ბოლო ოფიციალური განცხადებიდან 18 თვის შემდეგ, Rockstar-მა Grand Theft Auto 6-ის 26-წუთიანი გეიმფლეი გამოაქვეყნა. ვიდეომ, რომლის პრემიერაც YouTube-ზე განთავსებამდე 6 საათით ადრე Netflix-ზე შედგა, მოთამაშეებს თამაშის დეტალურად ნახვის პირველი შესაძლებლობა მისცა. ვიდეოში
ნაჩვენები იყო გაუმჯობესებული გრაფიკა, დეტალური გარემო, ავტომობილებით დევნისა და სროლის სცენები.
ვიდეოს დიდი ნაწილი თამაშის მთავარ გმირებს, ჯეისონ დიუვალსა და ლუსია კამინოს ეთმობა, რომლებიც GTA 6-ის ერთგვარ „ბონი და კლაიდის“ ისტორიას ქმნიან. როგორც IGN-თან საუბრისას დეველოპერები აღნიშნავენ, მოთამაშის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა (სურვილის შემთხვევაში, მოთამაშეს ამ კავშირის განვითარებაზე უარის თქმაც შეუძლია). გეიმფლეიში კარგად ჩანს გმირებს შორის მართვის გადართვის სისტემაც, რომელიც GTA 5-ის მექანიკის მსგავსია. ერთ-ერთ სცენაში ჯეისონი ლუსიას ფანჯრიდან უშვებს, რათა ნარკოტიკების რეიდისგან თავი დააღწიონ.
GTA 6-ის გრაფიკამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. პერსონაჟების ფოტორეალისტურმა სახეებმა, ბუნებრივმა მოძრაობებმა და დეტალურად დამუშავებულმა ლოკაციებმა (ბინების ინტერიერები, ღამის კლუბები, სახურავზე განთავსებული ბარები) ფანებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოქმედება ფლორიდით შთაგონებულ გამოგონილ შტატში, ლეონიდაში ვითარდება. თამაშში ხაზგასმულია ფონური პერსონაჟების სხეულის ფორმებისა და ზომების მრავალფეროვნებაც, რაც ვიდეოთამაშებში იშვიათობაა.
მიუხედავად ვიზუალური და მასშტაბური სიახლეებისა, ის კვლავ ტრადიციული Grand Theft Auto-ა. ვიდეოში ჩანს შეიარაღებული ძარცვები, კრიმინალური სამყარო და დევნის სცენები, რაც სერიის სავიზიტო ბარათია. თამაშში შენარჩუნებულია ამერიკული კულტურის სატირა, შავი იუმორი და მრავალფეროვანი გვერდითი მისიები. გარდა ამისა, როგორც ჩანს, Rockstar-მა გადმოიტანა Red Dead Redemption 2-ის გამოცდილებაც და თამაშში დაამატა „ღირსების“ სისტემა, რომელიც მოთამაშის რეპუტაციაზე ახდენს გავლენას.












