in

ახალი მეთოდი, რომლის დახმარებითაც პროთეზის ფიქრით მართვას შეძლებენ

veon
veon

დახვეწილი დიზაინის მქონე პროთეზის შექმნა ერთი საქმეა, თუმცა ის, რომ მან მფლობელის საჭიროებებს სრულად უპასუხოს – რთულადმისაღწევი შედეგი. ადამიანის კუნთების მოძრაობას ის ნევრული იმპულსები განაპირობებენ, რომლებიც ტვინიდან მოდის და დღემდე პრობლემაა, შედგეს ეფექტური კომუნიკაცია ადამიანის ტვინსა და პროთეზს შორის.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომლის დახმარებითაც ადამიანს პროთეზის ფიქრით მართვა, დახვეწილად შეუძლია. კერძოდ, ერთგვარი მინიკუნთების შექმნით, მათში ელექტროდების იმპლანტირებითა და მათი კიდურის დარჩენილ ნაწილში არსებულ ნერვებთან დაკავშირებით, მეცნიერებმა შექმნეს ახალი სისტემა, რომელიც ნერვულ სიგნალს მოქმედებად გარდაქმნის.

ტექნოლოგიამ უკვე გაიარა პირველადი ტესტირება. ექსპერიმენტში ამპუტირებული კიდურის მქონე ადამიანი იყო ჩართული და მისი ფიქრი, რომელიც ნერვულ სიგნალად იქცა, ხელოვნური კუნთების გავლით, მოქმედებად გადაითარგმნა. შესაბამისად, მონაწილემ შეძლო სხვადასხვა მოქმედების შესრულება. მათ შორის, კუბიკების ერთი ყუთიდან მეორეში გადაყრა.

არსებული პროთეზების დიდი ნაწილი ნერვულ ინფორმაციას კანის ზედაპირიდან იწერს – კიდურის იმ ნაწილიდან, რომელიც ბიოლოგიურად ფუნქციურია. თუმცა რთულია პროთეზის თითების ზუსტი მოძრაობის მიღწევა, რადგან ასეთი სიგნალი სუსტია, მით უფრო მაშინ, როცა პროთეზთან დაკავშირებული ნაწილი შუპდება, ოფლიანობს ან მოძრაობს. ამ პრობლემის გადასაჭრელად შექმნეს მეცნიერებმა მინიკუნთების სისტემა, რომელიც ნერვულ იმპულსებს იღებს და მოძრაობად ინტერპრეტირებს.

როდესაც ადამიანი კარგავს სხეულის ნაწილს, დავუშვათ, კიდურს, გამწყდარი/გადაკვეთილი ნერვული ღეროები ერთგვარ ნერვულ ბურთად გარდაიქმნებიან, რომელსაც ნევრომას უწოდებენ. ნევრომას აქვს ძლიერი ტკივილები, რომელიც მასზე მცირე შეხებითაც კი წარმოიქმნება. ამპუტირებული კიდურის ეს ნაწილი, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის, ერთ-ერთი საკვანძო ადგილი აღმოჩნდა. სწორედ ესაა ის ადგილი, რომლიდანაც მინიკუნთები, ელექტროდების დახმარებით, ნერვულ სიგნალებს იღებენ.

Star Wars-ის პერსონაჟის – Luke Skywalker-ის შთაგონებით, მეცნიერებმა პროთეზს ‘Luke’s hand’ უწოდეს. თვითონ პროთეზი ხელოვნური ჩონჩხისა და მინიკუნთებისგან შემდგარი მოწყობილობაა, რომელიც ელექტროდებს იყენებს და რომელიც ხელმძღვანელობს კომპიუტერული ალგორითმის ინტერპრეტაციებით. ალგორითმმა ისწავლა ელექტრული სიგნალის მოქმედებად თარგმნა. მისი დახმარებით, თუ პროთეზის მქონე ადამიანი ცერა თითის გამოძრავებას ფიქრობს, პროთეზი შეასრულებს ზუსტად ამ მოქმედებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ საწყის და საცდელ ფაზაშია. მეცნიერები პროთეზის მოდელის დახვეწაზე ჯერ კიდევ ზრუნავენ. თუმცა, მისი კონცეფცია და შედეგი, რომელიც მან პირველივე ცდაზე აჩვენა, იმედისმომცემია, რომ შეიძლება ეს მეთოდი პრაქტიკულ გამოყენებაში მალე ვნახოთ.

მადლობა სუპერგმირებს – “გუდვილის” კამპანია

5 რჩევა – როგორ დავძლიოთ კრიზისი და დავიცვათ ბიზნესი კორონავირუსის პერიოდში