in

რისი არ უნდა ეშინოდეთ მარკეტერებს?!

მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფერო ერთ-ერთი იმათგანია, სადაც სიახლეები ყოველდღიურობის ნაწილია, აქ მუდმივ რეჟიმში ახლდება მიდგომები და ტექნიკები. თუ 10 წლის წინ, მთავარი იყო ის, რამდენად გავლენიანი სანაცნობო წრე გყავდა, დღეს ორიგინალური იდეები და პრობლემების ახლებური გადაწყვეტის გზების მოძიებაა უფრო მნიშვნელოვანი.

იმის გამო, რომ ამ სფეროს განვითარება, საქართველოში, სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ზოგიერთ მმართველს დღემდე უჭირს მარკეტინგის მენეჯერის ფუნქციების ზუსტი განსაზღვრა.

სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად, მარკეტინგის მენეჯერები უამრავ მითს აწყდებიან, რომელთა დამსხვრევაც ხანდახან არც ისე მარტივი პროცესია. ამ მითებზე ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე საუბრობს.

გვიამბეთ იმ მითების შესახებ, რომლებიც მარკეტინგის სფეროში ყველაზე მეტადაა გავრცელებული . . .

ნინი ნიქაბაძე: მითი #1„სარეკლამო სააგენტოს თუ ავიყვან, მე რაღა ვაკეთო?“ – ეს არის ყველაზე მცდარი და ამავდროულად, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითი, რომლისაც მარკეტინგის მენეჯერებს ხშირად სჯერათ ხოლმე.

შედეგად კი ხდება ისე, რომ ერთი ადამიანია ვალდებული მარკეტინგული წლიური გეგმის დასახვაზე; კონტენტ მენეჯმენტზე, დიზაინზე, სოც.მედიის მართვაზე, ციფრულ მარკეტინგზე, ვებგვერდის მართვასა და სხვა უამრავ, მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალზე, რაც მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო გიმაგრებს ზურგს, ყველაფერი თავის ადგილას დგება, პროცესი გაცილებით უფრო მარტივად მართვადი და წარმატებული ხდება. შესაბამისად, მე მეძლევა იმის ფუფუნება, რომ დავგეგმო წლის ან კვარტალური გეგმა და ვიფიქრო ახალ იდეებსა თუ მიმართულებებზე, მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, სააგენტო „კლიპარტი“ კი მედია გავრცელებაზე, კონტენტ მენეჯმენტსა და სოციალური მედიის მართვაზე ზრუნავს. გარდა ამისა, სააგენტო მაწვდის სიახლეებს ამ სფეროში, მაძლევს საჭირო, სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ნებისმიერი მარკეტინგის მენეჯერს სჭირდება.

მითი #2

„გაყიდვები როდის გაგვეზრდება?“ – არასწორი მოლოდინი, რომელიც მარკეტინგის სფეროში ნაკლებად გათვითცნობიერებულ მმართველს შეიძლება გაუჩნდეს, მარკეტინგის ახლადაყვანილი მენეჯერის მიმართ. პოზიციაზე გუშინ დამტკიცებული მარკეტერისგან მოელიან, რომ დღეს უკვე გაყიდვებს გაზრდის. თითქოს, მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც ერთი შეხედვით, სახალისო და მიმზიდველი სანახავია, უამრავი ადამიანის კოლოსალურ შრომას არ მოითხოვდეს.

მაგალითად, ხშირად გამიგია ადამიანებისგან: მოდი, ერთი ვიდეორგოლი გადავიღოთ, რა უნდა!; ისეთი სოციალური მედიის კამპანია დავგეგმოთ, რომ სწრაფად გავირუსდეს; ან, თუნდაც: უცბად რამე ლოგო გამიკეთე, რა! – ამ მარტივ, მსუბუქ დამოკიდებულებებს თუ გადავხედავთ, შეიძლება, გვეგონოს, რომ მარკეტინგის მენეჯერი კომპანიაში ჯადოქრის თანამდებობას იკავებს. თითქოს მხოლოდ მისი ჯოხის აქნევაა საკმარისი იმისათვის, რომ გაყიდვები გაიზარდოს. არადა, თითოეული ვიდეორგოლის, თითოეული ვირუსული კამპანიის, თითოეული კარგი ლოგოს უკან უამრავი ადამიანის მიერ გათენებული უამრავი ღამე დგას, რაც, ცხადია, გარედან მაყურებელი თვალისათვის ხშირად მიუწვდომელი რჩება.

