გრემის ნომინანტთა სიას თუ გადახედავთ, The Beatles-ის Now and Then-საც გადააწყდებით, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ბრალია… აღსანიშნავია, რომ ეს 1997 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ბიტლზი გრემის ნომინანტთა სიაში დასახელდა. თანაც ორ ჯილდოზე არიან წარდგენილნი, რომელთაგანაც ერთი Record of the Year გახლავთ, სადაც ბიონსე, კენდრიკ ლამარი, ბილი აილიში და სხვებიც გვხვდებიან, ხოლო მეორეში, ანუ Best Rock Performance-ის კატეგორიაში თავიანთი გამორჩეული ხმების გამო იკავებენ ადგილს.
ახლა მოგიყვებით, როგორ მოხდა ეს — ამბავი დემო ვერსიით იწყება, რომელიც 1970-იან წლებში ჯონ ლენონმა ჩაწერა და პოლ მაკარტნის, რინგო სტარსა და ჯორჯ ჰარისონს The Beatles Anthology-ში შესატანად გადასცა, რომელიც, თავის მხრივ, 1995 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს Free as a Bird-ისა და Real Love-ის სიმღერები შემოგვთავაზეს, ტექნოლოგია არ იყო საკმარისად განვითარებული იმისათვის, რომ ლენონის ვოკალი და პიანო ერთმანეთისგან, ჩანაწერის ხარისხის დათმობის გარეშე, განეცალკევებინა…
თუმცა გასულ წელს მაკარტნიმ და სტარმა ამ მიზნით თანამედროვე მანქანური სწავლების ტექნოლოგია გამოიყენეს. შედეგად, ჩანაწერის ცუდი ხმის ხარისხი გაწმინდეს და 2023 წლის ნოემბერში Now and Then გამოუშვეს — ბასზე მაკარტნი გვხვდება, დრამზე სტარსი, ვოკალს ლენონი გვთავაზობს და გიტარას ჰარისონის სტილში ვისმენთ:
ამ ამბის შესახებ პატარა დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, რომელსაც აქვე შეგიძლიათ, უყუროთ:
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ეს სიმღერა The Beatles-ის უკანასკნელ ნამუშევარს წარმოადგენს. ჩვენ კი მოგვიწევს, თებერვლამდე დაველოდოთ და ვნახოთ, მოაგებინებს თუ არა AI მათ კიდევ ერთ გრემს…