Rockstar Games-მა საბოლოოდ წარადგინა განახლებული Grand Theft Auto ტრილოგიის თრეილერი, მათ შორისაა GTA III, Vice City და San Andreas. მასში ნაჩვენებია თითოეული თამაშის გრაფიკული და მრავალი სხვა გაუმჯობესება.
ტრილოგიის ციფრული ვერსია 11 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მათი თამაში კი Nintendo Switch-ზე, PlayStation 4 და 5-ზე, Xbox One-ზე, ახალი Series X/S კონსოლებსა და PC-ზე Rockstar Games Launcher-ზე შეგეძლებათ. 2022 წლის პირველ ნახევარში კი ანდროიდ და iOS ვერსიებიც ამოქმედდება.
თითოეული ეს თამაში Grove Street Games-ის მიერ არის განახლებული – ფაქტია, მან დიდი შრომა ჩადო საქმეში, რათა თამაშები მეტად დახვეწილი და მოსახერხებელი გამხდარიყო. როგორც Rockstar ამბობს, მან Unreal Engine და სრულად გადაკეთებული განათების სისტემა გამოიყენა და მთლიანობაში, გრაფიკულმა განახლებამ თამაშის თითქმის ყველა ნაწილზე იქონია გავლენა. მაგალითად, საუბარია გაუმჯობესებულ ჩრდილებზე, ამინდზე, ანარეკლებზე, პერსონაჟებსა და ავტომობილის მოდელებზე.
გარდა ამისა, თამაშებში წარმოდგენილია მაღალი გარჩევადობის ტექსტურები შენობებში, იარაღში, გზებზე, ინტერიერში და სხვ. ინტერფეისის თვალსაზრისით, თითოეული თამაში განახლებულ იარაღს და რადიო სადგურებს გვთავაზობს. ასევე, ახალ მინი რუკებს, რომლებიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, საგზაო წერტილები და მიმართულებები მონიშნონ.
გარდა ამისა, არსებობს პლატფორმის სპეციფიკური დამატებები – მათ შორისაა გიროსკოპული დამიზნება Nintendo Switch-ზე, Nvidia DLSS ტექნოლოგია კომპიუტერულ ვერსიაზე, რომელიც გრაფიკის უფრო ფართო დიაპაზონზე მუშაობის საშუალებას აძლევს მოწყობილობას – თანაც, გამოსახულების ხარისხის შესამჩნევი დაქვეითების გარეშე.
თამაშების ციფრული ვერსიის ღირებულება 59.99 დოლარს მიაღწევს, თუმცა ფასი ნამდვილად შეესაბამება განახლებებს… ამასთან, თუ Game Pass ან PlayStation Now-ის აბონენტი ხართ, კოლექციის ზოგიერთი თამაშის ცდა დამატებითი საფასურის გარეშე შეგეძლებათ.