მითი #3 

ხარისხი თუ რაოდენობა? – მესამე და, ჩემი აზრით, საკმაოდ საშიში მითი, რომელიც მარკეტინგის მენეჯერებს „გვტკივა“ არის ის, რომ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე გასაუბრებაზე ერთი მოხალისე მაინც, რომელიც იტყვის, რომ მარკეტინგული გეგმის გაკეთება და მისი აღსრულებაც შეუძლია, კონტენტსაც თავად შექმნის, დიზაინსაც თვითონ მიხედავს, მედიასაც თავად დაეკონტაქტება და თავისუფალ დროს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციასაც კი მოახდენს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუნდაც, მართლაც მოხდეს სასწაული და ის მართალი აღმოჩნდეს, ძალიან საეჭვოა, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყოს.

ჩემი აზრით, ყოველმა ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა სფეროში მოღვაწეობს, ხარისხზე მეტი კონცენტრირება უნდა მოახდინოს. ხარისხი ნამდვილად ყოველთვის ფასდება.

მით უმეტეს, ტექნიკის სფეროში, სადაც თითოეული მომწოდებელი კომპანიის მარკეტინგის მთელი დეპარტამენტის სპეციფიკა უნდა გაითავისო და თითოეულ ბრენდთან კომუნიკაცია ცალ-ცალკე დაგეგმო, ასეთი რამ მართლაც წარმოუდგენელია.

2020 წელს განვითარებული მოვლენები მარკეტინგის სფეროში უამრავი ცვლილების გამომწვევი ფაქტორი გახდა. ეს ეხება არამხოლოდ ბიუჯეტს, არამედ მიდგომებსა და პრიორიტეტებსაც. თქვენთან რა შეიცვალა ამ მხრივ?

ჩვენ ვთვლით, რომ მარკეტინგი არის ქიმია მომხმარებელსა და კომპანიას შორის. სწორედ მომხმარებელთან მუდმივმა ურთიერთობამ მოგვცა „გრანდ ელექტრონიქსში“ საშუალება, პანდემიას გავმკლავებოდით. მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია, შეეტყო როგორც ბიუჯეტს, ისე – პრიორიტეტებსაც. მაგალითად, წელს ისე, როგორც არასდროს, გაიზარდა ციფრული მარკეტინგის ხარჯები. ვინაიდან შესაძლებლობები აქ დავინახეთ, რესურსებიც სწორედ აქეთ მივმართეთ და, რა თქმა უნდა, სწორადაც მოვიქეცით. თუ წინა წლებში უფრო გარე აქტივობებს ვანიჭებდით უპირატესობას, 2020-ში სრული მობილიზება ციფრულ მარკეტინგში გვქონდა. თუმცა ამის პარალელურად მაინც გავხსენით კიდევ ერთი დიდი მაღაზია საბურთალოს „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრში.

რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს და ამ სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებს?

ჩემი რჩევაცა და რეკომენდაციაც იქნება ის, რომ არანაირ სიტუაციაში არ უნდა დავიბნეთ, არ უნდა გვეგონოს, რომ კონკრეტული გამოწვევა სამყაროს აღსასრულის ტოლფასია და გამოსავალი გზის ძიება შედეგს არ მოიტანს, რადგან ჩვენს სფეროში ხისტი ცვლილებები, მოულოდნელი სიურპრიზები თუ ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვა ძალიან ბუნებრივი მოვლენებია და მათი კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ სპორტული ინტერესით უნდა ვაკვირდებოდეთ და ვერთვებოდეთ მიმდინარეობაში, რადგან მარკეტერს სწორედ ასეთი გამოწვევები აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი საქმეში გამოავლინოს.

ჩვენ ხომ არამხოლოდ ტრენდებისთვის მიყოლა გვევალება, არამედ ხშირად თავადაც უნდა გავხდეთ ტრენდსეტერები. დღევანდელი საინფორმაციო პლატფორმები კი ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს.

 

[R]

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის – ის, რაც Covid-19-თან ბრძოლისას, ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

აარჩიე, აჩუქე და გაახარე მთელი გულით