in

მოიმარჯვეთ პულვერიზატორები! თბილისში გრაფიტის სკოლა იხსნება

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, როცა ადამიანმა ხელოვნების შეცნობა ნელ-ნელა დაიწყო, ქვაზე ამოკაწრული სიმბოლოები და ნახატები იქმნებოდა. ცოტა უფრო მოგვიანებით კი კედლებზე ნახატებიც გაჩნდა. დღესაც შემორჩენილია ძველი რომისა და საბერძნეთის გრაფიტები. თვითონ ეს ტერმინიც იტალიური ენიდან მოდის და ქართულად „ნახშირით შესრულებულ წერას” ნიშნავს.

თბილისშიც ბევრი გრაფიტია. ყველა მათგანს თავისი ფუნქცია აქვს: ზოგს პოლიტიკური გზავნილი აქვს, ზოგი სოციალურ თემებს ასახავს, ზოგი უბრალოდ იუმორისტულია, ზოგი კი აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუში. ერთი სიტყვით, მხატვარი ბევრია, თუმცა სკოლა, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, პირველი. 2 მარტს ღია კარის დღე იმართება და ოფიციალურად იხსნება გრაფიტის სკოლა საქართველოში, რომელიც ყველა მსურველს კედლის მხატვრობის თეორიულ-პრაქტიკულ კურსს შესთავაზებს.

დეტალებზე სასაუბროდ სკოლის დამფუძნებელსა და მასწავლებელს, არტისტ Chil one-ს გავესაუბრეთ:

M: საიდან წამოვიდა გრაფიტის სკოლის დაარსების იდეა?

მე და ჩემი მეგობრები დიდი ხანია ვმუშაობთ ამ სფეროს განვითარებაზე და ვიფიქრეთ, რომ ერთ-ერთი გზა სწორედ სკოლის გახსნაა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ორიგინალური იდეაა, რადგან საზღვარგარეთ არსებობს გრაფიტის სკოლები, თუმცა ქართულ რეალობაში თუ გადმოვიტანთ, სკოლის უნიკალურობა ის იქნება, რომ ქართულ ანბანზეა მორგებული, რომელიც ყველასგან განსხვავებულია.

M: ვის შეეძლება ამ სკოლაში სწავლა და რამდენი ხანი იქნება სწავლის ხანგრძლივობა?

13 წლიდან ზემოთ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება სწავლა. უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ასაკობრივი სხვაობა მაინც იჩენს ხოლმე თავს, ორ ჯგუფად გავყოფთ მოსწავლეებს: 13-დან 18-ამდე და 18 წლის ზემოთ. ხანგრძლივობა ერთთვიანი იქნება და ყველა მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, რაც სტილის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო.

M: სწავლება თეორიულ-პრაქტიკული იქნება. რას შეისწავლიან მოსწავლეები კურსის განმავლობაში?

თეორიასთან ერთად, რა თქმა უნდა, პრაქტიკას დიდი დრო დაეთმობა. ჯერ ვასწავლით ფურცელზე ხატვას, რომ ხელი შეეჩვიოს ხატვას, ფორმის მიცემას, შემდეგ კი უკვე კედელზე დავიწყებთ პრაქტიკული ნახატების შესრულებას, სადაც მოსწავლეები ივარჯიშებენ, როგორ გააკეთონ გრაფიტი პულვერიზატორით.

M: ღია კარის დღეზეც მოგვიყევით, რომელიც 2 მარტს იმართება: რა იგეგმება ამ ღონისძიებაზე?

ღია კარის დღეზე კურსის ზოგადი მიმოხილვა იქნება. ვისაუბრებთ, თუ რა არის გრაფიტი, როგორი იქნება კურსზე სწავლება და ა.შ. ასევე, გვექნება პატარა პრაქტიკული სამუშაო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ადგილზევე შეძლებენ თავიანთი პატარა ნამუშევრის შექმნას.

M: რა ძირითადი წესებია გრაფიტის შექმნის დროს, რომელიც ყველა მხატვარმა უნდა გაითვალისწინოს?

გრაფიტს ზოგადად ძალიან ძლიერი ენერგია აქვს, რადგან მთლიანად ქალაქის იერსახის, აურის შეცვლა შეუძლია. რა თქმა უნდა, არის გარკვეული წესები, რომლებიც უფრო გიმარტივებს საქმეს, მაგრამ გრაფიტის მთავარი ნიშა ისაა, რომ თავისუფალი ხარ, შეგიძლია, საერთოდ არანაირი წესები არ დაიცვა და შენი სტილი შექმნა. 

ყველაზე მთავარი, რასაც ამ სკოლაში ისწავლიან, სწორედ ამ სტილამდე მისვლა იქნება. ვეცდებით, რომ ის კულტურული გამოცდილება, რაც გრაფიტმა საუკუნეების მანძილზე დააგროვა, ჩვენს კურსდამთავრებულებს გავუზიაროთ.

M: როგორ ფიქრობთ, შეუწყობს თუ არა ხელს ამ სკოლის გახსნა კედლის მხატვრობის კულტურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში?

დიდი იმედი მაქვს, რომ კი. ამ კუთხით პროგრესს უკვე ვხედავ. მაგალითად, შარშან Open Air-ზე ჩავატარეთ გრაფიტის battle, რომელშიც ძალიან ბევრმა ენთუზიასტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ამ თაობის განვითარება მთავარი საქმე იქნება გრაფიტის კულტურის ჩამოყალიბებაშიც. მიხარია, რომ ინტერესი და გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს ამ მიმართულებით, ხოლო დანარჩენს უკვე სკოლასთან ერთად გავაკეთებთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Cadbury მომხმარებლებს კვერცხის დამალვას სთავაზობს

SHELL – დიდი კომპანიების შვილობილი და თავად გიგანტი