთჯერადი დახმარება უმეტესწილად შედეგის მომცემი არ არის ხოლმე, პირველი მღელვარების ჩავლის შემდეგ, ყველას ავიწყდება, რომ კიდევ ვიღაც დაიკარგა. ყველას, ოჯახის გარდა, რომელიც ამ დროს საშინლად უსუსური და ფაქტობრივად, უმოქმედოა. ორგანიზაცია Missing Persons Advocacy Network-მა გადაწყვიტა, ამ რთულ საკითხში მთელი ძალებით ჩართულიყო და ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ხელმისაწვდომი და აქტუალური გამხდარიყო.
ამისთვის ორგანიზაციამ დახმარება ხელოვან HEESCO-ს სთხოვა, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევრებით, განსაკუთრებით კი გრაფიტის კუთხით. მისი დახმარებით, დაკარგული ადამიანების ფოტოები და ისტორიები ქუჩების განუყოფელი ნაწილი გახდა. გარდა იმისა, რომ მათ საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, მედიის დიდი ყურადღებაც მიიქცია და სოციალური ქსელებშიც მრავლად გამოჩნდა ნამუშევრების ამსახველი ფოტოები. ამგვარად, ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია ყველგან იქნება და ვინ იცის, იქნებ, ლამაზი ნახატების წყალობით, ოჯახთან დაბრუნებაც მოახერხონ.